"რუსთავი 2"-ზე "ჯეოსტარის" დახურვას სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. არხი ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს წლების განმავლობაში ამ ტელევიზიის ერთ-ერთმა სახემ დუტა სხირტლაძემ და მარინა ბერიძემ, რომელსაც თან თავისი მუსიკალური გუნდიც გაჰყვა. ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. დუტა და მარინა ტელეკომპანია "იმედზე" გადაბარგდნენ. დუტა მუსიკალურ პროექტ "ახალ ხმას" წაიყვანს, ქალბატონ მარინას კი, ჩვენი ინფორმაციით, ცალკე მუსიკალური პროდაქშენი ექნება და "ანა-ბანას" და "ჯეოსტარს" უხელმძღვანელებს. თუმცა ჯერ უცნობია, როდის დაუბრუნდება ეთერს "ჯეოსტარი".
"რუსთავი 2"-ზე ახალი გადაცემებისთვის მზადება გრძელდება. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მუსიკალური შოუს რეკლამები გადის. "საქართველოს ვარსკვლავი" - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც არხზე, სავარაუდოდ ოქტომბრიდან დაიწყება.
"რუსთავი 2" ამ პროექტზე და ზოგადად მათგან "წასულებზე" ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ახალი მუსიკალური შოუს ჟიურის თავმჯდომარე ნიკოლოზ რაჭველი (მემანიშვილი) იქნება.
გასულ კვირას "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ჯეოსტარის" ერთ-ერთმა გამარჯვებულმა გიორგი სუხიტაშვილმა საკმაოდ ვრცელი ჩანაწერი გამოაქვეყნა. წერილი ჩვენთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ, მცირე შემოკლებით გაგაცნოთ.
"ჩემი სუბიექტური აზრით... "ჯეოსტარის" ორი სეზონი ტელეკომპანია "მზეზე" გავიდა, ეს იყო გამონათება ქართულ ტელესივრცეში, მანამდე იყო და არის რამდენიმე მუსიკალური პროექტი, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ის, რაც ამ პროექტმა შეძლო. ეს იყო პროექტი, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, ცივი (მაგრამ სასიამოვნო) შხაპივით გადაევლო მაშინდელ მიძინებულ ახალგაზრდა მომღერლებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება საკუთარი ნიჭი მიეტანათ ქართველ მაყურებლამდე.
მე მინდა გითხრათ, რომ ეს შესანიშნავი და საჭირო პროექტი, სამწუხაროდ, აღარ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა ვერ აიტანა მისი არსებობა. პროექტი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი მსმენელის მუსიკალური ინტელექტის ამაღლებაში, დღეს უკვე ისტორიად ითვლება. სამწუხაროდ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ მარტივია, სცენაზე გამოიყვანო დამწყები მომღერალი და ფეხზე დააყენო. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება მუსიკალური პროექტები და ეცდებიან "ჯეოსტარის" შეცვლას, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ დაიკავებს მის ადგილს და ვერ მიაღწევს იმ სიმაღლეს, რასაც მან მიაღწია, ეს იყო გამოცდილების, ხარისხის, გუნდურობისა და პროფესიონალიზმის ზეიმი, იქ მოხვედრა უდიდესი წარმატება და დიდი სკოლა იყო. არსებობს განსხვავებული აზრები, არიან ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ ამ ყველაფერზე, მაგრამ პასუხი მარტივია, შეხედონ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროექტიდან გამოჩნდნენ და მიხვდებიან, რომ საქმით გაეცა მათ კითხვებსა და მოსაზრებებს პასუხი.
დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს დაწყვეტს გულს ჩემი ეს ნაწერი... იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არის ადამიანთა კატეგორია, ვისაც გულს გაუხარებს ეს ამბავი... ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა ჭეშმარიტება მეტად კაშკაშებს, "ჯეოსტარი" ხალხისაა, ხალხის ნებას კი ვერაფერი ვერ შეაჩერებს...
