მსახიობი ავთო მიქაძე ბატონი გივი ბერიკაშვილის შესახებ ერთ „არაჩვეულებრივ შემთხვევას“ არაერთხელ ყვებოდა.
„ერთ დღეს მარჯანიშვილის თეატრის წინ ვდგავარ და ამხანაგს ვესაუბრები „გაზ-24“-ზე მიყუდებული. მოვარდა ინსპექტორი (როგორც ჩანს, სულ ახალი იყო).
- რატომ დგას აქ მანქანა? – მომე საბუთები! – მომმართა მკაცრად.
- არ მაქვს თან, სახლში დამრჩა-მეთქი, - ამოვიოხრე.
- არ გაქვს ხომ? – ძალიან კარგიიი! ახლა მიყურე, ჩაიჩოქა მანქანის წინ, ნახევარი საათი იწვალა და ოფლში გაღვრილმა ძლივს მოხსნა მანქანის
წინა ნომერი.
- წინა რომ მოხსენი, უკანათი ვერ ივლის მანქანა? – გავაკრიტიკე! – დაუჯდა ჭკუაში, ახლა უკან ჩაიჩოქა, გასავათდა, მაგრამ მოხსნა ისიც.
- ახლა ამ ნომრებს მე წავიღებ და მომაკითხავ იქ! – მეუბნება ნიშნისმოგებით.
- სად, იქ?
- ავტოინსპექციაში.
- რატომ?
- რა რატომ?
- რატომ უნდა მოგაკითხო ავტოინსპექციაში?
- აბა, ნომრები არ გინდა?
- ეს ჩემი მანქანა არაა.
- რააა?! – ფერი დაკარგა ინსპექტორმა და შეხედა, როგორ გამორბოდა თეატრის შენობიდან გივი ბერიკაშვილი.
- რას შვები, კაცო, შენა! – გაგიჟდი? – ახლავე მიაკარი ნომრები ჩემს მანქანას!
- თქვენია, ბატონო გივი? – ბოდიში, ახლავე. ჩაიჩოქა ინსპექტორმა და ნომრების მიმაგრებას შეუდგა. აი, ასეა. გივის ყველაფერი ეპატიება საქართველოში.“