რუსთაველ ჩინოვნიკებს “ქართული ოცნების“ ახალგაზრდებმა გეგმები აურიეს

რუსთაველ ჩინოვნიკებს “ქართული ოცნების“ ახალგაზრდებმა გეგმები აურიეს

ძველი რუსთავის რეაბილიტაციის შედეგად, მერიის წინ მოედანი გაკეთდა. ეს ადგილი დღეს, რუსთაველების თავშეყრის ცენტრია. საღამოს ახალგაზრდები მოედანზე სეირნობენ და მათი, არც თუ მცირე ნაწილი, იქვე მდებარე კაფეებს სტუმრობს.

ამ კაფეების რიცხვს მალე ორი მსგავსი ტიპის დაწესებულება შეემატება. მათ ასაშენებლად მერიის წინ, რამდენიმე ნაძვი ღამის პირველ საათზე მოჭრეს. კაფეების მშენებლობა გამალებული ტემპით ღამითაც მიმდინარეობს. კეთდება რკინის ორი კონსტრუქცია.

მშენებლობაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში თითქმის 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, კომენტარს არ აკეთებს რუსთავის თვითმმართველობა. თუ აქამდე ახალი ჯიხურის დადგმაზეც რთული იყო მათი გაჩუმება და ყველგან ამ ,,წინსვლის“ დემონსტრირებას ახდენდნენ - ეს ტენდენცია ამ ობიექტებს არ ეხებათ.

ამ დუმილის მიზეზებს “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა იკვლევს.

მათი აზრით, საქმეში იკვეთება რიგი დეტალები, რასაც მაქინაციულ სქემებამდე მივყავართ.

პროფესიით არქიტექტორი, ვახტანგ ყაველაშვილი დღეს რუსთავის “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია. ამბობს, რომ კარგად იცის, მიწების სარფიანად ხელში ჩასაგდებად, როგორ იქმნება აუქციონებამდე რამდენიმე დღით ადრე შპს-ები. მათ ამოფარებული ჩინოვნიკები ყიდულობენ მიწებს და შემდეგ 10-ჯერ მეტ ფასად ყიდიან.

„არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ მერიის წინ მიწის და მშენებარე კაფეების საკითხს უკანონობამდე მივყავართ“ - ამბობს ყაველაშვილი.

საქმე იმაშია, რომ 10 ივლისს რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელმა, კახა გურგენიძემ 3 აგვისტოს დანიშნულ აუქციონზე გამოსცა ბრძანება. აუქციონის პირობებში იყო მითითებული, რომ აუქციონი ცხადდება „კოსტავას გამზირის მიმდებარე ტერიტორიათან“ არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე. მათი ფართობები შეადგენდა 201 კვ/მ და 211კვ/მ-ს.

გურგენიძეს, რომელსაც, წესით, იდეის დონეზე მაინც უნდა სურდეს, ამ მიწების სარფიანად გაყიდვა, რატომღაც „დაავიწყდა“ აუქციონის პირობებში მიეთითებინა კონკრეტულად სად მდებარეობს ეს მიწები.

„მიწის ყიდვით დაინტერესებული პირისთვის რთული მისახვედრია, სად შეიძლება იყოს ეს მიწები. როდესაც შენ ყიდი მიწას ქალაქის კომერციულად ყველაზე მიმზიდველ ადგილას, რატომ არ უთითებ ამას აუქციონის პირობებში? თუ გსურს, რომ რეალურად დაინტერესდნენ აუციონით და მაქსიმალურ ფასად გაყიდო, სულ ცოტა, ის მაინც უნდა თქვა, რომ ეს არის მერიის წინ მდებარე ტერიტორია.

ეს იგივეა, ახლა გამოვაცხადოთ, რომ ვყიდით „მერსედესს“ და არ ვთქვათ, რომ ეს არის 2012 წლის მოდელი, და მსგავსი მნიშვნელოვანი მახასიათებლები.

უკვე ის ფაქტიც, რომ მერიამ ტერიტორიის დაზუსტება არ მოახდინა აუქციონის პირობებში და ამით არამიმზიდველი გახადა ის, სერიოზულ ეჭვს აჩენს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი კითხვა, რომელიც ამ საქმეში ჩნდება“ - საუბრობს „ქართული ოცნების“ რუსთავის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღანელი.

