ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე ამ სახალისო ისტორიას არაერთხელ იგონებდა.
„დონ კიხოტის” გადაღებაზე რეზო ჩხეიძემ შემიკლო ხელში. წონაში უნდა მოიკლოო და დამსვა ამხელა კაცი ვაშლის და ბრინჯის დიეტაზე. უშაქრო და უმარილო ბრინჯი და ვაშლი ჭამოს ყოველდღე ჩვენმა დამაწყევარმა. 104 კილოდან 78-ზე ჩამომიყვანეს. ქვა იწვოდა ჩემი ცოდვით.
ახალციხეში ხდებოდა ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება, იქ ბანკეტი მოგვიწყეს ერთ საღამოს, მთელი რაიკომი იქაა. შენც წამოდი, კახიო - რეჟისორმა. სად უნდა წამოვიდე, თუ გიყვარდე, კაცი დაფაზე ცარცით დახატულს ვგავარ-მეთქი. “დონ-კიხოტის” კოლექტივს იღებენ და უდონკიხოტოდ როგორ წავალთო? მოკლედ, დამიყოლიეს და დავყევი.
გაიშალა სუფრა, ულაწუნებს ყველა მწვადს და გოჭის რბილ-რბილ ხორცს. შემწვარი წიწილები, მოხარშული ბურვაკი, ხაჭაპურები ცხელ-ცხელი. მე დამიდეს უმარილო ბრინჯი. რავარია?
ერთი საათი გავუძელი, მეორე საათი რომ დაიწყო, შევატყე, კონტროლიდან გამოვდიოდი. ბოლოს და ბოლოს კახი ვიყავი, მართლა დონ-კიხოტი კი არა. დონ-კიხოტს გააციებს წელში ჩემი ცოდვისთვის-მეთქი, - გავიფიქრე, - ესენი როგორ მაჯობებენ, ერთ ცხვარს შევჭამ, თუ საქმეს დასჭირდა, დაუხმარებლად.
ვეღარ მოვითმინე, ვსტაცე ხელი ქათმის ბარკალს და მივაყოლე შეგრილებული ხაჭაპური. სანამ ვინმე ყურადღებას მომაქცევდა მწვადიც ვიდურთე პირში და ღვინო რომ მივაყოლე, “ჩამიშვა” ვიღაც ენაგასახმობმა.
- მღუპავ? – იყვირა რეზო ჩხეიძემ და დაიძრა ჩემსკენ ორი ასისტენტი.
- არ დაგანებებთ, - შევიტენე პირში ხორციანი “პერაშკი”. ერთი ასისტენტი ვერ მომერეოდა, მეორე ჯერ შორს იყო. ვეცი ისევ ღვინოს და გამიკავეს კიდეც ხელები. გვიანი იყო, დანაყრებულიც გახლდით და გამობრუჟულიც.
ასეა, მსახიობი რეჟისორის ტყვეა, მონაა. ზოგს ჰგონია, რა კარგი პროფესიაა, ერთობი და ფულს იღებო, არაა ბაბაია მასე, არა.”