პატივისცემით გიორგი სუხიტაშვილი (სუხიტა), "ჯეოსტარი 2008"-ის გამარჯვებული"...
გიორგის გამოქვეყნებულ ამ ჩანაწერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ პირველ რიგში მას შევხვდით და შემდეგ სხვა "ჯეოსტარელების" აზრითაც დავინტერესდით.
გიორგი სუხიტაშვილი:
- ვეცადე, ამ ჩანაწერში სახელები და გვარები არ მეხსენებინა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა ვიღაც-ვიღაცების დასახელება, ვისი მეოხებითაც ეს პროექტი აღარ იქნება "რუსთავი 2"-ზე, მაგრმ მაინც ვეცადე, თავი შემეკავებინა და მხოლოდ ჩემი გულისტკივილი გამომეხატა, რაც იმ დროს ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ "ჯეოსტარი" დაიხურა. მე იმ გუნდის წევრი ვარ, რომელიც აღარ არის "რუსთავი 2"-ზე, მუსიკალურ რედაქციას ვგულისხმობ. მთელი რედაქცია წამოვიდა იქიდან. ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ პროფესიონალები არიან და როგორ შეიძლება გუნდურად მუშაობა და საქმის კეთება. მათ შორის ვინმეს ეფიქრა, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო იქიდან წამოსვლა, დამიჯერეთ, ასე მალე არ წამოვიდოდნენ. ყველა იმდენად შეურაცხყოფილი იყო რაღაც-რაღაცების გამო, რომ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს. სამსახურიდან უპერსპექტივოდ რომ წამოხვიდე, რთულ, ემოციურ მდგომარეობაში უნდა ჩავარდე. მე ჩემი საქმით, მეგობრობით, ამ გუნდის წევრად მივიჩნევ თავს და ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები.
- გიორგი, კომენტარებში, რომელიც "ფეისბუქზე" შენს ჩანაწერს მოჰყვა, აღნიშნე, რომ "რუსთავი 2"-ში აღარ მიხვალ...
- ასეთი განწყობა მაქვს... მე არ შევუქმნივარ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, როგორც ვარსკვლავი, ვარსკვლავად შემქმნა ამ პროექტმა და მუსიკალურმა რედაქციამ. მოდით, ასე ვთქვათ, ჩვენ შემთხვევაში ხელმა ხელი დაბანა, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ სხვა შემთხვევებს არ შევეხები, მაგრამ ჩემთვის "რუსთავი 2-ს" ერთი მიზერული საჩუქარიც კი... არ ვარ ანგარებიანი ადამიანი და უმადურობაში არ ჩამომართვათ, ეს ემოციურ მდგომარეობაში არ დამიწერია.
- საჩუქართან დაკავშირებით საუბრობდი...
- მიმაჩნია, რომ "რუსთავი 2"-ისგან დავალებული არ ვარ. რაც მან ჩემთვის გასცა, მეც არანაკლები გავეცი მისთვის. საეთერო დროს ვერავინ დამაყვედრის. ვერავინ მეტყვის, რომ მე იმ ტელეკომპანიის ერთგული არ ვიყავი. ვცდილობდი, კონკურენტ შოუებში არ მიმეღო მონაწილეობა და ბევრ შემოთავაზებაზე ამის გამო ვთქვი უარი. მოცემულ შემთხვევაში მე პაიკი ვარ, ვისაც გული დასწყდა, მაგრამ ჟურნალისტი ხართ, გადახედეთ რამდენი შოუა "რუსთავი 2"-ზე და თითქმის ყველა გადაცემაში თვეში ორჯერ მაინც ჩვენი რედაქციის გამოზრდილი ადამიანები სტუმრობდნენ. არავის მოვუწოდებ, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, მიმაჩნია, რომ ვინც ჩვენ ადამიანებად გვაქცია და ვინც გვერდში დაგვიდგა, ჩვენც ანალოგიურად უნდა დავუდგეთ გვერდით. მეტი არაფერი შეგვიძლია.
