ის, რაც მოხდა კახეთში, მხოლოდ დასაწყისია

ის, რაც მოხდა კახეთში, მხოლოდ დასაწყისია

ეკოლოგიური სამართლის ცენტრის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს გაუდაბნოების პროცესი ელის. ამის ერთ-ერთი დასტურია კახეთში მომხდარი სტიქია, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, კახეთის სოფლების გარშემო საკოლმეურნეო ტყეების გაჩეხვამ გამოიწვია.

- ყოველწლიურად საქართველოში უკანონო ჭრები ხორციელდება და ამის შედეგად  2 მილიონი კუბური მეტრი ხე-ტყე ნადგურდება. დღეისთვის გრძელვადიანი იჯარით უკვე გაცემულია 200 ათასი ჰექტარი ტყის მასივი. სავარაუდოდ, საქართველოს ბიუჯეტის შემოსავალი აქედან 30 მილიონი ლარია, მაგრამ ამ 30 მილიონ ლარად მთლიანი ეკოსისტემის განადგურება ხდება, რადგან იჯარით გაცემულ ტერიტორიებზე კონტროლი არ ხორციელდება. მეიჯარე რას ახორციელებს, რას ჭრის და არის თუ არა ეს გეგმიური ჭრა, არავინ იცის. ფაქტობრივად, სატყეო სექტორი მიშვებულია. ეს სექტორი ამ ხელისუფლებამ საერთოდ დაანგრია. 1990 წელს სატყეო სექტორში 12 ათასი კაცი იყო დასაქმებული, მაშინ, როცა დღეს 700 კაცს არ აღემატება მათი რიცხვი. ამასთან, ყოველწლიური დაფინანსება მაშინ 23 მილიონი ლარით განისაზღვრებოდა, ახლა კი 7 მილიონ ლარზე ნაკლებია. ფაქტობრივად, საქართველოს გაუდაბნოების პროცესი ელის. ის, რაც კახეთში მოხდა, იმის შედეგია, რომ განადგურდა სოფლების გარშემო არსებული ტყეები, რასაც ადრე საკოლმეურნეო ტყეებს ეძახდნენ. განადგურდა ქარსაფარი ზოლები, რომლებიც იცავს სტიქიური უბედურებისგან ვენახებს, სავარგულებს. ეს რომ არ განადგურებულიყო, სტიქია ასეთი მასშტაბის არ იქნებოდა. რაც კახეთში მოხდა, არ შეიძლება, მარტო ტყის განადგურებას დავაბრალოთ, მაგრამ ერთ-ერთი წინაპირობა, გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ გარშემო ტყის მასივები განადგურებულია. მოგეხსენებათ, ტყეს დამცავი ფუნქცია აქვს, აკავებს წყალმოვარდნებს და წყალს იწოვს, რომ არაფერი ვთქვათ მის მიერ გამოყოფილ ჟანგბადსა და რეკრიაციულ ფუნქციაზე. ყველაფერი ეს ამათ გაანადგურეს. ადრე რიკოთზეც მოხდა წყალდიდობა, გაჭედილი ტყეების გამო წყალი მოვარდა, მანქანები მიწის ქვეშ მოიყოლა, ადამიანების მსხვერპლიც იყო. ასეთი ფაქტები მომავალშიც გახშირდება, რადგან ესენი ყველაფერს ანადგურებენ. მართალია, ამ 200 ათასი ტყის მასივიდან 30 მილიონი ლარს იღებენ, მაგრამ არ ფიქრობენ, რამდენი იხარჯება სტიქიის სალიკვიდაციოდ. ასი მილიონი დაიხარჯა ამ სტიქიისგან მიყენებული ზარალის გამო და ზიანი სრულად მაინც არ არის ანაზღაურებული.

გაეროს მონაცემებით, ერთ ჰექტარ ტყის მასივზე ამერიკის შეერთებული შტატები 7,5 დოლარს ხარჯავს, ხოლო მოგება 6 დოლარია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კი საშუალოდ იხარჯება 4,5 დოლარი და მოგება შეადგენს 1 დოლარს, საქართველოში კი ტყეებზე იხარჯება მხოლოდ 1 დოლარი და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მოგება შეადგენს 5,5 დოლარს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა შედარებაა. ამას გარდა, წინათ სატყეო ფართობებზე, ტყის ბუნებრივ განახლებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობდა ტყის დარგვა, რაც დღეს სრულიად შეწყვეტილია. 1990 წლის მონაცემებით, საქართველოში 57 რაიონული სატყეო მეურნეობა ფუნქციონირებდა. ყოველწლიურად 500 ჰექტარზე ირგვებოდა 600 ათასი ძირი ხე. დღეს კი დარგვა კი არა, პირიქით, ტყეები ნადგურდება. გარდა ამისა, არ ხდება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება და ტყის მავნებლებისგან დაცვა.

განსაკუთრებით რომელი რეგიონის ტყეები ნადგურდება?        

- ხეები თითქმის ყველგან იჭრება - კახეთში, სამეგრელოში, განსაკუთრებით, სავალალო მდგომარეობაა მარტვილის რაიონში, გურიაში, აჭარაში. ანუ, სადაც კი ტყეები არსებობს, ყველგან მასობრივი ჭრებია. ზოგან მოსახლეობა ჭრის, ზოგან მოიჯარეები, რომლებსაც ტყეები სამართავად გადაეცათ. თავად მოსახლეობა არ არის უზრუნველყოფილი გათბობის საშუალებით და, აქედან გამომდინარე, როცა მათ შესაბამის დოკუმენტაციას გადასცემენ, რომ შევიდნენ და მოჭრან, ეს ძალიან მცირე რაოდენობისაა და ვერ ხდება მოსახლეობის დაკმაყოფილება. რეინჯერების რიცხვიც ძალზე მცირეა.

