პარასკევს „რეზონანსის" ნომერში გავიდა სტატია სათაურით, „ეგზიტპოლებს მარტო „ნაცმოძრაობა" და ევროპული საქართველო" ატარებენ, სადაც ცესკოდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ 28 ოქტომბერს მხოლოდ „რუსთავი 2"-ის დაკვეთით „ედისონ რისერჩის" და „ევროპული საქართველოს" დაკვეთით ბი-სი-ჯის ეგზიტპოლები ტარდება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ორი კომპანიის გარდა ეგზიტპოლს „ქართული ოცნების" დაკვეთით ატარებს ზურაბ ბიგვავას დაფუძნებული „ფსიქო-პროექტი" და კომპანიამ ცესკოში ოფიციალური განცხადება შაბათს შეიტანა, რაც „რეზონანსს" ცესკომაც დაუდასტურა.
გარდა ამისა, „რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ „ოცნების" დაკვეთით ეგზიტპოლების ჩატარებაზე და ამ ეგზიტპოლების „იმედზე" გაშვების შესახებ შეთანხმება თავიდანვე არსებობდა, თუმცა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედმა" „რეზონანსთან" პარასკევს რატომღაც დამალა.
საინფორმაციო სამსახური უფროსი ნანა ლეჟავა აცხადებს, რომ მათ პასუხი გასცეს მხოლოდ იმაზე, რომ ტელეარხის დაკვეთით არ იგეგმებოდა ეგზიტპოლი.
„ჩვენ არ დაგვიკვეთავს არანაირ ეგზიტპოლი და „იმედს" არ ექნება მის მიერ შეკვეთილი ეგზიტპოლი. გავა ყველა ეგზიტპოლი, რომელიც ექნება სხვებს. მე გითხარით, რომ „იმედის" ეგზიტპოლი, ისე როგორც „რუსთავი 2"-ს აქვს შეკვეთილი, არ იქნება. მარტო თქვენ არ დაგირეკავთ, ბევრმა დამირეკა და იგივე ვუპასუხე. „იმედს" არ დაუკვეთავს წელს ეგზიტპოლი და ვაჩვენებთ „რუსთავი 2-ის" ეგზიტპოლს და ვაჩვენებთ სხვებსაც..." - განაცხადა ნანა ლეჟავამ და ტელეფონი გათიშა.