ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მ.კ.-ს ვიცავ, მისი დაცვის არანაირი სურვილი არ მაქვს, - ამის შესახებ თბილისის პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი გაბოძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გაბოძეს და “ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს შორის დიალოგი წარიმართა იმასთან დაკავშირებით, უნდა წაეყენებინა თუ არა პროკურატურას ბრალი მ.კ.-სთვის დანაშაულში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით. პროკურორი აცხადებს, რომ ბრალის წაყენების საფუძველი მტკიცებულებების საფუძველზე არ იყო.
“ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მ.კ.-ს ვიცავ და ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. რეალურად ჩემს პოზიციას ვიცავ. ძალიან არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, მიწევს ჩემი პოზიციის დაცვა, რაც გამოდის, რომ თანხვედრაშია დაცვის პოზიციასთან“, - მიმართა გაბოძემ ოთარ კახიძეს.