ილიაობა ილიას სამშობლოში

ილიაობა ილიას სამშობლოში

დღეს დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, ფინანსისტისა და ჟურნალისტის – ილია ჭავჭავაძის მშობლიურ ქალაქ ყვარელში, ილიას დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "ილიაობა 2010"-ის გამართვა იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყვარელში 11:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის  ღონისძიებებია დაგეგმილია. კერძოდ, "ილიას მოედანზე" საინფორმაციო ცენტრი საზეიმოდ გაიხსნება, 15:00 საათზე ყვარლის ციხეში სახალხო დღესასწაული მოეწყობა, ილიას სახლ-მუზეუმში სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების გამართვა იგეგმება, ყვარლის რაიონის მთავარ მოედანზე კი საზეიმო კონცერტი გაიმართება, ასევე დაგეგმილია სპორტის სასახლის საზეიმო გახსნა.

მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.