"info9"-ს ყოფილი ჟურნალისტი დინა მირცხულავა სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს, რომელსაც არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებას უკავშირდება:
"დაალაგეთ ახლა სახის ტერიტორიები, დაივარცხნეთ თმები, ცივი წყალი შეისხით, მიიბან – მოიბანეთ, გამოდით ხალხში და ბოდიში მოიხადეთ… მოგვიხადეთ! ჩემით დაიწყეთ, დიახ, ჩემით… შეგახსენოთ “ინფო 9”–ის გარეშე ხალხში გასვლა რომ გეშინოდათ? მერე ჩემს მძღოლთან მიდით, ღამეებს რომ ათენებდა მანქანაში, რამე რომ არ მოეპარათ… მშიერს ვინ ჩივის და უფუნქციოდ დატოვეთ. ტაქსაობით ირჩენს ახლა თავს. დაგვცინეთ, სულში გვაფურთხეთ, არსაიდან მოსულები დაასაქმეთ, ნაცები დააწინაურეთ. უვიცები, გაუნათლებლები შეყარეთ საჯარო სამსახურებში, პასუხს რომ ვერ სცემენ მოქალაქეს და კაბინეტიდან კაბინეტში დარბიან საკითხავად. ყელში მაქვს მაგათი სელფები კაბინეტებიდან.
"ქართული ოცნება" შეაძულეთ ხალხს, გული აუყარეთ… მართლა მჯეროდა ცვლილებების, მართლა გულით ვაკეთებდი ჩემ საკეთებელს… მხოლოდ დეკორაციების ცვლილება წავიდა და სხვა არაფერი.
გვაიძულეთ, გვაიძულეთ და იძულებით გაგემიჯნეთ… ათასი სატკივარით – ჩემს შვილს არ მოშივდეს, ძვლებამდე დამდნარი მამა ექიმთანაა მისაყვანი, დევნილების ფული მთელი წლის მაქვს აღებული და ა.შ. დაგვშალეთ უერთგულესი ხალხი, იდეის გარშემო შეკრებილები. მერე გამოდიხართ წინასაარჩევნოდ და მშიერი იმიტომ ხარ, მეტი არ შეგიძლიაო… თუ გადახდის ტრაკი არა გაქვს, ვალი არ უნდა აიღოო.
გამწარებული ხალხი მეორე ტურში უარესს გიზამთ… ერთი თავგადაკლული ქოცი გარბოდა დღეს არჩევნებზე – – 2012–ში რომ დედიჩემისა ვჭამე, ის უნდა გამოვასწოროო… გამოიცანით, ვის შემოხაზავდა. ლარი ადეკვატურია…დოლარი ადეკვატურია, ეკონომიკა ადეკვატურია, გუგულა ადეკვატურია…. მე და ბევრი ვართ მარტო გიჟები", - წერს დინა მირცხულავა.