დღეს გიორგობაა

დღეს გიორგობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი– ბორბალზე წამების დღე.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე–4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ. სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდანის სახელზე, ბოდბეში წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო. საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე უამრავი ტაძარია აგებული. წმინდა გიორგი მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად ითვლება. ასევე, მას ევედრებიან დემონური ძალებისგან გამოხსნას. წმინდა გიორგი ქართველთა მფარველად ითვლება. უფლის განგებით, ქართველი ერის მფარველობა მას დაეკისრა. სწორედ ამიტომ, წმინდა გიორგის იაკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო.“