იმ დროს, როდესაც გურგენიძე გასაყიდ მიწებს „კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიად“ ახასიათებს, საჯარო რეესტრში ამ მიწების საკადასტრი მონაცებით ჩანს, რომ რეესტრში მიწა დარეგისტრირებულია, როგორც კოსტავს №20–ის მიმდებარე ტერიტორია. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, გურგენიძეს შეეძლო არ ჩაერთო საკუთარი ფანტაზია და საჯარო რეესტრის დაკონკრეტებული მისამართი აუქციონის პირობებში პირდაპირ გადმოეტანა.

აღნიშნული მიწების საკითხში შპს „OLD RUATAVI” ფიგურირებს. თავდაპირველად, როდესაც 30 მაისს რუსთავის საკრებულო ახდენს ზემოთ ხსენებული 2 მიწის ნაკვეთის ქალაქის საკუთრებაში გადაცემას, რამდენიმე დღეში მოქალაქე თეიმურაზ ქოქიაშვილი შპს „OLD RUATAVI” არეგისტრირებს.

ახლადშექმნილი კომპანია რამდენიმე დღეში რუსთავის მერიის წინ მდებარე მიწის ნაკვეთებით ინტერესდება და მასზე „აღნაგობის უფლებას“ იძენს. შპს „OLD RUATAVI” იწყებს კაფეების მშენებლობას, მაგრამ გეგმებს მალევე ცვლის და ამბობს, რომ „აღნაგობის უფლების“ გაუქმება სურს.

„დიხ, ჩვენ ერთხელ ვთქვით უარი აღნაგობის უფლებაზე, მაგრამ ახლა ისევ ავიღეთ. თარიღი ზუსტად არ მახსოვს... მერიის წინ მდებარე მიწის 2 ნაკვეთი იჯარით ავიღე და კაფეებს ჩვენ ვაშენებთ“ - გვიხსნის, შპს „OLD RUATAVI”- ის ხელმძღვანელი, თეიმურაზ ქოქიაშვილი.

მიუხედავად ამ კომენტარისა, აღნიშნული მიწების იჯარით გაცემა საჯარო რეესტრის ოფიციალურ საიტზე არსად ჩანს. „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა კი ამბობს, რომ ქოქიაშვილი არასწორ ინფორმაციას ავცელებს. მათი თქმით, თუ მიწა იჯარით იყო გაცემული, ეს საკითხი აუქციონის პირობებში აუცილებლად ჩაიწერებოდა. მათი აზრით, ახლა ადგილობრივი ჩინოვნიკები სხვადასხვა გზებს ეძებენ მიწის ნაკვეთების საკუთარი გეგმის მიხედვით გასასხვისებლად.

საინტერესოა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნება“ ქალაქის კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილას მიწების გასხვისების საკითხით დაინტერესდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. რუსთავის თვითმმართველობამ 3 აგვისტოს დანიშნული აუქციონიდან ზემოთხსენებული მიწები საერთოდ ამოიღო.

„24 ივლისს ვიყავით რუსთავის ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამსახურის უფროსთან, დავით ფრუიძესთან. ვკითხეთ, მერიის წინ მდებარე ეს ორი მიწის ნაკვეთი აუქციონზე მასზე მშენებარე კაფეებით იყიდება თუ არა. ფრუიძემ გვიპასუხა, რა თქვენი საქმეაო.

ამის შემდეგ კი ვხედავ, რომ 26 ივლისს აუქციონიდან ეს მიწები საერთოდ მოხსნილია.

ჩვენ მივადევნებთ თვალყურს ამ საკითხს და არ დავუშვბებთ, რომ უკანონოდ გასხვისდეს ეს მიწები - ამბობს ვახტანგ ყაველაშვილი.

მერიის წინ ორი კაფეს მშენებლობა თითქმის დასრულებულია, მაგრამ კვლავ ბუნდოვანია ვისია მიწა, რომლზეც ეს ობიექტები აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ შპს „OLD RUATAVI“ ამბობს, რომ ამ მიწაზე იჯარა აქვს - თვითმმართველობა რამდენიმე დღის წინ აუქციონს ისე აცხადებდა, რომ რატომღაც ქოქიაშვილის იჯარა, რომელიც რეალურად არსებობის შემთხვევაში მასსა და თვითმმართველობას შორის უნდა დადებულიყო, არც ახსოვდა.