მე მხარს "ქართულ ოცნებას" არ ვუჭერ - მხარს ვუჭერ იმას, რომ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო არ გართულდეს, არ მოხდეს დესტაბილიზაცია და არეულობა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა გოგლა ჟვანიამ განაცხადა.
როგორც ჟვანიამ განმარტა, არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს შემოხაზვით სწორედ ამ პროცესის აღკვეთა უნდა.
"ძალიან ძნელია არჩევნები უწოდო პროცესს, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ეს არჩევნები არ არის. ეს არის რაღაც ამაზრზენი სიტუაცია, როცა ყოველდღე თავზე ლაფს გვასხამენ. თუკი არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გაიმარჯვებს, ეს ლაფი კი არ შეწყდება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება, რომლის გადმოწევას შეეცდებიან. ციხეებიდან ოდიოზურ ადამიანებსა და კრიმინალებს გამოიყვანენ, შეეცდებიან საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანას. ეს ყველაფერი გაიაზრეთ და წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება ქვეყანაში. ამას გვთავაზობს "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში".
მისივე შეფასებით, მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ამარა ყოფნა ქვეყნისთვის საშიში ხდება, რადგან ორივე ძალა არაჯანსაღი ხდება.
"ალბათ გამოჩნდებიან ახალი ძალები, რომლებიც უფრო ადეკვატურად მოიქცევიან", - დასძენ გოგლა ჟვანია.