ტრაგედია ის არის, რომ მმართველი გუნდის ნაწილი ფარცხალაძეს თავისი ოჯახის წევრად აღიქვამს და ბევრ საკითხში მწვანე შუქს უნთებს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან’ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ასეთი დაჯგუფებები არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას", არამედ ხელისუფლებასა და სახელმწიფოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ.
„ფარცხალაძისნაირი ჯგუფების პოლიტიკასთან ახლოს მისვლაც კი სახელმწიფოებრივად სახიფათოა. საბოლოოდ ყალიბდება სისტემა, როდესაც პოლიტიკა მუშაობს ფულზე. მიხეილ სააკაშვილის დროს ფული პოლიტიკაზე მუშაობდა. მან მოახერხა, ფინანსური თუ სხვა ტიპის დაჯგუფებები ერთ პოლიტიკურ ვერტიკალში მოექცია და მათ პოლიტიკაზე ამუშავებდა. რა თქმა უნდა, ეს არაჯანსაღი იყო, მაგრამ დღეს უფრო მძიმე ვითარებაა - გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, პოლიტიკურ პროცესებზე დომინანტობა მოიპოვონ. თუ ფარცხალაძემ და სხვა გავლენიანი დაჯგუფების ბოსებმა მოახერხეს და სრული კონტროლი დაამყარეს ბიზნესპროცესებზე, საფინანსო სისტემასა და პოლიტიკაზე, ეს სახელმწიფო სისტემას საბოლოოდ მოარყევს, ყველა დონეზე აყვავდება კორუფცია და ქვეყანა ქაოსის უფსკრულში გადაეშვება.
სხვათა შორის, ფარცხალაძე თორდიას ფიზიკურად რომ დაუპირისპირდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა, როგორ ლპება ნელ-ნელა სახელმწიფო სტრუქტურა. მან სახელმწიფო მოხელეზე ხელი იმ მოტივით ასწია, რომ თორდიამ მის საქმიანობაში ქექვა გაბედა. ამაზე ცუდი რაღა უნდა მომხდარიყო სახელმწიფოში, რომ ხელისუფლება გამოფხიზლებულიყო და ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა?! თუ მმართველი გუნდი უკვე იქცა გავლენიანი დაჯგუფებების მძევლად, ეს მას პოლიტიკურად ძალიან ძვირად დაუჯდება“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.