ტელეკომპანია "იმედი" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის.
"იმედის" იურისტის, ანდრო ლაშხის თქმით, ბიზნესმენს "რუსთავი 2"-ის ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადების დამტკიცება მოუწევს. კერძოდ, მისი განცხადებით, თითქოს არსებობდა სუს-ის მიერ წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომელიც მას "ომეგას" პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, "იმედის" ეთერში უნდა წაეკითხა.
შეგახსენებთ, ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი2“-ის თოქშოუ "კვირის აქცენტებში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტექსტის წაკითხვა სთხოვა, სადაც ეწერა, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოქვეყნებული კომპრომატები დადგმული იყო და ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.