დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა პიროვნულად რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამის მიღმა არსებობს მმართველი გუნდის სტაბილურობის ინტერესი

დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა პიროვნულად რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამის მიღმა არსებობს მმართველი გუნდის სტაბილურობის ინტერესი

დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი, რასაც მმართველი გუნდის სტაბილურობა ჰქვია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, დავით ჭიჭინაძე თავისი შეხედულებებითა და გამონათქვამებით გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა. 

„იმის წარმოჩენის მცდელობა იქნება, რომ ეს არის გაფრთხილება და დემარში. ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი, რასაც მმართველი გუნდის სტაბილურობა ჰქვია. ეს მხოლოდ "ქართულ ოცნებას" არ ეხება. ვფიქრობ, სახელმწიფო ინტერესებში სტაბილურობა ნომერ პირველი ამოცანაა. დავით ჭიჭინაძე თავისი შეხედულებებითა და გამონათქვამებით გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა და ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ. ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებით და პრინციპებით წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც გუნდის შეხედულებები ჰქვია, თუნდაც სტაბილურობის ინტერესი, პარტიამაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. არაფერზე არ გავბრაზებულვარ, არის საკითხები, რომლებიც ადამიანებს ჰყოფს. საქმე სწორედ ამასთან გვაქვს. ოფიციალური გაფრთხილება და პირად საქმეში შეტანით არ ყოფილა. მას ამ თემებზე საუბარი უმრავლესობის ლიდერთან ჰქონდა. არის შეხედულებები, რომლებიც ერთმანეთს არ შეესაბამება და გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. საუბარი თავისუფლების შეზღუდვაზე არ არის, ლაპარაკია პრინციპების განსხვავებაზე. სახელმწიფოში მთავარი მმართველი გუნდის სტაბილურობის შენარჩუნებაა. უამრავი ფორმატია, სადაც შეგვიძლია, ჩვენი განსხვავებული აზრები ერთმანეთს დავუპირისპიროთ და საკმაოდ ჯანსაღი სიტუაციაა იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერი სიმწვავით ვიკამათოთ, მაგრამ დამოკიდებულების გამოხატვის ფორმები არსებობს, რასაც პარტია თავის წევრისგან მოითხოვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.