ჩვენი პოლიტიკური თაობის მოვალეობა და ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი გავისტუმროთ რყევებისა და ქვეყნის გადაჩეხვის გარეშე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას გამაერთიანებელი პრეზიდენტი სჭირდება.
„ივანიშვილის მმართველობის ეპოქა მთავრდება. ჩვენი პოლიტიკური თაობის მოვალეობა და ამოცანაა, ის გავისტუმროთ რყევებისა და ქვეყნის გადაჩეხვის გარეშე. დღეს, სამწუხაროდ, როგორც არასდროს ქვეყანას სიღარიბესა და სიღატაკესთან ერთად, არნახული დაპირისპირების ხარისხი აწუხებს. საზოგადოება გახლეჩილია. სამწუხაროდ, საზოგადოება დაპირისპირებულია. ამიტომ, ყველაზე მეტად ამ ქვეყანას დღეს გამაერთიანებელი პრეზიდენტი სჭირდება. პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს პერსპექტივას, პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს და დაანახებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო, პროგნოზირებადი. სწორედ ასეთი პრეზიდენტი სჭირდება დღეს ქვეყანას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ და პრეზიდენტმა მათ უნდა აიძულოს გადასახადების შემცირება, უპატრონოდ მიტოვებული სოფლის დახმარება და რაც მთავარია, ჩვენი უამრავი თანამოქალაქის დახმარება, რომლებიც საზღვრებს გარეთაა, მუშაობს და აქ თავის ოჯახის წევრებს არჩენს. ჩვენ გვჭირდება მზრუნველი პრეზიდენტი, რომელიც ხვალინდელ დღეს საიმედოს გახდის“, - განაცხადა უგულავამ.
უგულავა სიტყვით გამოსვლისას მინისტრების ცვლილების პროცესაც გამოეხმაურა.
„ჩვენ უნდა დავასრულოთ ქაოსი, როდესაც მინისტრები ისე იცვლებიან და ისე მოდიან, რომ საზოგადოებამ საერთოდ არ იცის ვინ არის, რა უნდა, რისთვის მოვიდა, საიდან მოვიდა ან სად წავა. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც ხალხის წინაშე ნულოვანი პასუხისმგებლობა აქვს და პასუხისმგებლობა აქვს მხოლოდ ერთი ოლიგარქის წინაშე. ბევრი რამეა დღეს სასწორზე, მაგრამ ყველაზე მეტად სასწორზეა ხვალინდელი დღე. თუ ხვალინდელი დღე იმედიანი იქნება, მაშინ საქართველო წინ წავა. ჩვენმა პენსიონერმა უნდა იცოდეს, ცოტათი თუ ბევრით, პენსია აუცილებლად უნდა იზრდებოდეს, ეს უნდა იყოს პროგნოზირებადი, რომ მას ჰქონდეს საიმედო ხვალინდელი დღე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.