გასული კვირის ინფორმაციამ ჯონ ლორდის გარდაცვალების შესახებ, შეძრა მთელი მუსიკალური სამყარო, დაამწუხრა რა ყველა, ვისაც კი ოდნავ რაიმე გაეგება მუსიკაში. ჯონ ლორდის ამ ქვეყნიდან გასვლას უკვე გამოეხმაურა უამრავი მუსიკოსი, თანაც არა მხოლოდ პიანისტი. ამ განცხადებების წამკითხავი ადამიანი კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ დიდი სიკეთე აქვს დატოვებული შესანიშნავ მუსიკოსს სხვადასხვა თაობების კოლეგებისთვის.
ჯონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა Black Sabbath-ის სამმა წევრმა - ტონი აიომიმ, გიზერ ბატლერმა და ბილ უორდმა. ტონი აიომი იხსენებს ჯონ ლორდთან გატარებულ ბედნიერ წუთებს და ყურადღებას ამახვილებს ბოლო ერთობლივ პროექტზე Who Cares, სადაც ჯონ ლორდის მონაწილეობამ განსაკუთრებული შემოქმედებითი სულისკვეთებით აღანთო მძიმე მუსიკასთან გაცილებით დაახლოვებული ხალხი. ლორდის მარტო ყოფნა სტუდიაში, თურმე საკმარისი ყოფილა იმისათვის, რომ მუსიკოსებს საზეიმო განწყობა შექმნოდათ.
ამის შესახებ სტივ მორსი საუბრობს, რომელიც ვრცელ ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორ ეხმარებოდა ლორდი Deep Purple-ში ახალ მისულ გიტარისტს საკუთარი იდეების განხორციელებაში. „იგი თითოეულ მუსიკოსს ყოველთვის უსმენდა და იდეების ბოლომდე განხორციელების საშუალებას აძლევდა. არასოდეს არავის თრგუნავდა და მასთან ურთიერთობა ერთი სიამოვნება იყო. ბოლოს ერთად დაახლოებით ერთი წლის წინ დავუკარით ორკესტრთან ერთად. ჯონს ყოველთვის ენატრებოდა Deep Purple და მის გარეშე წუთიც არ უცხოვრია. იგი არაერთხელ გვწვევია კონცერტების დროს, უბრალოდ მას ღლიდა გაუთავებელი გასტროლები და იმიტომ დასცილდა ჯგუფს, რომლის გარეშეც რიჩი ბლეკმორის სიტყვით „Deep Purple ვერასოდეს შედგებოდა“. რიჩიმ ასევე აღნიშნა, რომ მან საუკეთესო არამარტო პარტნიორი მუსიკოსი, არამედ მეგობარი და თანამესუფრე დაკარგა...
Deep Purple -ს ჯგუფურ განცხადებასთან ერთად, Whitesnake-ს განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც მუსიკოსები ბევრს როგორც ჩანს ვერც საუბრობენ... მრავალი სიტყვით არც გლენ ჰიუზის კომენტარი გამოირჩევა, რომელიც ამბობს, რომ ლონდონიდან ლოს ანჯელესში ჩაფრენილს მოუსწრო გამაოგნებელმა ინფორმაციამ. გლენ ჰიუზი ჯონ ლორდს უფროს ძმად იხსენიებს და ადამიანებს მისი უკვდავი სულისათვის ლოცვაზე მოუწოდებს...
ჯონ ლორდს Rainbow-ს მომღერლები ჯო ლაინ ტერნერი და გრემ ბონეტიც იხსენებენ. „ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ ადამიანს ვიცნობდი არამარტო როგორც პროფესიონალს, არამედ როგორც პიროვნებას. მისი ღვაწლი განუზომელია როკ მუსიკის განვითარებაში“ - აცხადებს ჯო ლაინ ტერნერი, რომლის აზრსაც Rainbow-ს ოჯახის კიდევ ერთი „სულიერი შვილი“ - ინგვი მალმსტინი და Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი იზიარებენ.
Uriah Heep-ის ლიდერი მიკ ბოქსი იხსენებს ჯონ ლორდთან ურთიერთობის მომენტებს 60-იანი წლებიდან მოყოლებული: „ჯონ ლორდი ჯენტლმენობით გამორჩეული დიდი მეგობარი იყო ჩემთვის. რაც შეეხება ჰამონდ ორგანს, უდავოა, რომ ჯონმა ამ ინსტრუმენტის ყველაზე ფართო სპექტრში წარმოჩენა მოახერხა. როდესაც უკითხავთ, თუ ვინაა ჩემთვის უდიდესი კლავიშებზე შემსრულებელი, ყოველთვის ჯონ ლორდს ვამბობდი“.
ჯონ ლორდის გარდაცვალებას კიტ ემერსონი ეხმაურება: „მარადიული ხსოვნა დიდ მუსიკოსსა და ჯენტლმენს, რომელმაც ელექტროორგანის განსაკუთრებული ჟღერადობა შექმნა.”
ძალიან დიდი სითბოთი იხსენებს ჯონ ლორდს დრამერი კერმინ ეპისი: „ბოლო ხანს ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ბევრს ვხუმრობდით და ჯონი ხშირად მეკითხებოდა ხოლმე, როგორ არიან Vanilla Fudge-ს ბიჭებიო. საუკეთესო ადამიანი იყო და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული“.
