თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრებიდან ორ კვირაში რუსთაველის თეატრის სცენაზე აღმოჩნდა და დღემდე ამ თეატრის ერთგულია, თუმცა მის ცხოვრებაში დადგა მომენტი, როდესაც მისთვის ძალიან ახლობელ და საყვარელ სამუშაო ადგილას მისვლა ძალიან უჭირდა, მაგრამ ეს დაბრკოლებაც იმ დიდმა ადამიანმა, რობერტ სტურუამ გადაატანინა, რომლის წასვლის გამოც მსახიობი ია სუხიტაშვილი რამდენიმე დღე ტიროდა. ჩვენ იას რუსთაველის თეატრის ფოიეში შევხვდით და ხასიათის შტრიხებზე ვესაუბრეთ.
- როგორ ატარებ ცხელ ზაფხულს თბილისში?
- მეთერთმეტე წელია, რაც ამ თეატრში ვარ და ყოველ ზაფხულს მიწევს ივლისის ბოლომდე რეპეტიციებზე ყოფნა. ეს არის ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი, რადგან ცხელი სეზონი არ მიყვარს, მაისის დასაწყისში უკვე მეწყება დეპრესია, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით, საშინლად მთრგუნავს სიცხე. თუმცა მაინც დაკავებული ვარ ჩემი საქმით, ვმუშაობთ გერმანელი დრამატურგის პიესაზე, ამიტომ დილა-საღამოს მიწევს თეატრში ყოფნა და რეპეტიციებზე სიარული.
- ახლა გადავიდეთ რუბრიკის თემაზე და გვითხარი საკუთარი ხასიათის დადებითი და უარყოფითი შტრიხები.
- არანაირად არ ვარ ზარმაცი, რამე თუ გამაჩნია, ყველაფერი დიდი შრომის ფასად მაქვს მოპოვებული, ამაში საქმეს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ბევრჯერ მიფიქრია, რომ, პროფესიის მიუხედავად, ნებისმიერ ადამიანში დევს უარყოფითი თვისებები, ეგოიზმი, ცოტა შური თუ სხვა, რომელთა დათრგუნვასაც უნდა შეეცადოს. ამასაც ნიჭი უნდა, რომ გააანალიზო, რა გაქვს უარყოფითი.
ჯიუტი ვარ, მაგრამ იმდენად არა, რომ ამასთან ბრძოლა მჭირდებოდეს. ხანდახან სიჯიუტე, თუ მას პრინციპულობად მოვნათლავთ, საჭიროცაა, თუნდაც საქმეში, მაგრამ მთავარია, რომ ეს სიჯიუტე ახირებასა და აკვიატებაში არ გადაგეზარდოს.
რაც შეეხება ჩემს დადებით მხარეს, ალბათ, უპირველსად, შრომისმოყვარეობა უნდა ჩაითვალოს პლუსად, ამასთანავე მაქვს უსაზღვო მოთმინების უნარი, მაგრამ თუ ფიალა ამევსო, იქ მთავრდება ყველაფერი, ეს მეგობრული ურთიერთობა იქნება თუ პირადი. კიდევ რა შემიძლია გითხრათ?! ის, რომ ადამიანს სიკეთეს არ ვუკარგავ, შეიძლება, უმალვე ვერ გადავუხადო სამაგიერო, ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ არასდროს მავიწყდება ჩემთვის გაკეთებული კეთილი საქმე და თუ დავჭირდები, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ იტყვიან, კანიდანაც კი გამოვძვრები.
- მაინც რამ შეიძლება გამოგიყვანოს წყობიდან?
