თუ დაგვიანდა ოქმების შეყვანა, აუცილებლად იქნება მშვიდობიანი, მასშტაბური პროტესტი

თუ დაგვიანდა ოქმების შეყვანა, აუცილებლად იქნება მშვიდობიანი, მასშტაბური პროტესტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა ამბობს, რომ ცესკოში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები იმისთვის მიიდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდონ, ხელი აიღონ გაყალბებისგან.

„თუ დაგვიანდა ოქმების შეყვანა, აუცილებლად იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მასშტაბური პროტესტი. ეს იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ თავზე ხელი აიღეს, რისკენაც ალბათ თავის ქვეშევრდომებს უბიძგებს ივანიშვილი. არ სჭირდება ოქმების შეყვანას დღეები, ეს უნდა გაკეთდეს საათებში. ველოდებით პირველად მონაცემს და მშვიდად, წყანარდ დავიცავთ ხალხის ხმებს.

ძალიან უცნაურია, რატომ აგვიანებს ცესკო მონაცემების შეყვანას. აქ მოვედით იმისთვის, რომ მათ მოვუწოდოთ, ხელი აიღონ ყველანაირ გაყალბებასა და მანიპულაციაზე. როგორც ჩანს, ამის არაფორმალური ბრძანება მიღებული აქვთ. ვულოცავ ყველას, რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვა მოღალატურ პოლიტიკაზე, რომელსაც სახელისუფლებო კანდიდატი ქალბატონი ზურაბიშვილი ახმოვანებდა. შედეგები არის წარმოუდგენლად კარგი და იმედისმომცემი. ფაქტობრივად, გამორიცხულია, რომ არ იყოს მეორე ტური და ტენდენცია ისეთია, რომ შეიძლება პირველივე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს. ვერავინ, ვერც ოლიგარქი და ვერც მისი დამქაშები ქართველ ხალხს ვერ მოპარავენ ქვეყნის თავისუფლებას, ქვეყნის მთლიანობას და რაც მთავარია ხმებს, რაც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს“, - განაცხადა ნიკა რურუამ.