გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შვილი, რომელიც საჯაროდ არასდროს გამოჩენილა და დღეს პოლიტიკურ დებატებში გამოიწვიეს, გერმანიაში ცხოვრობს.
როგორც "2020NEWS"-მა გაარკვია, ნოდარ ვაშაძე სამწერლო საქმიანობით არის დაკავებული.
მწერალი ნოდარ ვაშაძე ქართულ ენას ფლობს, თუმცა "გრამატიკული ქართული არ იცის“ - ამბობს ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი, გიორგი ვაშაძე.
აღსანიშნავია, რომ ნოდარ ვაშაძე პოლიტიკურ კონტექსტში დღეს პირველად მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შვილმა მოიხსენია და ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია.
თეიმურაზ გორჯესტანი ტექნოპარკში ახალგაზრდებთან შესახვედრად დედასთან ერთად მივიდა და პოლიტიკური შეთავაზებაც სწორედ აქედან გააკეთა, როდესაც ერთ-ერთი სტუდენტი საპრეზიდენტო კანდიდატის შვილის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
"კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის?! - მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს. ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა, ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან მისი შვილები. მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ",-განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა. გრიგოლ ვაშაძის შტაბი ამ შეთავაზებას სერიოზულად არ განიხილავს, თავად ნოდარ ვაშაძე კი, როგორც 2020NEWS-მა გაარკვია, გერმანიაში იმყოფება.