ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩის IV და VI კორპუსების მიმდებარედ, ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. მთაწმინდის რაიონის გამგეობამ არსებული სკვერები ახლებურად დააგეგმარა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა.
დასასვენებელ სივრცეებში ბაზალტის ქვის ბილიკები, ლითონის ღობე და სათამაშო ზონები მოეწყო, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. აღნიშნული ღონისძიებებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 82 298 ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტირებული სკვერები მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა და მოქალაქეების თხოვნით მიმართა, სკვერებში არსებულ ინფრასტრუქტურას გაუფრთხილდნენ.
„ვანდალიზმის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა დედაქალაქის მასშტაბით და ჩვენი თხოვნა იქნება, გავუფრთხილდეთ იმას, რასაც თბილისის მერია აკეთებს სკვერებსა თუ ქუჩებში. ძალიან გთხოვთ, ნუ გავანადგურებთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ არსებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისას.
გამგებლის თქმით, მთაწმინდის რაიონი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანია განაშენიანების კუთხით, ამიტომ მოსახლეობისთვის კომფორტული და კეთილმოწყობილი მწვანე სივრცეების შექმნა გამგეობისთვის პრიორიტეტულია. „შესაბამისად, ჩვენ, გამგეობას დაქვემდებარებული რეკრეაციულიული ზონების ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებას და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას ვგეგმავთ“, - აღნიშნა მან.