"ქართულმა ოცნებამ" დაუშვა არაერთი შეცდომა, რომელთა გამოსწორება შეიძლება, სწორი გადაწყვეტილებების ხარჯზე, მაგრამ იმას, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებათა შავი სია ჰქვია, ვერაფერი გამოასწორებს", - ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთში მოღავწე, ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი აკეთებს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში მოსვლისას ბევრი დადებითი გააკეთა ქვეყნის წინსვლისათვის, მოიშორა კრიმინალური სამყარო, ჩაატარა უამრავი რეფორმა, საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკის განვითარებას, მრავალ სფეროში შემოიტანა დინამიკა. მაგრამ მან, როცა საკუთარი დადებითი ქმედების მაქსიმუმს მიაღწია, იწყო უკუსვლა. ადამიანის ფუნდამენტური ფასეულობების გათელვით იქცა დიქტატორულ სახელმწიფოდ, სადაც მეფობდა ტერორი, კაცის კვლა და უსამართლობა. არამორალურია მოიაზრებოდეს იმ ხელისუფლების უკან დაბრუნება, რომელიც თავად აღიარებს, რომ ჩადიოდა იმავე ქმედებებს, რასაც ოკუპანტი. ანუ თავად ეწეოდა ოკუპაციას და სახლებს ართმევდა საკუთარ მოსახლეობას (რაც უარესია ოკუპანტის ქმედებაზე).
"ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ქართველ ხალხთან ერთად ამ რეჟიმის დასამხობად და ეს არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ყველაზე დიდი მიღწევა. მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აღარ არის ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე ნადირობა, ბიზნესმენების რეკეტი და არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა და მრავალი დაპირების განხორციელება", - წერს ბაბლუანი ფეისბუქის გვერდზე.