"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი მალე ქართული სასამართლოს წინაშე წარდგება და მილიარდები ვეღარ უშველის.
"აუცილებლად პასუხი აქვს საგები ყველა იმ კრიმინალს, რომელიც ამ ფეოდალიზმში, ამ ფეოდალურ რეკეტში და ამ კრიმინალურ ძალმომრეობაში მონაწილეობს. პირველ რიგში ივანიშვილია დასაჭერი. ახლა ის განცდებში იქნება, წარმომიდგენია რა დღეშიც არის. ემოციური კაცია ივანიშვილი. მე ყველას დავუპირისპირდები, ვინც იქნება საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ინვესტორების წინააღმდეგ, მომავლის წინააღმდეგ და ცივილიზაციაში ჩვენი გაერთიანების წინააღმდეგ", - განაცხდა ზაზა ოქუაშვილმა "კვირის აქცენტებში".
კითხვაზე, იქნება თუ არა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც იმ ყველაფერს გაამყარებს, რაზეც საუბრობს, ოქუაშვილი პასუხობს:
"რაც აქამდე წარმოვადგინე, იმის იქით თუ რამე მტკიცებულება დარჩა, მოვიკითხავ და, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივაწვდი საზოგადოებას. ჩვენ გულუხვები ვართ, როცა ეს ქვეყანას და მის მომავალს ეხება. ამ ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ ბიუჯეტის თანხით ივაჭროს", - აცხადებს ოქუაშვილი.
მისივე მტკიცებით, ის ივანიშვილის შემოთავაზებას და ასეულობით მილიონს არ დათანხმდა. ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ? - ოქუაშვილი პასუხობს:
"გვინდა ასეთი ფული? - ასეთი ფული აქვს ისეთ ხალხს, ვინც თავს მილიარდერს უწოდებს და ვიცით ჩვენ, ვინ არის ის ხალხი. აქვს თუ არამას მილიარდები, არ ვიცი, მე არ დამითვლია და ის კაცი ახლა არის სამარცხვინო მდგომარეობაში. ის მზად არის ყველაფრისთვის, წინასწარ ისვრის მილიონებს, რომელსაც ჩვენ არ ვღებულობთ. შველის მილიარდები ივანიშვილს? - ვერ უშველის. საქართველოს სიყვარულის, საქართველოს მომავლის საწინააღმდეგოდ მილიარდები ვერ დაიდება", - აცხადებს "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი.
ნიკა გვარამიას კითხვაზე, რატომ არ აქვეყნებს იმ ატომურ ბომბს "4 თითის კადრებს", რომელიც მას აქვს, ოქუაშვილი პასუხობს:
"ჩვენ ან წყაროს უნდა დავეკითხოთ ამის შესახებ, ან ივანიშვილმა თვითონ უნდა წარმოადგინოს ეს კადრები. წყარომ ეს უნდა წარადგინოს ჯერ ინგლისის სასამართლოში, ასევე, წარუდგინოს საფრანგეთის საგამოძიებო უწყებებს, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის და საფრანგეთის სასამართლოს საქართველოს სასამართლო დაასწრებს და დამნაშავეები საქართველოში აგებენ პასუხს. მე იმედი მაქვს, რომ ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ეს შეწყდება და ვეღარ გაბედავენ ეს კრიმინალები ასე თარეშს და დამორჩილებას თავისუფალი სიტყვის და ქვეყნის მომავლისას", - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელმა "რუსთავი 2"-ის ეთერში სკანდალური განცხადებები გააკეთა. "კვირის აქცენტებში" მან იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც ასეული მილიონების სანაცვლოდ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა.