ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა საქართველოს მტკიცე და ერთგული მეგობრის მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის, სენატორი ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიღება.
სენატორის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, აშშ-ის საელჩოს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, უმაღლესი სასწავლებლების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ქართველი და ამერიკელი სამხედროები.
ოფიციალური მიღების პირველი ნაწილი მთლიანად დაეთმო ჯონ მაკკეინის ღვაწლზე საუბარს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. ასევე იმ უწყვეტ და მტკიცე მეგობრობაზე, რომელიც აკავშირებდა მას ქართველი ხალხის მიმართ.
საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, აშშ-ის საელჩოს პრეს ატაშემ კრისტოფერ დავენპორტმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვასილ კაჭარავამ და კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა გია ნოდიამ.
სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ისაუბრა ქართულ ამერიკული მეგობრობის შესახებ. - ორივე ქვეყნის მეგობრობის გათვალისწინებით, კლუბი ყოველთვის ცდილობს სათანადოდ შეაფასოს ამერიკელი ხალხის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და მისი საქმიანობის ფარგლებში საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართულ ამერიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში. სწორედ ამიტომ, მსგავსი სახის ღონისძიების განხორციელება გვაძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას გავიხსენოთ და შესაბამისი პატივი მივაგოთ საქართველოს სახელმწიფოს ძლიერ მეგობარს, სენატორ ჯონ მაკ-კეინს.
გვსურს, უფრო ახლო რაკურსით გავაცნოთ ფართო საზოგადოებას მისი მოღვაწეობა და გავაფართოვოთ ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერი ადამიანების საკომუნიკაციო გარემო.
მინდა ავღნიშნო, რომ სენატორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და თავდაცვის განვითარების პროცესში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჯონ მაკკეინის მტკიცე და ერთგული მეგობრობა ქართველი ხალხის მიმართ. ქართულ ამერიკული მეგობრობის 25 წლის განმავლობაში, მან არაერთხელ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა. ამ წლების განმავლობაში ის უწყვეტად განაგრძობდა საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას.
„ჩვენ მადლიერები ვართ და განსაკუთრებულად ვაფასებთ მის იმ ძალისხმევას, რომლის შედეგადაც შევძელით განგვევითარებინა კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობები. ჯონ მაკკეინის მხარდაჭერის წყალობით შევძელით გავმხდარიყავით თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს, აშშ-ის ერთგული მოკავშირე.
მე გულწრფელად მწამს, რომ ჯონ მაკეინის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ისევ გამოუჩნდება შეერთებულ შტატების სენატში ისეთივე მაღალი პოლიტიკური დონის და მაშტაბის ადამიანი, რომელიც ჯონ მაკეინის მსგავსი სიმძლავრით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას და დაცვას.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს და აშშ-ის ერთად დგომა ძალზედ მნიშვნელოვნია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რადგან ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ურყევია. ჩვენ მადლიერები ვართ იმ მეგობრობის, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის არსებობს“, - განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ნაჩვენები იყო სენატორი, ჯონ მაკკეინის (1936-2018) განვლილი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმი. ასევე, სამხედრო სენატორის ხსოვნის პატივსაცემათ, საღამოზე შეკრებილი სტუმრების წინაშე წარდგა ფოლკლორული ანსამბლი „თბილისი“, რომელმაც შეასრულა საბრძოლო სულიკვეთების რამოდენიმე ქართული სიმღერა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სტუმრებმა დააგემოვნეს ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით დამზადებული, სენატორი მაკკეინის სახელობის ღვინო, რომელიც ჩამოასხა ღვინის კომპანია „ხარება“-მ.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამერიკული კომპანია KVG, ქედი სტუდიო, ღვინის კომპანია „ხარება“, გამომცემლობა „მინიატურა“ კომპანია პრემიუმ ივენთი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კომპანია სარაჯიშვილი, და ინგლისურენოვანი გაზეთი „The Messenger“.