ბრიტანული გამოცემა „New Musical Express”-ის ცნობით, გუშინ ჯგუფი „Deep Purple”-ს ერთ-ერთი დამაარსებელი ჯონ ლორდი გარდაიცვალა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 72 წლის მუსიკოსს სიმსივნე აწუხებდა. წინა კვირას ლორდი ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააწვინეს. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჯონ ლორდმა „Deep Purple” 1968 წელს დაარსა. 1978-1984 წლებში ჯგუფმა არსებობა დროებით შეწყვიტა. ამ პერიოდის განმავლობაში ლორდი ჯორჯ ჰარისონთან, დევიდ გილმორთან და ჯგუფთან „Whitesnake” თანამშრომლობდა.
1984 წელს ჯონ ლორდი „Deep Purple”-ს დაუბრუნდა. კლავიშებზე შემსრულებელმა ჯგუფი საბოლოოდ 2002 წელს დატოვა და საკუთარი სოლო კარიერა წამოიწყო.