„ასეთი ხელის ბიჭები ჩვენმა ხელისუფლებამ სხვა ქვეყნის ეკლესიაში ეძებოს“

„ასეთი ხელის ბიჭები ჩვენმა ხელისუფლებამ სხვა ქვეყნის ეკლესიაში ეძებოს“

საქართველოში ბოლო ერთი წელია, პოლიტიკური ცხოვრება გააქტიურდა.სულ რამდენიმე თვე დარჩა ქვეყნისთვის შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ არჩევნებამდე და საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტი მატულობს. შიგადაშიგ გაისმის კიდეც მოსაზრებები, რომ როდესაც პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა პიკს მიაღწევს, შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც კი გაჩნდეს.

არის თუ არა მოსალოდნელი, საზოგადოება სააკაშვილისტებად და ივანიშვილისტებად დაიყოს და ქვეყანა გასული საუკუნის 90-იანი წლების უმართავი პროცესებისკენ გადაეშვას, როგორც ექსპერტები ამბობენ, დღეს სხვა საზოგადოება გვყავს და ის პოლიტიკური ძალა, ვინც ამ პროცესებისკენ უბიძგებს ხალხს, მხოლოდ ერისა და ქვეყნის მოღალატე შეიძლება იყოს.

როგორც ჩანს, მსგავსი საფრთხე ბოლომდეც არ უნდა გამოვრიცხოთ, რადგან წინა კვირას ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა. პატრიარქის თქმით, საქართველოს მთელი მოსახლეობა დღეს პოლიტიზებული გახდა და პოლიტიკამ შეცვალა ადამიანი, რაც არ შეიძლება, - მისივე თქმით, საზოგადოების დაყოფა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ნებისმიერი ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ეკლესიის შვილია. 

როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, დაპირისპირება გახლავთ დღევანდელი ხელისუფლების სტრატეგიული ამოცანა. ამისთვის არაერთი ნაბიჯია გადადგმული, სამზადისიც საკმაოდ სერიოზულია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჟურნალისტებს სთხოვს, არ დაუშვან, რომ ქართველი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს. როგორც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის სასულიერო პირი თავის აზრს გამოთქვამს და მას უკვე მტრად მიიჩნევენ. პატრიარქის განმარტებით, ყველა ადამიანი თავისუფალია და მას უფლება აქვს, გამოთქვას საკუთარი აზრი.

როგორც სოსო ცისკარიშვილი ამბობს, სწორედ ამიტომ ჟურნალისტებისთვის სავალდებულოა, ცეცხლზე ნავთის დასხმის პრინციპი არ გამოიწვიონ თუნდაც მათი პროფესიული ვალის შესრულებისას.

„სიტუაცია რომელიც აღიწერება უნდა იყოს ზომიერად მიწოდებული მკითხველისა და მაყურებლისთვის რომ გაღიზიანების ხარისხი არ გასცდეს მართვადობის ზღვარს და თავშეკავებულობა, რომელიც ღირსების შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილია, უნდა იყოს წარმოჩენილი, როგორც პოზიტივი და არა როგორც ლაჩრობა. ძალიან კორექტულია ჟურნალისტთა უმრავლესობა, მაგრამ არსებობენ ერთეულები, რომლებიც საკუთარი სკანდალური ინფორმაციის გავრცელების წყურვილით საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რა ტიპის ზარალი შეიძლება მოიტანოს მისმა სუბიექტურმა შეფასებებმა ზოგიერთი რეალობის“, - ამბობს ცისკარიშვილი.

უწმინდესმა ასევე მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ხანდახან პრესა სავსეა სასულიერო პირებთან დაკავშირებული განცხადებებით.

„ხშირად ვკითხულობ, რა თქვეს და როგორ თქვეს მეუფე იობმა, მამა ტარიელმა. მათ თავისი აზრი გამოთქვეს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მტრები არიან. ისინი ისეთივე შვილები არიან ღვთისა და სამშობლოსი, როგორიც ყველა. გთხოვთ ჟურნალისტებს, ნუ დაჰყოფთ ხალხს. ეს არის ხალხის დაყოფა. დაუშვებელია, რომ ჩვენი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს.

არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი მისვლით ჩვენ, თითქოს, მხარს ვუჭერთ რომელიმე მხარეს და ხდება დაპირისპირება. ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, საქართველოს ეკლესიისთვის ყველა სულიერი შვილებია, მთავრობაა თუ ოპოზიცია, რომელიმე პარტიის წარმომადგენელია, ცოდვილია, მართალი თუ ავაზაკი.