- ეს არის სოლიდარობა მარინა ბერიძისა და მისი გუნდის მიმართ?
- მხოლოდ მარინა ბერიძის მიმართ არა. მარინას თაოსნობით, იქ არიან მანანა მორჩილაძე, ნინო ჩაჩავა, ლანა ქუთათელაძე.
- ეს ადამიანები დღეს ნაწყენები არიან...
- რა თქმა უნდა, ნაწყენები იქნებიან, როცა ამდენი წელია პროექტს ელოლიავები და აკეთებ. რა დამოკიდებულებაა, მერე რა, წავიდნენ, ჩვენ მაინც გავაკეთებთ შოუს... ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ მთავარი ხარისხია, ვინ რას გააკეთებს.
- გავრცელდა ვერსია, რომ ჟიურიში მარინა ბერიძე ხალხს აღიზიანებდა და იმიტომ გაუშვეს...
- ეგ საკამათო თემაა, ყველა ადამიანი ვიღაცას აღიზიანებს, მაგრამ აქ საუბარია პროფესიონალიზმზე. წინა წელს მარინა რომ არ იყო წინაშესარჩევ კასტინგზე, დიდი ამბავი მოჰყვა, მარინა დააბრუნეთო. ადამიანებს უნდათ შოუ და მოულოდნელობის მომენტი, რასაც ეს ქალბატონი სთავაზობდა.
- "რუსთავი 2"-ის ახალ პროექტში ჟიურის თავმჯდომარე ნიკოლოზ რაჭველი იქნება...
- ნიკა კარგი მუსიკოსია, წარმატებებს ვუსურვებ ყველა სფეროში, მაგრამ მე მაინც ჩემი პოზიცია მაქვს და მიმაჩნია, რომ ის, რაც მოხდა, დაუფასებლობაა... არ ვიცი, "ჯეოსტარი" იქნება თუ არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ "რუსთავი 2"-ზე ეს პროექტი აღარ იქნება.
ძველი "ჯეოსტარელი" ნინი წიკლაური კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მარინა ბერიძესთან ღონისძიებათა დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად მუშაობს. ის ჯერ კიდევ კონკურსის დროს გახდა მისი ფავორიტი.
ნინი წიკლაური:
- მე ის ერთ-ერთი იღბლიანი "ჯეოსტარელი" ვარ, ვისაც ამ პროექტმა ცხოვრების გზა გაუკვალა და კარგისკენ შეცვალა. დღეს რომ სამსახური მაქვს, ეს "ჯეოსტარის" დამსახურებაა. მარინას ვერ გავიცნობდი "ჯეოსტარის" გარეშე და ჩემი ცხოვრებაც ასე ვერ გაგრძელდებოდა. არაფერი არ ხდებოდა ჩემს კარიერაში ამ მუსიკალურ პროექტამდე. ბევრი მომღერალი ნატრობს იმას, რაც ჩვენ ამ პროექტმა გაგვიკეთა.
- როგორ გაიგე ახალი ამბავი?
- არხზე ახალი გადაცემის "პრომო" რომ გავიდა, ორი აზრი აღარ არსებობდა, რომ "ჯეოსტარი" დაიხურა. ახალ პროექტს "ჯეოსტარს" მიმსგავსებული ლოგო აქვს... მივხვდი, რომ მან ჩაანაცვლა "ჯეოსტარი". "რუსთავი 2"-ში მარინას გვერდით ისეთი გუნდი მუშაობდა, მეც იქ რომ მემუშავა, დაუფიქრებლად დავტოვებდი ტელევიზიას. არც გამიკვირდა, რომ ის ხალხი იქიდან წამოვიდა.
- ვის არ აწყობდა "ჯეოსტარი" "რუსთავი 2"-ზე?
