მომღერალი ეკა კვალიაშვილი მცირე ხნის წინ კარიერის გასაგრძელებლად მოსკოვში წავიდა. ეკამ ეს ადრეც გააკეთა, თუმცა მალევე დაბრუნდა და როგორც ჟურნალისტებს განგვიმარტა, სამშობლოსთან განშორება ვერ აიტანა. დიდხანს ჰქონდა იმედი, რომ თავისი შემოქმედებით საქართველოშიც იცხოვრებდა, მაგრამ მალევე ეკა და არა მარტო ის, ქართულ შოუბიზნესში არსებულ ე. წ. "შავ სიებზე" ალაპარაკდნენ. ამბობდნენ, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ბლოკავს მომღერლებს და ამ ისედაც არარსებულ ბიზნესში გასაქანს არ აძლევს. ამასობაში პრობლემებიც დაგროვდა. ეკა იძულებული გახდა, პატიმარი ძმის და უმუშევრობის გამო დიდი ვალი აეღო. ვალი ვერ გადაიხადა და იძულებული გახდა, ბინა გაეყიდა. ცოტა ხანს მეგობრის ბინაში ცხოვრობდა. ამასობაში შვილი გაათხოვა და რომ მიხვდა, იმედი არსაიდან ჩანდა, საქართველო კიდევ ერთხელ დატოვა.
როგორც "რეიტინგის" ერთ-ერთ ნომერში გიყვებოდით, 24 ივნისს მომღერალმა მოსკოვში, ქართულ სახლში "გოტინაზა" თავისი შემოქმედებითი საღამო გამართა, სახელწოდებით - "ია ჟენშინა". ჩვენ ეკას ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით და მოსკოვურ ცხოვრებაზე რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
- ეკა, როგორ ცხოვრობ, მოგვიყევი მოსკოვური ცხოვრების შესახებ...
- საინტერესო ცხოვრება მაქვს. თითქმის არ მაქვს თავისუფალი დრო. ვცხოვრობ პატივისცემასა და დაფასებაში. აქ ძალიან კარგად ესმით ჩემი სიმღერების სიღრმე და მსმენელი ძალიან მაფასებს. მთავაზობენ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას, ასე რომ, დრო უსაქმოდ ყოფნისთვის ნამდვილად არ მრჩება.
- როგორც ვნახე, ჟურნალისტები არც მანდ გასვენებენ, რით განსხვავდებიან ქართველი და რუსი ჟურნალისტები ერთმანეთისგან?
- ქართულ ჟურნალისტიკას უსაზღვროდ დიდ პატივს ვცემ. ყველა ჟურნალისტს თავისი განსაკუთრებული ორიგინალური სტილი და მიდგომა აქვს რესპონდენტთან. უბრალოდ, აქაური ჟურნალისტები უფრო თავისუფლები არიან და შეზღუდვები არ გააჩნიათ მავანთაგან.
- რა პასუხს სცემ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც გეკითხებიან, რატომ გადაწყვიტე კარიერის გაგრძელება მოსკოვში?
- მე ჩემს ქვეყანას ჩრდილს არ მივაყენებ და მიზეზად ის მომყავს, რაც პრინციპში სიმართლეც არის, რომ ჩემს ქვეყანაში დაფასებაც, შეფასებაც, პოპულარობაც და აღიარებაც უკვე მოვიპოვე, ამიტომაც ვაგრძელებ კარიერას დიდ ქვეყანაში, სადაც ასევე მიცნობენ, მაგრამ ასათვისებელი ჯერ კიდევ ბევრია.
- როგორ ჩაიარა შენმა პირველმა შემოქმედებითმა საღამომ?
- არაჩვეულებრივი გამოხმაურება მოჰყვა კონცერტს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოვიწვიე კონცერტზე სტუმრის სტატუსით. საღამო საქართველოს ჰიმნით გავხსენი, თავადვე შევასრულე. კმაყოფილი ჩანდა მაყურებელი.
- თუ გაქვს კონტაქტი მოსკოვში მცხოვრებ ქართველ მომღერლებთან?
- რა თქმა უნდა, ისინი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. სამწუხაროდ, ჩემს კონცერტს ვერ დაესწრენ სოსო პავლიაშვილი, ქეთა თოფურია, თამრიკო გვერდწითელი, გასტროლებზე გახლდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ მოვიდნენ სხვა ქართველი შემსრულებლები: მანანა თოდაძე, ნოდარ ჩიტაძე, ლევან შენგელია, მამუკა ჩაუშბა. ძალიან დამეხმარნენ პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი და კლავიში ნიკა ადიკაშვილი. ჩემმა კოლეგებმა და სტუმრებმა დაამშვენეს საღამო თავიანთი შემოქმედებით.
- რა და ვინ გენატრება ყველაზე მეტად საქართველოდან?
- საქართველო მენატრება ძალიან. ჩემი შვილი, ჩემი მეგობრები მენატრებიან, რომლებიც მანდ ცხოვრობენ. მაგრამ არ მენატრება დეპრესია, უსაქმოდ ჯდომა. არ მენატრება უყურადღებობა ჩემ მიმართ. არ მენატრება დაბლოკვები, ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, რომლებმაც მართლაც დანაშაული ჩაიდინეს ჩემი გაჩერებით და ამით ხარობდნენ. და რას გეტყვით იცით, არ მენატრება ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ერთხელ არ დაინტერესებულა, რომ ქვეყნის დამსახურებულ ადამიანებს გასაუბრებოდა, მათ, ვინც ქმნის ქვეყნის სახეს, თავად გაეგო, რა პრობლემა იდგა რეალურად ჩვენ წინაშე და ვიღაცების ნაბოდვარით არ ეხელმძღვანელა. ეს ქვეყნის პირველ პირს არ ეკადრება. ასე რომ, არც მე მენატრება და დარწმუნებული ვარ, არც მას.
- როდის დაგვიბრუნდები?
- დაგიბრუნდებით მაშინ, როცა ღირსება დაბრუნდება საქართველოში, როცა დაფასება და პატივსცემა დაბრუნდება, როცა ადამიანები შეეცდებიან, მაღლა ასწიონ თავისი შეგნების დონე. თორემ დაბრუნებას რა უდგას წინ?! მეც მინდა, ჩემს ქვეყანაში ჩემს საყვარელ ქართველებს ვუმღეროდე. იმედი მაქვს, ოდესმე ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები მოგვარდება და ქართველი ემიგრანტი მომღერლებიც ჩვენს ქვეყანას დავუბრუნდებით. მიყვარხართ ქართველებო, ჩემო მეგობრებო! გამძლეობასა და ბედნიერებას გისურვებთ.