სერგეი შამბა რეიტინგის თვალსაზრისით ვერ დაიკვეხნის, გადაწყვიტა თამაშის ახალი წესების შემოტანა, რამაც საქართველოს მიმართ განცხადება განაპირობა

სერგეი შამბა რეიტინგის თვალსაზრისით ვერ დაიკვეხნის, გადაწყვიტა თამაშის ახალი წესების შემოტანა, რამაც საქართველოს მიმართ განცხადება განაპირობა

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის შეფასებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები არ მიუთითებს, რომ მას საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა, არამედ მან აფხაზეთში არსებული მდგომარეობისა და საკუთარი რეიტინგების გათვალისწინებით თამაშის წესების შეცვლა გადაწყვიტა.

მამუკა არეშიძის განცხადებით, საქართველომ შექმნილი ვითარება აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

“სერგეი შამბა გამოცდილი პოლიტიკოსია და იცის, რასაც საუბრობს. მან ამ ტიპის განცხადება მეორედ გააკეთა, ეს გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მაშინ ამხელა ყურადღება არ გამოუწვევია. ამას შამბა სასოწარკვეთილი პოლიტიკოსის პოზიციიდან არ ამბობს. ამ ნათქვამს რამდენიმე მისამართი ჰქონდა: ერთი იყო მოსკოვი, მეორე - შიდა საზოგადოება და მესამე - დასავლეთი. შამბა, რომელიც დიდი ხანია, აფხაზეთის დე ფაქტო პოლიტიკაშია, რეიტინგის თვალსაზრისით ვერაფერს დაიკვეხნის, ამიტომ გადაწყვიტა თამაშის ახალი წესების შემოტანა და ამანაც განაპირობა ეს განცხადება. მარტივად რომ ვთქვათ, შამბა შეფარულად ამბობს იმას, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთი ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რომ მომავალში იძულებული გახდებიან, დაჩოქილი რუსეთთან ან საქართველოსთან მივიდნენ. რა კომენტარიც არ უნდა გაკეთდეს, ჩვენ დასკვნები უნდა გავაკეთოთ და ვიმოქმედოთ. უბედურება ის არის, რომ არ ვმოქმედებთ. აფხაზები ყოველთვის ასე აყენებდნენ საკითხს, რომ აღიარეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და მაშინ შევქმნათ პოლიტიკური დიალოგის ფორმატი - ჩვენთვის ეს მიუღებელია. ამ დაჟინებული მოთხოვნის გამო, პოლიტიკური ფორმატის დიალოგი ვერ შეიქმნა. ქართული მხარის სურვილი, რომ ასეთი დიალოგი შეიქმნას, არის, მაგრამ ამ დაჟინებული მოთხოვნის გამო მუშაობა პრაქტიკურლად შეწყდა და ახლა არანაირი აქტივობა არ მიმდინარეობს, რაც დამღუპველია. ამ დროს გეოპოლიტიკური და შიდა აფხაზური მდგომარეობაც იცვლება. იძაბება სიტუაცია მაგალითად, აფხაზებსა და სომხებს შორის და არ არის გამორიცხული, რომ ეს დაძაბულობა ერთ დღეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ასევე აფხაზეთში არის მძიმე სოციალური და კრიმინოგენული მდგომარეობა. ამ საკითხებს თუ კომპლექსურად მივუდგებით, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ შამბა თავის ნათქვამში შემდეგს გულისხმობდა: ძალიან მძიმე ვითარებაა, გამოსწორების პერსპექტივა არ ჩანს, იმიტომ რომ აფხაზეთში კლანური მმართველობაა. ჩვენ შექმნილი ვითარება აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ჩვენვე ვიმოქმედოთ. ბევრს ვლაპარაკობთ რუსულ „რბილ ძალაზე“, მაგრამ მთავარს ვერ ვაკეთებთ, რატომ ჩვენ არ ვქმნით და ვიყენებთ „რბილი ძალის“ სისტემას - ალბათ, ეს შეკითხვა ძალიან მნიშნვნელოვანია”,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ქართველებს მტრებად არ მიიჩნევს. ამასთან, შამბას განცხადებით, აფხაზეთი ღრმა კრიზისშია თუ კრიზისიდან ვერ გამოვა, შემდეგ საქართველოსა და რუსეთისთვის მოუწევს თხოვნა, შემადგენლობაში მიიღონ.