- პროფესიული თვალსაზრისით, წყობიდან გამოვყავარ უნიჭობას, საშინელებაა, როცა კონკრეტული სცენის დადგმისას ხვდები, რომ მართალი ხარ და ამ დროს გეწინააღმდეგებიან, ამ დროს საშინლად ვბრაზდები. ასევე საშინლად ვერ ვიტან უყურადღებობას, ზოგადად ვამბობ, არა მხოლოდ პირადში, გარკვეულწილად ჩემში ეგოიზმი დევს და ამის გამო ძალიან ბევრს ეგონა, რომ დედისერთა ვიყავი. მოკლედ, ყველაფრის მიმართ მაქვს ასეთი დამოკიდებულება - რაც ჩემია, ჩემია, აქ მხოლოდ ადამიანები არ იგულისხმება, იმავენაირად ვარ, ვთქვათ, ტანსაცმელთან მიმართებით. ძალიან არ მიყვარს სამოსის განათხოვრება, არის რაღაცები, რასაც გათხოვებ, მაგრამ ასევე მაქვს რაღაცები, რასაც ვერავის ვათხოვებ. შეიძლება, სერიოზული კამათი მომივიდეს იმაზე, რომ ვიღაცამ განათხოვრებული სამოსი დალაქავებული მომიტანოს, როგორსაც ჩავაბარებ ადამიანს, ისეთი უნდა დამიბრუნოს. თუ ასე არ მოხდა, ამას წყობიდან გამოვყავარ.
- გაბრაზებას როგორ გამოხატავ?
- საერთოდ, შეიძლება ბევრმა რამემ გამაბრაზოს, მაგრამ გაბუტვას ვერ ვიტან. არ მიყვარს ბუტია ადამიანები, არც ქალი მომწონს ბუტია და მით უმეტეს, არც - კაცი. მყავს ერთი მეგობარი, ოღონდ არა ბავშვობის, რომელმაც იცის, თუ გაბრაზებული ვარ, არ უნდა მომეკაროს, საერთოდ, ხმა არ უნდა გამცეს და ცოტა ხანში მე თვითონვე დავწყნარდები, დავდგები კარგ ხასიათზე, მაგრამ ასევე მყავს მეგობრები, რომლებიც დღემდე ვერ მიხვდნენ ამას, გაბრაზების დროს მაქვს ბევრი ეკალი, ვიჩხვლიტები და შემიძლია, ვიყვირო, ვიჩხუბო, ვიბუზღუნო და ა.შ. გაბრაზება 2-3 დღესაც არ მიმყვება.
- როდესაც დეპრესიაში ხარ, რას გამოჰყავხარ მდგომარეობიდან?
- ჩემს საქმეს. როდესაც შედიხარ რეპეტიციაზე ან სპექტაკლზე, რეალობას სწყდები, გადადიხარ სხვა სამყაროში. ამ პროფესიაში არავის აინტერესებს რა პრობლემა გაქვს, გტკივა, გშია, გწყურია, ვალები გაქვს თუ სხვა, აქედან გამომდინარე, გინდა თუ არა, ეშვები საქმეში და ნელ-ნელა გამოდიხარ მდგომარეობიდან. მაგრამ თუ ისეთი სეზონია, როცა არაფერი ხდება, საქმე არ მაქვს და ვარ დეპრესიაში, მაშინ ყველაზე მეტად ძილი მშველის. როდესაც მამა გარდამეცვალა, საშინელი დეპრესია მქონდა, ეს იმდენად დიდი სტრესი იყო, რომ მოვედი თეატრში, ვიცოდი, რა სპექტაკლი უნდა მეთამაშა, რა მერქვა, მაგრამ არ მახსოვდა ტექსტი, არადა, მანამდე ამ სპექტაკლს კვირაში ორჯერ მაინც ვთავაზობდით მაყურებელს. სტრესისა და შოკის ფონზე ყველაფერი დამავიწყდა, თუმცა სადღაც ორ კვირაში, ეტყობა, ტვინში ყველაფერი დალაგდა და ჩვეულებრივად გავაგრძელე მუშაობა.
- როგორი მეგობარია ია სუხიტაშვილი, მაშინ როცა დეპრესია გაქვს და ცუდად ხარ, შეგიძლია მოუსმინო მეგობარს, რომელსაც უჭირს?
