საქართველოს წინსვლას სჭირდება ბიძინა ივანიშვილის გუნდის მარცხი და „ევროპული საქართველოს“ გამარჯვება. გამარჯვებას ძლიერი გუნდი და ძლიერი კანდიდატი სჭირდება. ყველამ იცის, რომ „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს ყველაზე ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ქუთაისში, სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც „ ევროპულმა საქართველომ“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა.
გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი არის ღირსეული ადამიანი.
ამასთან, მან ისაუბრა გიგი წერეთლის შესახებ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად დაინიშნა.
„თქვენ ყველას გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც მან სცადა პირველად ამ თანამდებობის დაკავება, რა დღეში ჩავარდა ჩვენი მთავრობა, ივანიშვილის გუნდი. გახსოვთ რა დღეში იყვნენ? სამამულო ომი გამოაცხადეს. შეგვარცხვინეს, ყველგან თავი მოგვჭრეს. კიდევ ერთხელ დააზიანეს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი?! დღეს, გიგი წერეთელი არის ამ თანამდებობაზე არის პრეზიდენტი და იცავს საქართველოსა და თავისუფალი სამყაროს ინტერესებს ამ თანამდებობიდან. პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ ქვეყანას საკუთარის სამსახური შესთავაზოს, აქვს ამბიცია, იცის რა უნდა გააკეთოს, რა გეგმა და პრინციპები აქვს , ამავე დროს, მზად უნდა იყოს ოპოზიციაში ყოფნისთვისაც. „ევროპულმა საქრათველომ“ დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ოპოზიციაში ყოფნა. შეგვიძლია ოპოზიციაში ქვეყნის ინტერესების დაცვა. მაგრამ მთავარი, მაინც არის გამარჯვება. მინდა გკითხოთ, არ მოვიდა დრო, რომ გავიმარჯოთ ქვეყნის შიგნით, არა მარტო ეუთოში, არამედ საქართველოში?! არ მოვიდა დრო, რომ საქრთველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ინტერესების დამცველია, რომლისაც არ შეგვრცხვება ექვსწლიანი „ოცნების“ დამანგრეველი მმართველობის შემდეგ, არ მოვიდა დრო, რომ გვყავდეს ღირსეული ლიდერი ქვეყნის სათავეში?! საქართველოს წინსვლას სჭირდება ბიძინა ივანიშვილის გუნდის მარცხი და „ევროპული საქართველოს“ გამარჯვება’, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.