„ოცნების“ წინასაარჩევნო ტრიუკი: მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა

„ოცნების“ წინასაარჩევნო ტრიუკი: მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა

მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან შესაძლო გაწვევას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუების მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების მიერ არჩევნების მეორე ტურისთვის დადგმული ახალი ფარსია:

„ახლა მიმართეს ახალ ფანდს და ახლა ამ კანონპროექტის გაწვევით აჩვენონ, რომ მასზე უარს ამბობენ, თუმცა ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის არის ამ კანონპროექტის ინიციატორი და ამ კანონის მიღება საპირებენ. ახლა ფიქრობენ, რმ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ისევ აამოქმედებენ კანონს“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე „მარიხუანის კულტივაციასთან“ დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევის ინიციატივით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოვიდა. პარლამენტის წევრმა, აღნიშნული თხოვნით კომიტეტის თავმჯდომარეს, გუშინ გამართულ სხდომაზე მიმართა.

„წინასაარჩევნო პროცესებმა და არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ბევრი დასაფიქრებელი ფაქტორი გამოიკვეთა. საზოგადოებამ ბევრ მოვლენაზე, მათ შორის სხვადასხვა საკითხზე, თავისი აზრი ძალიან მკაფიოდ დაგვიფიქსირა და არის თემები, რომლებიც მათთან ერთად ღრმა განხილვას საჭიროებს. ჩვენ მივიღეთ ეს გზავნილები და ჩვენ ვართ ნამდვილად ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც კარგად ესმის საზოგადოების, ყოველთვის ესმოდა და დღესაც ამ პოზიციაზე ვართ. ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩვენს მოსახლეობასთან არ ვიყოთ ადექვატური და არ გადავდგათ ის ნაბიჯები, რათა შედეგები იყოს ისეთი, როგორიც შეეფერება ქვეყნის ღირსეულ მომავალს.

მარიხუანის კულტივირებასთან დაკავშირებით, რადგან წამყვან კომიტეტად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა, ბატონო თავმჯდომარე მოგმართავთ თხოვნით, რომ ბიუროზე დააყენოთ საკითხი ამ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საზოგადოებამ თავისი ძალიან მკაფიო გზავნილი გამოგვიგზავნა და ამასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმსჯელოთ.“ - განაცხადა ლევან კობერიძემ. პარლამენტის წევრის ინიციატივას კომიტეტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური დაეთანხმნენ. „ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას და ვთვლი რომ იგი საზოგადოების განწყობასთან თანხვედრაშია. არა თუ სასურველია, ვფიქრობ რომ აუცილებელია ეს კანონპროექტი იქნეს გაწვეული“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მთავრობის მიერ მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის უკან გაწვევევის საკითხს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს.