დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებაა.
პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, 2019 წლის ბოლოს, ამორტიზებული ავტობუსების სრულად ჩანაცვლება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობის 900 ერთეულამდე გაზრდა იგეგმება.
„სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით და ტრანსპორტს, ამ მიმართულებით, განსაკუთრებული როლი აქვს. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე დაგეგმილი გვაქვს, კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები, რომლის შემდეგაც, ქალაქის საცობებისგან მაქსიმალურად განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირებას ვგეგმავთ. ჩვენი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი მოხმარების ზრდა და პარალელურად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2018-2019 წლებში, ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.
„დიდი მადლობა პრემიერს მხარდაჭერისთვის, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. დღეს ავტოპარკში ყვითელი ავტობუსების რაოდენობა ჭარბობს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ 2019 წელს, ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები გვეყოლება და ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული გავხადოთ და ყველამ უარი ვთქვათ კერძო ავტომობილებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მხრივ, დეტალურად, თბილისის ვიცე-მერმა ისაუბრა და ის ძირითადი მიმართულებები წარადგინა, რომელიც ქალაქში, უახლოეს წლებში იგეგმება. კერძოდ, 2019 წელს განახლდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები და მოხდება მათი სინქრონიზაცია, რის შედეგადაც, ოპტიმალურად განაწილდება მგზავრთა ნაკადები და გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.