სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ბედავენ და ამბობენ, რომ ხალხს ავტორიტარიზმი მოენატრა. ბედავენ და ამბობენ, რომ ხალხის ბრალია ყველაფერი. ხალხის ბრალი არ არის, შენი ბრალია, შენი, ბ-ნო ივანიშვილო!
შენი ბრალია, რადგან გირგვლიანის საქმის შემოქმედი მოსამართლე სამუდამო მსაჯულად მოგვივლინე.
შენი ბრალია, რადგან დასასჯელი და დილეგში გამოსამწყვდევი ოცეულიდან, მეასე რიგში მსხდარი უტვინო ევროპარლამენტარების შიშით, მხოლოდ მერაბიშვილსა და ახალაიას მიწვდი.
შენი ბრალია, რადგან შენი მონები საწოლში ჩაცხრილულ ბიჭს მტკიცებულებების გარეშე, ცინიკურად ტერორისტად მოიხსენიებენ.
შენი ბრალია, რადგან შენმა მონებმა სამი კაცი ვერ დაიჭირეს, რათა უბედურ შვილმკვდარ მამას ჩუმად ეგლოვა დანით დასერილი ვაჟი.
შენი ბრალია, რადგან ჩვენ მაგივრად, მონობისა და ქვეშევრდომობის ნიშნით ირჩევ ყველა პრემიერ-მინისტრს! პრემიერ-მინისტრების გარდა კი, თავადვე ნიშნავ კრიმინალურ ავტორიტეტებს "შავი საქმეების" მოსაგვარებლად. ისინი კი ხელშეუხებელნი არიან!
შენი ბრალია, რადგან 37 ათას დოლარად შენი დეპუტატები სასახლეებს იშენებენ.
შენი ბრალია, რადგან ყველა ბანკირსა და ყველა "ვანო ჩხარტიშვილს" შენი იმედი საფუძვლიანად აქვს.
შენი ბრალია, რადგან გასულ წელს ბეჟუაშვილების კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის ამოწყვეტილ ოც ტყიბულელ მუშაზე ხმა არ ამოგიღია.
შენი ბრალია, რადგან სვანებს დაპირდი ჰესებისგან თავის დახსნას და შემდეგ მოატყუე.
შენი ბრალია, რადგან საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა მხოლოდ მარიხუანას პლანტაციების ხარჯზე წარმოგიდგენია.
შენი ბრალია, რადგან ირაკლი კობახიძე.
ხვალ მკვლელებს, დამნაშავეებს ციხეებიდან, დევნილობიდან დაიხსნიან და ისევ ჩვენ მოგვიწევს მათ წინააღდეგ ბრძოლა. თუ ეს კოშმარი ნამდვილად მოხდა, ნუ გგონია, რომ ბიგვავას, მაღლაფერიძისა და ხაინდრავას მიერ შექმნილ რეალობას შეაფარებ თავს. შენ მოგთხოვთ პასუხს, შენ! ნებისმიერ შემთხვევაში, შენ მოგეთხოვება პასუხი!
შენი ბრალია!”