თედო ისაკაძე: პანდემიის ზღვარზე ვიმყოფებით! ჩვენი ზნეობრივი ვალია - ეს ვირუსი ჩავკლათ!

თედო ისაკაძე: პანდემიის ზღვარზე ვიმყოფებით! ჩვენი ზნეობრივი ვალია - ეს ვირუსი ჩავკლათ!

„ამ არჩევნებმა მეტი სიმწვავე შესძინა კითხვებს: რა ფენომენია ნაციონალური მოძრაობა? საიდან გაჩნდა ეს დეჰუმანიზირებული და ზნეობისაგან აბსოლუტურად დაცლილი ჰომინიდების მოდგმა, რომლებსაც ორგანული შეუთავსებლობა აქვთ ეროვნულ და, ზოგადად, ადამიანურ ფასეულობებთან? როგორ მოახერხეს მათ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის მიმხრობა?“ - წერს სოციალურ ქსელში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე ამჯერად არ ვსაუბრობ, მიზეზი, ბუნებრივია, კომპლექსურია და საგანგებო ანალიზს საჭიროებს. მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტორებისა, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, დამეთანხმებით, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია ამ მკაფიოდ გამოკვეთილი დესტრუქციული და, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ასოციალურ-შიზოფრენიული სიმპტომების მატარებელი ძალისადმი ამგვარი სიმპათიები.

მართალია, დღეს ეჭვქვეშაა დაყენებული ე. წ. დალესის დოქტრინის არსებობა და „შეთქმულების თეორიის“ მარგინალური ეპითეტით მოხსენიება, მაგრამ, როცა ამ, თუნდაც ვირტუალური დოკუმენტის პოსტულატების ხორცშესხმას ყოველდღიურ ყოფაში თვალნათლივ ხედავ, მაგალითად: „ჩვენ გეგმაზომიერად გავრყვნით ახალგაზრდობას... კარგად დამუშავებული მესიჯბოქსებითა და მასმედიის საშუალებებით ჩავანაცვლებთ ძველ მორალურ ფასეულობებს, მოვახდენთ რელიგიებისა და ზნეობის დისკრიმინაციას...“ და ა. შ. კითხვა, მართლა ხომ არ არსებობს ასეთი გეგმა - ლეგიტიმური ხდება.

სამწუხაროდ, მე პირადად, განცდა მაქვს, რომ ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

სუფიზმი იცნობს ერთ ასეთ იგავს:

მოსეს მოძღვარმა, სახელად ხიზირმა, ხილვის შემდგომ ამცნო კაცობრიობას, რომ მალე სასმელი წყლის კეთილი ბუნება ბოროტით შეიცვლებოდა და მისი მოხმარება გონებას დაუბინდავდა ადამიანებს. ვინც შეისმინა ეს რჩევა - მოიმარაგა წყალი. მართლაც დაიწყო გვალვა, დაშრა მდინარეები. მერე მოვიდა წვიმა და მიწა კვლავ აღივსო წყლით, მაგრამ ვინც ეს ახალი წყალი დალია, დაკარგა კეთილგონიერება. საღი აზრი მხოლოდ იმ მცირე ნაწილმა შეინარჩუნა, ვისაც ძველი წყალი ჰქონდა მომარაგებული. მაგრამ, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელები უმცირესობას წარმოადგენდნენ, უმრავლესობამ ისინი შეურაცხადებად გამოაცხადა. გადიოდა ხანი. კეთილგონიერება სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა უმცირესობისთვის და მათ ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ახალი წყლის სმა და შეუერთდნენ გონებადაბინდულ უმრავლესობას. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ბოლო ჭკუათმყოფელიც არ დანებდა ბედს და კაცობრიობა იქცა უგუნურად (ამ იგავის ავტორობას ზუნ ნუნ ალ მისრის მიაწერენ. მისი რამდენიმე ვერსია არსებობს. იგი მე-9 საუკუნეს განეკუთვნება, მაგრამ ახლაც აქტუალურად ნიშანდობლივი მეჩვენება).

უნდა ვაღიაროთ, ჩვენში შემოიჭრა სოციოგეინური ვირუსი, რომლის წყაროც მასმედიაა, როგორც „ტვინების გამორეცხვის“ მძლავრი საშუალება. თუმცა მასთან ბრძოლა შესაძლებელია! შესაძლებელია თუნდაც იმავე მასმედიის, მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილი მედიისა და ჟურნალისტების საშუალებით.

მაგრამ მთავარი იარაღი მაინც განათლებაა, ანტივირუსი, გნებავთ ფაგი, რომელიც ყველაზე ეფექტურად ფილტრავს და ანეიტრალებს ამ ფსიქოტექნოლოგიურ თუ ნეიროლინგვისტურ შემოტევებს კასკადური ინფორმაციის ეპოქაში.

ამ ვირუსის მატარებლები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მათი რიცხვი სახიფათოდ დიდია!

ჩვენ ვიმყოფებით პანდემიის ზღვარზე!

ჩვენი ზნეობრივი ვალია - ეს ვირუსი ჩავკლათ! ჩავკლათ ყველგან, სადაც სიტყვა მიგვიწვდება - სამეგობროში, სანათესაოში, სამეზობლოში...

უნდა გვწამდეს, რომ სიკეთე დაამარცხებს ბოროტებას, როგორც წმინდა გიორგიმ სძლია დიოკლეტიანეს.

გიორგობის მადლი შეგეწიოთ მეგობრებო!“ - წერს ისაკაძე.