„ორჯერ მქონდა ბედნიერება ცხოვრებაში ჯონ ლორდთან შეხვედრისა. მასსავით სასიამოვნო, ნიჭიერი და თავმდაბალი ადამიანი პირადად მე არასოდეს შემხვედრია“ - განაცხადა გიტარისტმა ჯო ბონამასამ. სლეში კი ჯონ ლორდს როკ’ნ’როლში უმძიმესი და „უჯიგრესი“ ჟღერადობის შემქმნელად მოიაზრებს.
„ჯონ ლორდმა წარუშლელი კვალი დატოვა როკ მუსიკის ისტორიაში. მისმა მუსიკალურმა ხელწერამ მილიონობით ადამიანი აღავსო უდიდესი სულიერებით. Deep Purple-თან ერთად სცენაზე გამოსვლის ბედნიერება არაერთხელ მქონია, ჯონის ჰამონდი კი ყოველთვის მამოძრავებელი იყო ამ ჯგუფისათვის“ - განაცხადა ტედ ნიუჯენტმა.
„ჯონმა Purple -ს Deep (ანუ სიღრმე) მიანიჭა. ის იყო დიდი მუსიკოსი და ჯენტლმენი. ჰამონდს მის ხელში ხუმრობით „მდუღარე ჰამონდსაც“ კი ვუწოდებდი. ჯონს არასოდეს დავივიწყებთ“ - ეს სიტყვები წარსულში Rainbow-ს ბას გიტარისტსა და 21-ე საუკუნეში With A Hoochie Coochie Man-ის შემქმნელ (რომლის ფაქტობრივი ლიდერი ჯონ ლორდი იყო) ბობ დეისლის ეკუთვნის.
როგორც ვთქვით, ჯონ ლორდის გარდაცვალებას კიდევ არაერთი ცნობილი მუსიკოსი გამოეხმაურა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავი ჯონ ლორდის მეგობრისა და კოლეგის - Yes-ის რიკ უეიკმანისა და მისი სულიერი შვილის - Metallica-ს დრამერ - ლარს ულრიხის ვრცელი კომენტარებია.
ულრიხმა Deep Purple სცენაზე პირველად ცხრა წლის ასაკში, კოპენჰაგენში იხილა: „მას შემდეგ, რაც Deep Purple-ს კონცერტს 1973 წელს დავესწარი, იგი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ჯგუფად იქცა და ეს მომავალშიც ასე იქნება. ჯონ ლორდი კი ჩემთვის უსაყვარლესი ჯგუფის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო. ამიტომაც ჩემზე ძალიან მძიმედ იმოქმედა მისმა გარდაცვალებამ. სიტყვებით ვერ გამოვხატავ მის ღვაწლს როკ მუსიკაში, მასსავით არავინ ჟღერდა, მასსავით არავინ ჰქმნიდა, მასსავით არვინ გამოიყურებოდა, არასოდეს შემხვედრია მსგავსი არტისტიზმით, ჯენტლმენობით, კეთილშობილებითა და იუმორით აღსავსე ადამიანი...1987 წელს Deep Purple-თან ერთად რამდენჯერმე გავსულვართ სცენაზე. ყოველთვის დაუვიწყარი იქნება ჩემთვის ის საღამოები. ჯონ ლორდი, რიჩი ბლეკმორი ერთად... კლასიკა, ბლიუზი, როკი, მეტალი... ჯონი, როგორც პლანეტის უდიდესი როკ კლავიშებზე შემსრულებელი შევა ისტორიაში... 1992-ში The Black Album-ის ტურნეზე საორკესტრო ორმოში ჯონი და იან გილანი გამოჩნდნენ... თავი უეცრად სამოთხეში ვიგრძენი. წარმოიდგინეთ, მთელი კონცერტი ვუკრავდით ჩვენი ცხოვრების კუმირებისა და გმირების წინაშე, მერე კი ავტოგრაფები გამოვართვით...“
და ბოლოს რიკ უეიკმანი: „ჯონი პირველად Hush-ში მოვისმინე და მაშინათვე შევიძინე Shades Of Deep Purple, რომელიც ათწლეულით წინ იდგა 1968 წლის ალბომებზე, რადგან ჰამონდის მსგავსი ჟღერადობა მაშინ წარმოუდგენელი იყო. მალე ჩვენ დავმეგობრდით და ბოლო პერიოდამდე ერთად ვიყავით. ჩვენ უკვე გვქონდა მონახაზი ერთობლივი ალბომისათვის, რომელიც ძალიან საინტერესო უნდა გამოსულიყო. ჯონი ჰამონდის მხარეს დაიჭერდა, მე კი სინთეზატორებს მივხედავდი. ექსპერემინეტული პიესა ჩვენ უკვე შევქმენით და იგი ვიდეოზეც ყოფილა აღბეჭდილი, თუმცა კი არ მინახავს. ჯონი ვაჟკაცურად იბრძოდა საშინელი ავადმყოფობის წინააღმდეგ, ერთი კვირის წინ სტუდიაში უნდა შევხვედროდით, მაგრამ დამირეკა და მამცნო - ავად ვარო. მიუხედავად ამისა მის საუბარში სიმხნევე და საოცარი პოზიტივი იგრძნობოდა. ჯონი ჩემთვის უდიდესი დანაკარგია და გაცილებით დიდი, ვიდრე აქამდე წასული ნებისმიერი სხვა მუსიკოსი. ჩემი გული მის მეუღლე ვიკისა და შვილებთან ერთადაა...“
აი ასეთია დანატოვარი დიდი მუსიკოსისა, რომელმაც ყველას საოცრად დაგვწყვიტა გული. Rest in peace Jon and THANK YOU for everything...