- მაგაზე გიპასუხებდით, ისევ "რუსთავი 2"-ში რომ ვმუშაობდე. ვერავისზე დავდებ თავს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის სუსტი რგოლის სუსტი გადაწყვეტილება. ალბათ "ჯეოსტარს" ბევრი მტერი ჰყავდა. გამართლება მოუძებნეს, რომ პროექტმა თავისი დრო მოჭამა და ბევრი თაობა გაზარდა, მაგრამ მერწმუნეთ, საქართველოში უამრავი მომღერალია "ჯეოსტარის" მოლოდინში.
- "საქართველოს ვარსკვლავი" ჰქვია პროექტს, რომელიც "რუსთავი 2"-ზე გავა და რომლის ჟიურის თავმჯდომარეც იქნება ნიკოლოზ რაჭველი.
- "ფეისბუქზე" წავიკითხე ეგ ამბავი (იცინის). იმდენად "ჯეოსტარში" ვარ ჩარჩენილი, რომ წარმოდგენაც არ მაქვს, როგორი შეიძლება იყოს. ზუსტად ვიცი, რომ "ჯეოსტარზე" მეტად არ მომეწონება, მას ისეთი გუნდი და პედაგოგები აკეთებდნენ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, მანანა მორჩილაძე, ნინო ჩაჩავა, ლიკა სიჭინავა, მარინა ბერიძე თუ არ იქნებიან.
- ალბათ ესაუბრეთ მარინა ბერიძეს, ფაქტია, რომ ის ძალიან გულდაწყვეტილია.
- ამ პროექტს მან შეასხა ფრთები, ჩვენც მარინამ გამოგვჩეკა, ის ძლიერი გუნდიც მან შეკრიბა, შეუძლებელია, გული არ დასწყდეს.
- "ჯეოსტარელები" ხშირად სტუმრობდით სხვადასხვა პროექტს "რუსთავი 2"-ზე, ამის შემდეგ ხომ არ დაიბლოკებიან ამ პროექტის მონაწილეები "რუსთავი 2"-ზე?
- სამწუხაროდ, ახლა თბილისში არ ვარ და არავისთან მისაუბრია, რომ აზრი გამეგო. დაბლოკვა არ ვიცი, არ მგონია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, მე ვსაუბრობ მათი სახელით, ვისაც "ჯეოსტარის" დახურვა გულზე მოხვდა, ზუსტად ვიცით, რომ სადაც ჩვენი პედაგოგები იქნებიან, ჩვენც იქ ვიქნებით.
თიკა მახალდიანი:
- არ ველოდი, რომ "რუსთავი 2"-ზე "ჯეოსტარი" აღარ იქნებოდა. ყველა გავოგნდით, მაგრამ იმედი გვაქვს, ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება მარინა ბერიძის წასვლას, მე ყოველთვის მივესალმები მის გადაწყვეტილებებს, ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს, ალბათ ასე იყო საჭირო, რომ მარინა ბერიძე თავის გუნდთან ერთად წამოვიდა "რუსთავი 2"-დან.
ნოდიკო ტატიშვილი:
- ერთ თვეზე მეტია, რაც "ვერის უბნის მელოდიების" რეპეტიციები მაქვს და თბილისში არ ვარ. მოგეხსენებათ, მიუზიკლს ფრანგი რეჟისორი დგამს და ძალიან მაგარი გამოდის. დილას რომ შევდივართ რეპეტიციაზე, გვიან ღამემდე ვერ გამოვდივართ. არც ტელევიზორს ვუყურებ და მეგობრებსაც ვერ ვეკონტაქტები, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, მანდ რა ხდება. მე რომ დეტალურად ვიცოდე, რა მოხდა, ჩემს აზრს აუცილებლად დავაფიქსირებდი.
- მაშინ "ვერის უბნის მელოდიებში" რა ხდება, ის გაგვიმხილე...
- ყველანი დილიდან საღამომდე ვმუშაობთ და ვერ ვკონტაქტობთ პრესასთან, გვირჩევნია, ჯერ საქმე გავაკეთოთ და მერე შედეგი ყველამ ნახოს.
- და როდის ველოდოთ ამ საქმის შედეგს?
- პრემიერა 11 აგვისტოს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის თეატრში გაიმართება.