ეკლესია მოვალეა, ყველა დაარიგოს. მამაშვილური სიყვარულით მინდა გთხოვოთ, როდესაც ლაპარაკობთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენს გამოთქმებში ყოველთვის ზღვარი უნდა შევინარჩუნოთ. ზოგიერთი ჯერ ლაპარაკობს და შემდეგ ფიქრობს, სინამდვილეში კი ჯერ უნდა ვიფიქროთ და შემდეგ ვილაპარაკოთ“, - ბრძანა უწმინდესმა და ისურვა, რომ ღმერთმა დაამშვიდოს და დალოცოს ქართველი ერი და სრულიად საქართველო.

რატომ გახდა პოლიტიკური დაძაბულობის თითქმის პიკზე ეკლესიის თემა ასე აქტუალური და რატომ არ აქვს სასულიერო პირს საკუთარი აზრისა და განწყობის გამოხატვის თავისუფლება, სრულიად გაუგებარია. და თუ ვინმეს, ამ შემთხვევაში ეკლესიის მარგინალიზაცია სურს, შესაძლოა ამ ყველაფერმა უკუეფექტი მოიტანოს და საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზებას შეუწყოს ხელი, ამასთან  საკითხისადმი ასე მიდგომაც შორსაა იმ ფასეულობებისაგან, რასაც დემოკრატიას ვეძახით.

 

როგორც ექსპერტი კახა კახიშვილი ამბობს, ხშირად ვხედავდით სოციოლოგიური გამოკითხვებით როდესაც ეკლესია უფრო მეტი ნდობით სარგებლობდა მოსახლეობაში, ვიდრე ხელისუფლება.

„ეს ბუნებრივიცაა, როდესაც საზოგადოება რელიგიას პატივს სცემს. მეორეს მხრივ, ეს ხდებოდა გაღიზიანების საფუძველი. არაერთხელ გვახსოვს სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან შემოტევები საპატრიარქოსა თუ სამღვდელო პირების მიმართ, ეს კამპანია გრძელდებოდა, მაგრამ როდესაც იგრძნეს, რომ ძალიან გაღიზიანდა მოსახლეობა, ცოტა უფრო სხვანაირი კუთხით მიდიან.

ბოლო პერიოდში გამოცოცხლდა ოპოზიციური პროცესები, ვნახეთ რამდენიმე სასულიერო პირის განმარტებები, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა ხელისუფლება და შემდეგ უკვე დაიწყეს განცხადებები, რომ ეკლესია არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში. ეკლესია – ეკლესიაა, პოლიტიკა - პოლიტიკა და საზოგადოებრივი აზრის შეფასების უფლება არავის არ წაურთმევია იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენი სულიერი წინამძღვარია. როგორც კი ნახავენ, რომ სასულიერო პირს განსხვავებული აზრი აქვს, თურმე ასე არ უნდა იყოს.

ერთი სასულიერო პირი, რომელიც მეტისმეტად ეფერება პრეზიდენტს, მისი კომენტარები მისაღებია, მეორეს მხრივ, აღიზიანებთ იმისი შეფასება, რაც რეალურად არის სახელმწიფოში.

გახსოვთ კაზინოების ან გარყვნილების თემა არაერთხელ გამხდარა მათი მხრიდან კრიტიკის საგანი, რომ რატომ ერევა ამ საკითხებში ეკლესია. ეკლესია ჩვენი ნაწილია და იმას რასაც პარტიარქი ამბობს, რჩევაა და არა ჩარევა და როგორც ჩანს ეს მათთვის მიუღებელია“.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძეც აღნიშნავს, რომ საერთოდ, ცოტა ზედმეტი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ბოლო დროს ეკლესია ქართული მედიის მხრიდან.

„უამრავი მასალა დაიბეჭდა შიდა ურთიერთობებზე, დიდი ფოკუსირება ხდება ხოლმე იმაზე, არიქა საპატრიარქოს ესა თუ ის წარმომადგენელი არღვევს თუ არა სინოდის გადაწყვეტილებაას და ა.შ. ალბათ, ნაწილობრივ ამანაც უბიძგა პატრიარქს იმ მოწოდებისკენ, რომ ფაქტობრივად, დაგვანებეთ თავიო.

ძნელი სათქმელია... საერთოდ, არის ქართულ პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც ის წრეები, რომლებიც ღიზიანდებიან დღევანდელი ეკლესიის მდგომარეობით მე არ ვამბობ, რომ კრიტიკულები არიან, ერთის მხრივ ეკლესიას ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს და მეორეს მხრივ, ამ ურთულეს ორგანიზმში რა თქმა უნდა, არის პრობლემები.

