საქართველოში სცენაზე არ ჩანან ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და სხვა პოპულარული ქართველი შემსრულებლები, მაგრამ უცხოელი მომღერლებისთვის გზა ხსნილია და მათთვის ასტრონომიული ჰონორარების გადახდაც არ ენანებათ. სტინგის, ენრიკე იგლესიასის, ანდრეა ბოჩელისა და სხვა ვარსკვლავების შემდეგ საქართველოს, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმს, 23 აგვისტოს რუსული ჯგუფი "უმათურმანი" (Uma2rmaH) ესტუმრება.
ჯგუფი საქართველოში "ემ ეს კომპანის" მოწვევით ჩამოდის. რამდენიმე წლის წინ "უმათურმანი" პოპულარული იყო როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში, მაგრამ ქართველი პროდიუსერების არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, ისინი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლაზე ყოველთვის უარს ამბობდნენ. ამას კი საქართველოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, სიმპათიის უქონლობით ხსნიდნენ. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქართული მხარე მათ 50 .000 დოლარს გადაუხდის...
გვესაუბრება მოლდოვაში მცხოვრები ქართველი პროდიუსერი, საერთაშორისო საკონცერტო კომპანია "მაქსიმუმ კონცერტსის" დირექტორი ეკა ჩიტაშვილი, რომლის მოწვევითაც საქართველოში უამრავი უცხოელი ვარსკვლავის კონცერტი გაიმართა:
- ეკა, თქვენ ადრე რამდენჯერმე სცადეთ საქართველოში ჯგუფ "უმათურმანის" ჩამოყვანა, მაგრამ მომღერლებმა უარი განაცხადეს, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ არ უყვართ საქართველო, მართალია?
- დიახ, მართალია. ჯგუფი იმხანად პოპულარული იყო, რეიტინგი მაღალი ჰქონდა, ტოპათეულებში ხვდებოდა. დღეს კი რეიტინგი საკმაოდ დაბალი აქვს, დსთ-ის ქვეყნებში მისი სახელი დავიწყებასაც კი მიეცა. მე ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი მოლაპარაკებას, მაგრამ პასუხად კატეგორიულ უარს ვიღებდი საქართველოში სტუმრობაზე, ჯგუფის დირექტორი რუსტემ ნურიევი, მეუბნებოდა, ნებისმიერ ქვეყანაში ჩავალთ, საქართველოში ვიზიტს კი არც განვიხილავთო. ერთხელ კი პირდაპირ ასე განმიცხადა: "ნუ ი ზადალბალი ეტი გრუზინი! ნე ბუდეტ კანცერტა
ვ გრუზიი! ვ გრუზიუ ნე იედემ!"
ეს იმ დროს, როდესაც საქართველოში ჩემი მოწვევით უამრავი რუსი ვარსკვლავი ჩამოვიდა. - "ვიაგრა", "რეფიქსი", "გლუკოზა", კატია ლელი. ამ ვარსკვლავებისგან განსხვავებით "უმათურმანს" რატომღაც არ მიაჩნდა საქართველო საიმიჯო ქვეყნად.
- როგორც შევიტყვეთ, ქართული მხარე "უმათურმანს" ამ კონცერტში დაახლოებით 50 000 დოლარს უხდის...
- პოპულარობის პიკზე ჯგუფის ჰონორარი დსთ-ის ქვეყნებში 30. 000 დოლარი იყო, ამჟამინდელი ჰონორარი კი 20-25 ათასია, მაგრამ მისი გრაფიკი აღარ არის ისე გადატვირთული მიწვევებით, როგორც ადრე. რუსეთის ვარსკვლავებიდან 50 ათასი მხოლოდ სტას მიხაილოვი, კირკოროვი და ლეონტიევი ღირს. თუ ასეთი სახვეწარია ეს ჯგუფი, რომ საქართველომ 50 ათასი გადაუხადოს, გადაუხადონ...
"ემ ეს კომპანის" წარმომადგენელ ანა მურადაშვილს დავუკავშირდით:
- ანა, ცნობილია, რომ ჯგუფი "უმათურმანი" ყოველთვის უარს ამბობდა საქართველოში კონცერტის გამართვაზე. ქართველ პროდიუსერებს ეუბნებოდნენ, ვიმღერებთ ყველგან, საქართველოს გარდაო, ამჯერად რატომ დათანხმდნენ თქვენს წინადადებას?
- ვიცი, ისინი არავის თანხმდებოდნენ საქართველოში ჩამოსვლაზე. ჩვენ ზემფირას პროდიუსერმა გაგვიწია რეკომენდაცია და დავითანხმეთ.
- რამდენი შესთავაზეთ ამ კონცერტისთვის?
- ვერ ვიტყვი.
- ჩვენთვის ცნობილია, რომ ორმაგი თანხა შესთავაზეთ, კერძოდ 50 ათასი დოლარი, მართალია?
- თანხის შესახებ. ვერაფერს გეტყვით.