სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დოკუმენტებით დავადასტურებ, რომ ვაშაძე იყო საბჭოთა კაგებე-ს დამსმენი - ამის შესახებ მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას" წევრმა გოგა ხაინდრავამ რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაშაძემ დასმენების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში გადაიყვანეს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ნებისმიერ სასამართლოში, ნებისმიერ შეკრებაზე, ნებისმიერ ეთერში დავადასტურებ დოკუმენტებით, რომ ვაშაძე იყო საბჭოთა კაგებეს დამსმენი. ის სახელისუფლებო კოლექტივებს დაყვებოდა და მერე წერდა, ვინ რამდენი „კოკა-კოლა" იყიდა, ვინ „მარლბორო" იყიდა, ვინ - ჯინსები, ვინ ვის დაელაპარაკა. ისე კარგად ასმენდა ყველას, რომ შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ისეთ განყოფილებაში გადაიყვანეს, რომელიც ბირთვულ შეიარაღებას ეხებოდა. თქვენ ხომ გესმით, ეს ხდება ანდროპოვის დროს, ეს ხდება ყველაზე რეაქციული საბჭოთა რეჟიმის დროს, ომის შემდეგ", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.