ეს წრეები დიდი დაბეჯითებით არკვევენ ამ პრობლემებს და თავის მოვალეობად თვლიან, ხაზი გაესვას ამ მდგომარეობას, რომ ეკლესია არც ისე იდეალურია, როგორი დამოკიდებულებაც ხალხს აქვს მის მიმართ, მაგრამ რამდენად არის საჭირო ასეთი ძალისხმევა ვფიქრობ, ეს სხვა საკითხია“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გოგი ხუციშვილი ფიქრობს, რომ პატრიარქი აკვირდება სიტუაციას, მის ინტერესშია ერისა და ქვეყნის ერთიანობა იყოს შენარჩუნებილი,

„ამიტომ როდესაც ხედავს, რომ პოლიტიკიდან მომდინარეობს განხეთქილების მცდელობა, ანუ ის, რომ ვინც ჩვენთან არ არის ის ხალხის მტერია და ა.შ. ასე ინერგება განხეთქილება ქვეყანაში და როდესაც იგი საშიშ ზღვარს უახლოვდება, პატრიარქი უკვე ვეღარ გაჩერდა და გაფრთხილებას იძლევა.

ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სასულიერო პირსაც აქვს მიტინგზე მისვლის უფლება, მას შეუძლია რაიმე ღონისძიებაზე მივიდეს ან არ მივიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი გამოხატავს ეკლესიის პოზიციას.

საზოგადოებაში ისეთი პოლარიზაციაა სააკაშვილ-ივანიშვილის დასპირისპირებით, ლამის იმ დონემდე მივდივართ, რაც 90-იანი წლების დასაწყისში იყო, როდესაც ზვიადისტები და შევარდნაძისტები გადაეკიდნენ ერთმანეთს, ამიტომაც მოგვიწოდებს პატრიარქი“ – ამბობს გოგი ხუციშვილი.

სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ეკლესიას არანაირი ნაბიჯი არ ადაუდგამს იმისათვის, რომ აღმოჩენილიყო პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრში.

„ეს გახლავთ დღევანდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომ მოახდინოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრეტიდაცია, რადგან ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში 96%-იანი ნდობით სარგებლობს, აუტანელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ეს რომ რაიმე სხვა ინსტიტუტი ყოფილიყო, უკვე დიდი ხნის დანგრეული ექნებოდათ.

საბედნიეროდ, ღვთის წყალობითა და ჩვენი პატრიარქის წინამძღოლობით, ქართული ეკლესია მიუხედავად მის შიგნით მიმდინარე ზოგიერთი ნაკლებად გასაგები პროცესისა, მართალია საკუთარი დამოკიდებულების ერის და ღვთის წინაშე, თუმცა არანაირი სიამოვნების მომგვრელი არ არის, როდესაც ვკითხულობთ დეტალებს, რომელიც არ შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ინტერესის საგანი.

მაგრამ ზედმეტი ყურადღებაც სინოდის საქმიანობის მიმართ, ჩემი აზრით, არის დაკვეთილი, მითუმეტეს, როდესაც ამ სტატიების ავტორები როგორც ჩანს, კარგად ვერ ერკვევიან ვერც სინოდის საქმიანობის ელემენტებში და ვერც რაიმე ზუსტ განმარტებებს აძლევენ მკითხველს რომელიმე რელიგიური მოღვაწის ციტატებიდან გამომდინარე. რაც შეეხება უწმინდესისა და უნეტარესის შენიშვნას, ეს გახლავთ სრულიად მკაფიო დაცვის მექანიზმი იმ თავდასხმების წინააღმდეგ, რომელიც იგეგმება და ხორციელდება ხელისუფლებისა და მის მიერ ეკლესიაში ჩანერგილი პირების მიერ და არის მიმართული იქით, რომ ქართული ეკლესია გაემიჯნოს ნებისმიერ პროცესს ქვეყანაში, რომელიც არ არის მართული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და რომელიც არ შედის „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების ინტერესებში, მაგრამ ასეთი ხელის ბიჭები სხვა ქვეყნის ეკლესიაში ეძებოს ჩვენმა ხელისუფლებამ. ღვთის წყალობით, ჩვენი ეკლესია არის სრულიად გამორჩეული ფასეულობა ქართულ საზოგადოებაში და ვერანაირი ცილისმწამებლური ნაბიჯები ვერ შელახავს უზარმაზარ ავტორიტეტს, რომელიც გააჩნია უწმინდესსა და უნეტარესს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.