მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის თქმით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ თვეების მანძილზე უზნეოდ შეფუთული კამპანია მიმდინარეობდა.
ამის შესახებ ლორთქიფანიძემ რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ ორგანიზებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რუსთავი ჩემთვის ძალიან მშობლიურია, ბავშვობის საუკეთესო წლები ამ ქალაქში გავატარეთ, ამ თეატრში, რომელიც 1967 წელს გიგა ლორთქიფანიძის ინიციატივით და უშუალო ხელძღვანელობით შეიქმნა.
არ შემიძლია, როგორც ქალმა, როგორც დედამ არ დავუჭირო მხარი სალომე ზურაბიშვილს, არა მარტო როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, არამედ როგორც ქალს.
ამ თვეების მანძილზე ჩვენ ვხედავთ როგორ უზნეოდ შეფუთეს მთელი საარჩევნო კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. როგორ დაამახინჯეს თითოეული მისი სიტყვა, თითოეული მისი საქციელი. იქამდეც მივიდნენ ეს უზნეო ადამიანები, რომ მის პირად ცხოვრებაში, მის პირად სივრცეში და ტყუილებით, ჭორებით აგებენ თავიანთ გადაცემებს, თავიანთ შხამკომბინატში.
ყველამ ერთად გადავიტანეთ ეს 9-წლიანი ჯოჯოხეთი, მართლაც ჯოჯოხეთი. რუსთავს არასდროს არ ეშლებოდა, არც 2012-ში არ შეშლია. თქვენი დიდი, ლომის წილი არის 2012-ის გამარჯვებაში შეტანილი.
ჩემო რუსთაველებო, ერთად უნდა დავირაზმოთ, 28 ნოემბერს უნდა წავიდეთ და შემოვხაზოთ სალომე ზურაბიშვილი. მივცეთ ხმა ევროპულ, ნათელ მომავალს“, -განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.