- კი, აუცილებლად. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, გეტყვი ერთ რამეს, თუ არ გაქვს მოსმენის კულტურა, თუ არ გაიგე, რას გეუბნება რეჟისორი, არ მოუსმინე პარტნიორს, შენს საქმეს კარგად ვერ გააკეთებ. აქედან გამომდინარე, ვამბობ, ნებისმიერ დროს შემიძლია მოვუსმინო მეგობარს და მივცე რჩევა, მაგრამ თუ არ შემიძლია რჩევის მიცემა, მაშინ ვეუბნები, ნუ აჩქარდები, მიჰყევი დინებას და თვითონ გაჩვენებს, რა უფრო უკეთესი იქნება-მეთქი. როგორც წესი, ადამიანებს ხომ ყოველთვის გვეჩქარება?! მეც დამიჭერია ჩემი თავი ბევრჯერ ამაში და იგივე რჩევა მიმიცა საკუთარი თავისთვის, რადგან ცხოვრებაში ზოგჯერ სწორედ ეს სიჩქარე ბევრ რამეს გვიშავებს.
- ადვილად ტირი?
- არ ვარ მტირალა, მაგრამ ხანდახან ძალიან მინდა ვიტირო, რადგან თურმე ტირილი სტრესიდან გამოსვლის ძალიან კარგი საშუალებაა.
- ბოლოს რის გამო იტირე?
- რობერტ სტურუა რომ წავიდა თეატრიდან, საშინელ ისტერიკაში ჩავვარდი, მე ასე არასდროს მიტირია. ეს არის ადამიანი, რომელმაც მაზიარა ჭეშმარიტ ხელოვნებას, გემოვნებას და ძალიან ბევრ რამეს. მისი რეპეტიციები ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო, არა მხოლოდ იმის გამო, თუ როგორ შეჰყავდი როლში და როგორ გიხსნიდა ფანტაზიას, არამედ იმიტომაც, რომ ყოველთვის გიყვებოდა ბევრ საინტერესო ამბავს. თუ ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ ეს ყველაფერი შეიწოვოს და შეინახოს, მაშინ უდიდეს გამოცდილებას მიიღებს. მისი წასვლით თითქოს საყრდენი გამომეცალა. შეიძლება, ხმამაღალ ნათქვამად ჩამითვალოთ, მაგრამ მოგეხსენებათ, მას ჰყავდა გამორჩეულად საყვარელი მსახიობები და ბედნიერი ვარ, რომ მეც მათ რიგებში მოვიაზრებოდი. ამ ყველაფერის ფონზე კი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ის ჩვენ გვერდით თეატრში აღარ იქნებოდა, სასწაულად ავტირდი, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი.
- არ გაგიჭირდა მეორე დღეს თეატრში მოსვლა?
- კი, როგორ არა, მაგრამ სპექტაკლმა "ნადირობის სეზონი" ძალიან ბევრი რამ გადამატანინა. თან, წასვლის წინ ასეთი რამ მითხრა, ამ სპექტაკლს გაბარებ და გთხოვ, მიხედოო. ხანდახან მსახიობები როლში იმდენად ვიჭრებით, რომ ზედმეტი იმპროვიზაცია მოგვდის და ეს აფუჭებს სპექტაკლს, სწორედ ეს იგულისხმა რობიკომ ამ სიტყვებში და ამით დიდი პასუხისმგებლობა გამიჩინა. შეიძლება ითქვას, მხრებში გამართული ვარ იმით, რომ მის დანაბარებს ვასრულებ.
- ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას, შენ რას ნანობ განსაკუთრებულად?
