ჟურნალისტი და მწერალი ლალი მორიშკინა თავისი ბოლო ნაწარმოების - "გისოსებს მიღმა საქართველოა" - ციხეში შეტანის აკრძალვის მიზეზებზე გვესაუბრება:
- ჩემი ბოლო წიგნი - "გისოსებს მიღმა საქართველოა", რომელიც "პალიტრა L"-მა დაბეჭდა, კომერციული მიზნით არ გამოგვიცია, იგი ჩვენს პატიმრებს მივუძღვენი, რადგან ქვეყანაში, სულ ცოტა, 25 ათასი პატიმარია. ეს ნაწარმოები არ არის დოკუმენტური მასალა, ეს არის მხატვრული ლიტერატურა, სადაც ჩანს უამრავი პრობლემა, რომელიც დღეს პენიტენციურ სისტემაში და სრულიად საქართველოში არსებობს... საქმე ის არის, რომ ამ წიგნის ციხეებში შეტანა აკრძალეს.
ვინ და რატომ აკრძალა წიგნის შეტანა ციხეებში?
- იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურდათ, თავიანთი პატიმრებისთვის ამ წიგნის შეგზავნა, მითხრეს, შენი წიგნი ციხის ადმინისტრაციამ გადაიკითხა და განგვიცხადა, ეს წიგნი ციხეში არასდროს შევაო. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდეს. ჩემს წიგნს თავი დავანებოთ, როდესაც ციხეებში ჟურნალ-გაზეთების შეტანას კრძალავ, ეს ადამიანები გარეთ რომ გამოვლენ, აზრზე არ იქნებიან, თავიანთ ქვეყანაში რა ხდება...
ვიდრე ამ წიგნზე დავიწყებდი მუშაობას, დავუკავშირდი სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, ვუთხარი, უამრავი ინფორმაცია მაქვს, რა საშინელებაც ციხეებში ხდება-მეთქი და ვთხოვე, მოეცათ საშუალება, ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა, მაგრამ ცივი უარი მითხრა, უფრო სწორად, ოფიციალური პასუხი მივიღე, რომ თუ რამე ინფორმაცია მაინტერესებდა, მათი სამინისტროს ვებ-გვერდი მომენახულებინა.
ამ პასუხით კიდევ ერთხელ გაგვამასხარავეს - თურმე რა საშინელებებიც ციხეებში ხდება, სასჯელაღსრულების სამინიტროს ვებგვერდზე დევს!.. ჩემი წიგნის მიხედვით რობერტ სტურუა სპექტაკლის დადგმას აპირებს, ქეთი დოლიძე კი - ფილმის გადაღებას.
ასე რომ, რაც უნდა დაბლოკოს პენიტენციურმა სისტემამ ჩემი წიგნი, მაინც მივა საზოგადოების ფართო ფენებამდე და, ადრე თუ გვიან, მაინც წაიკითხავს ყოფილი პატიმარი.
პრეზიდენტს ხომ იცნობთ, მასთან არ შეეცადეთ ამ საკითხის გარკვევას?
- მე და სააკაშვილი მეგობრები ვიყავით, თუმცა მის მთავრობაში მოღვაწეობაზე უარი ვთქვი. ჩემს პირველი წიგნში "მე, პრეზიდენტი და მსოფლიოს ჩემპიონი" საკმაოდ მწვავედ გავაკრიტიკე სააკაშვილი, სადაც ვწერ მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, თუ როგორ დავკარგეთ კოდორის ხეობა, რატომ ჩამოგვიყალიბდა საშინელი დამოკიდებულება ოსი და აფხაზი ხალხის მიმართ. მას შეეძლო ამ წიგნის აკრძალვა, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის პრეზიდენტია, მაგრამ ის პირიქით მოიქცა და განკარგულება გასცა, წიგნი პარლამენტშიც შეეტანათ და იქ გაყიდულიყო. ასევე მწვავეა მეორე წიგნი "უსექსობა პატარა ქალაქში", რომელიც ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორს ეხება და რომელსაც დღემდე ეფერება სააკაშვილი. მეგონა, ამ წიგნს მაინც აკრძალავდა, მაგრამ - არა. უბრალოდ იმ რეგიონში, რომლის გუბერნატორიც ჩემი წიგნის "გმირი" გახდა, მწვანე შუქი აღარ მაქვს ანთებული. როცა მიწევს ჩასვლა, ორი მანქანით უკან დამყვებიან. რაც შეეხება ბოლო წიგნს, "გისოსებს მიღმა საქართველოა", ეს წიგნი ორი თვეა, რაც გამოვეცით და არ მომეცა საშუალება, სააკაშვილს დავკავშირებოდი და მეკითხა, წაიკითხა თუ არა. რადგან ვიცი, რომ ჩემს წიგნებს კითხულობს. ვეჭვობ, ჩემი წიგნის ციხეებში შეტანა ხათუნა კალმახელიძემ თვითნებურად აკრძალა, რადგან, ამ ნაწარმოებში სწორედ პენიტენციურ სისტემასა და მის პირველ პირზეა მოთხრობილი. თუმცა, როგორც კი საშუალება მომეცემა, სააკაშვილს ვეტყვი, რომ ეს არის ჩემი უფლებების დარღვევა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მერეთში მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ფოტოები. ერთ-ერთზე ჩანს თქვენი ყოფილი მეუღლე გიორგი კანდელაკი. ითქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონი კანდელაკი ერთ-ერთ ზონდერჯგუფს ხელმძღვანელობსო...
- სხვათა შორის, ეს ფოტოები მეც ვნახე და გიორგის ერთ-ერთი მოსწავლე, სახელად რეზო ამოვიცანი, რომელსაც წითელი მაისური ეცვა, ზონდერები კი შავ მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი. არცთუ უსაფუძვლო ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერი პირიქით იყო. გიორგის ბიჭები იქ გაგზავნილი იყვნენ ვითარების განსამუხტავად და არა როგორც ზონდერები. რაც შეეხება გიორგის, იგი პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური იყო. დარწმუნებული ვარ გიორგი კანდელაკი ბიძინა ივანიშვილის მხარესაა და სწორედ მის დასაცავად გავიდა ამ აქციაზე და არა ხელისუფლების.