რეინჯერობა სახიფათო პროფესიად იქცა, ახლახანსაც მოკლეს რეინჯერი.

- დიახ, რეინჯერებს იარაღიც არ გააჩნიათ. გარდა ამისა, მხოლოდ 700 კაცია დასაქმებული, ადრინდელი 12 ათასის ნაცვლად. ანაზღაურებაც 500 ლარი აქვს რეინჯერს. ამ დროს კი მინისტრს აქვს 8 ათასი. ეს პირდაპირ ხეთაგურისა და ხაჩიძის „დამსახურებაა“. ხაჩიძეს, რომელიც პოპულისტური განცხადებებით გამოდის და მიტინგებზე მივარდნითა და კლიპების დაწერით გვახსენებს თავს, ურჩევნია, დაცულ ტერიტორიებს მიხედოს.

ტყეები ორ ნაწილად გაიყო - დაცული ტერიტორიების ტყეები ახლა არის ხაჩიძის სამინისტროს შემადგენლობაში, ანუ გარემოს დაცვაში, ხოლო დანარჩენი ტყეები ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა. თუმცა უკონტროლო ჭრები ორივე მათგანში მიმდინარეობს. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მარიამ ჯვარის დაცულ ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის გამო, სამი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ადმინისტრაციული ჯარიმები შეეფარდათ ტყის მჭრელებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. უამრავი ზარები შემოგვდის ცენტრში, რომ სხვადასხვა რეგიონებში ჭრები გამუდმებით მიმდინარეობს.

წითელ წიგნში შეტანილი ხეებიც იჭრება?

- რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიებზე ძირითადად წითელ წიგნში შესული სახეობებია. ამ ჭრების შედეგად წიფლის ჯიშის ხეები სულ გაანადგურეს, ახლა მუხებზე გადავიდნენ. რიკოთზეც ისეთი ფაქტები ხდება... მაგალითად, თიანეთში ჩინელებს გადასცეს ტყის მასივები და პირწმინდად მიმდინარეობს ჭრა. კომუნისტების დროს საქართველოს ტყეებს მხოლოდ რეკრიაციული, გარემოს დაცვითი ფუნქცია ჰქონდა. ეკონომიკური დატვირთვა მას არ ჰქონია. საქართველოში ხის მასალა რუსეთიდან შემოდიოდა, ახლა კი ესენი ყველაფერს უკუღმა აკეთებენ.

გამოდის, ჩინელები საქართველოს ტყეებს ანადგურებენ?   

- ჩინელების კომპანიაა, თორემ, რეალურად, იქ ქართველები ჰყავთ დასაქმებული და ქართველები ჭრიან ტყეებს. მაგალითად, თერჯოლაში ჩინელებს აქვთ გადაცემული ტყე. იმავე სოფლის ქართველი ბიჭები შესულები იყვნენ ტყეში, კოცონი ჰქონდათ ანთებული, ქეიფობდნენ, ამ დროს ჩინელები მივიდნენ და ეგრევე დაატოვებინეს იქურობა, ეს ჩვენი საკუთრებააო. რეალურად, მათი ნებართვის გარეშე ტყეში შესვლის უფლება არავის აქვს. პატრული გამოიძახა ამ ჩინელმა და ქართველ ბიჭებს საკუთარ სოფელში დაატოვებინა ტყე. ეს ძალიან დიდ უბედურებას მოუტანს საქართველოს. ის, რაც მოხდა კახეთში, მხოლოდ დასაწყისია და მალე გაგრძელდება სხვადასხვა რეგიონებში. როდესაც ანადგურებ ტყის მასივებს, ეს იმით გვიბრუნდება, რომ შემდგომში წყალმოვარდნებს, ღვარცოფებს ვიღებთ.

მოჭრილი ხეები სად გააქვთ?

- ნაწილი თურქეთში გადის, ნაწილი, შეიძლება, აქაც იყიდება. თურქეთს გარდა, ჩვენი ხე-ტყე გადის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში. აქაც კონტროლი მიშვებულია, რამდენს ჭრიან, რამდენი ნადგურდება, არავინ აკონტროლებს. სახელმწიფო მეიჯარის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული და მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ენდობა. ამიტომაც ვიყავით 49 წლიანი იჯარის წინააღმდეგნი. არც 2 წლიან იჯარას ვეთანხმებოდით, მაგრამ 49 წლით ტყეს რომ გადასცემ, ფაქტობრივად, ეს ჩუქებაა და ტყის აღდგენა ვეღარ მოხდება. უნიკალური კურორტი ბახმარო სრულიად განადგურდა. ასევე, პრობლემაა დიდი ჰესების მშენებლობა. ამ დროს უნდა მოიჭრას ასეულობით ჰექტარი ტყის მასივი. ამდენად, ამ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე საქართველოს ტრაგედიით მოუბრუნდება. აქ სახელმწიფოს დანაშაულია, თორემ მოქალაქეს როცა არ აძლევ გათბობის საშუალებას, ცხადია, იგი იძულებულია, ტყე მოჭრას. მართალია, ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ სახელმწიფოს თვითონ აქვს აღებული პოლიტიკა სატყეო სექტორის დაშლასა და განადგურებაზე. ენერგეტიკაში სატყეო სექტორის გადასვლა დიდი შეცდომა იყო.