- 2003 წელს ლენფილმის მიწვევით წავედი ლენინგრადში გადაღებებზე და ძალიან კარგ მსახიობებთან ერთად ვითამაშე სერბი გოგო. იმ პერიოდში რუსაველის თეატრი რემონტდებოდა, იმავდროულად, მე თუმანიშვილის თეატრის შტატშიც ვიყავი, მაგრამ აქ არაფერი ხდებოდა, არც გადაღებები მქოდა და არც გათხოვილი ვიყავი. გერმანმა, რომელიც ზემოხსენებულ ფილმს იღებდა, მკითხა, რა ხდება საქართველოში, რა უნდა გააკეთო, უკან რომ დაბრუნდებიო, არაფერი-მეთქი, - ვუპასუხე და ავუხსენი აქ არსებული მდგომარეობა. ამის მოსმენის შემდეგ ასეთი რამ შემომთავაზა, დარჩი, დაგსვამ "ვგიკში" შერეულ ჯგუფში, ბოლო კურსზე, თან გყავს აგენტი და აქ კარგად იქნებიო. იმ პერიოდში ფულიც მქონდა, ასევე იქვე მყავდა მეგობრის მეგობარი ნინა, რომლის მამაც იყო ცნობილი არქიტექტორი, ფაქტობრივად, ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობდა, თან ნინამ რომ გაიგო ამ შეთავაზების შესახებ, მეხვეწა დარჩიო, მაგრამ რატომღაც არ დავრჩი და ამას საშინლად ვნანობ, ვერანაირად ვერ მიპატიებია თავისთვის. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ ორი მიწვევა მქონდა, მაგრამ საქართველო-რუსეთს შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა, შეიქმნა საჰაერო ვაკუუმი და ტურისტული ვიზაც კი ვერ გავაკეთე, რომ ჩავსულიყავი. მოკლედ, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ალბათ უფრო სხვანაირად წარიმართებოდა ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება, არც ამას დავკარგავდი და არც იმას.
- ახლა ცოტა სხვა კუთხით წავიდეთ და გვითხარი, როგორი დედა ხარ?
- ვერასდროს ვერ გამოვხატავდი ბავშვების მიმართ სიყვარულს და განსაკუთრებულად ვერ ვეფერებოდი, ლუკა ერთადერთი ბავშვია, რომლის მიმართაც დიდ სითბოს ვიჩენ. სხვათა შორის, დედაჩემმაც კი აღნიშნა, არ მეგონა, თუ ასეთი თბილი იქნებოდიო. ლუკა ერთადერთია, ვის გამოც და ვისთან ერთადაც შემიძლია ყირაზე გადავიდე. ძალიან ცელქია, ერთი წუთით არ ისვენებს და სულ უნდა, რომ მასთან ერთად ითამაშო ომობანა, ებრძოლო და ა.შ.
- მიშა რამდენად უწყობს ფეხს მის ომობანას?
- გიჟდება, აფანატებს მიშაზე ჩემი შვილი. საერთოდ, ლუკა ძალიან ჯიუტია, მაგრამ მიშასთან ძალიან დამჯერი ხდება. ისე, მიშაც აღნიშნავს ხოლმე, როცა სადმე მიმყავს, "დასტოინად" იქცევაო. მეც მასავით განებივრებული ვიყავი ბებიებისგან და ლუკაში ჩემს ხასიათს ვიჭერ, სულ უნდა ლიდერის პოზიციაზე ყოფნა და ეს ჩემს თავს მაგონებსო.
- რაც შეგეხებათ თქვენ, რა არის თემა, რაზეც შეიძლება იკამათოთ?
- არის გარკვეული თემები, რაზეც, როგორც ნორმალური ადამიანები ვკამათობთ. აი, თუნდაც, შეიძლება ვიდავოთ რომელიმე მსახიობზე, მე ვიტყვი მომწონს, ის საპირისპიროს აცხადებს, ნუ, აი, რას უწუნებ?! არ მომწონს და რა ვქნა და ასე გრძელდება საუბარი. ასევე ჩვენი საკამათო თემა შეიძლება იყოს ტანსაცმელი, ვერაფრით ვერ იტანს, ვიწრო ჯინსი რომ მაცვია, მე კი მიყვარს. საერთოდ, მეზიზღება, რომ აცხადებენ, ჩვენ არაფერზე ვკამათობთ, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთო. რას ნიშნავს ეს? როგორ შეიძლება, ორ განსახვავებულ ადამიანს ერთი და იგივე აზრი ჰქონდეს ყველაფერზე, მერე რა, რომ ერთმანეთი უყვართ. ეს დიდ სისულელედ მიმაჩნია.
- როგორც გვითხარი, ბუტიაობა არ გიყვარს, მაგრამ კამათის შემდეგ პირველ ნაბიჯს ვინ დგამს შესარიგებლად?
- ასე განსაზღვრული არაა ეს. ხან მე მივალ და მოვეფერები, ხან ის და ასე მთავრდება ეს ამბავი იქვე, ყოველგვარი გაგრძელების გარეშე.
- დროის გასვლასთან ერთად შეიცვალა რამე თქვენს ურთიერთობაში?
- კი, როგორ არა. შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს შეყვარებულობის პერიოდი, მაგრამ როდესაც ქმნი ოჯახს, რაღაცები სხვანაირად გეჩვენება, რაღაცაზე შეიძლება გაღიზიანდე, რაღაცამ გაგაბრაზოს, მაგრამ მერე ნელ-ნელა ეს ყველაფერი რეგულირდება, ბალანსდება და მერე უფრო ნაკლებად კამათობთ და ეგუებით ყველაფერს.
- ია, მეორე შვილის გაჩენას არ აპირებ?
- როგორ არა, უბრალოდ, ყველაფერი ღმერთის ნებაა. ვერ ვიტყვი ნამდვილად, რომ საქმის, როლის და სხვა მიზეზების გამო არ მინდა შვილის გაჩენა. მაგალითად, ლუკაზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, 7 თვის განმავლობაში მშვენივრად ვიდექი სცენაზე, მაგრამ ამას აღარასდროს გავაკეთებ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ იცი, რა შეიძლება მოხდეს სცენზე. უცბად რომ დაეცე ან რაღაც ჩამოვარდეს, ამისგან დაზღვეული ხომ არ ხარ. ამასთან, მე ყველა სპექტაკლში ემოციური როლები მაქვს და ეს ყველაფერი ბავშვზე მოქმედებს, რა საჭიროა, მუცლადმყოფი ბავშვი დავტვირთო იმ ტრაგედიებით, რასაც ვთამაშობ? მგონია, რომ ძალიან დიდი სისულელე იყო 7 თვემდე სცენაზე დგომა. საშინლად აქტიური ორსული ვიყავი, სულ მინდოდა, საქმე მეკეთებინა, მემოძრავა და მგონი, ამის ბრალია, რომ ლუკა ასეთი ცელქია (იღიმება).
- დასასრულისკენ, დაასახელე რამდენიმე ნივთი, რის გარეშეც ცხოვრება გაგიჭირდება...
- ძალიან რთული კითხვაა. პირველ რიგში, ეს არის მობილური ტელეფონი, სულ მიკვირს, ამის გარეშე როგორ ვცხოვრობდით და როგორ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, კომპიუტერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია-მეთქი, რომ ვთქვა მოგატყუებ, მაგრამ კიდევ რა არის ის, რის გარეშეც ცხოვრება გამიჭირდება (ფიქრობს)? სასწაული თუ გინდა, ვერ ვიხსენებ ვერაფერს (იცინის). ღმერთო, გამახსენე რა ნივთი არსებობს ისეთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია..
- სარკის გარეშე გაძლებ?
- ვერა. რა კარგად შემახსენე, ყოჩაღ. სარკე ჩემი მანიაა. იცი, რამდენი სარკე გვაქვს ოთახში მე და მიშას? სამი. მეტიც, რემონტს რომ ვაკეთებდით, ჩვენი ოთახის კარში მინის მაგივრად სარკე ჩავაყენეთ.