მცირე ხნის წინ ტელეკომპანია "იმედმა" ახალი მუსიკალური შოუს - "მე მიყვარს საქართველო" ჩვენება დაიწყო. კონკურსში უცნობი კომპოზიტორების სიმღერებს ცნობილი შემსრულებლები მღერიან, მათ კი ჟიური აფასებს. პირველ საკონკურსო დღეს ჟიურის შემადგენლობაში მუსიკოსი ლადო ბურდულიც ვიხილეთ, რომელიც შემდეგ კონკურსზე მაია დარსმელიძემ ჩაანაცვლა. ამბობდნენ, რომ ლადომ ჟიური საკუთარი სურვილით დატოვა. მუსიკოსთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
"იმდენსაც ვერ დავლევდი, იქ რომ დავრჩენილიყავი"
- ლადო, ჟიურიში ყოფნა თუ არის შენი, მოგეწონა ეს ამპლუა?
- გარკვეული ასაკისა და გამოცდილების მერე შენს თავს აძლევ უფლებას, ეს ამპლუაც მოირგო. ათი წლის წინ კიდევ შეიძლებოდა დავფიქრებულიყავი. რაღაც პონტში საჭიროა მონაწილეობა საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. სულ ცალკე რომ ხარ, დამოუკიდებლად, იქმნება იმის ილუზია, რომ ცალკე საქართველო ხარ და სხვა საქართველო ცალკე ვითარდება. მოქალაქეობრივი ვალის პონტში ჩავთვალე, რომ უნდა შევიდე შუაგულში, იქ, სადაც არ მელოდებიან.
- არ გელოდნენ?
- სხვათა შორის, ჩემი მიწვევა ჟიურიში რუსა მორჩილაძის ძალიან თამამი გადაწყვეტილება იყო. ძალიან გამიკვირდა, რომ დამპატიჟეს. მეგონა, მოვერეოდი ამ ყველაფერს. მთელი გადაცემის განმავლობაში თავს ვიკავებდი. ჩემი ძმა გამოვიდა, საინტერესო რეპერი "მასტერა", საკაიფოდ იმღერა, ახალი რაღაცები წამოიღო. დავინახე, რომ ამ სიახლის მიმართ ჟიურის უმრავლესობისგან წინააღმდეგობა წამოვიდა. ამბობდნენ, რომ ეს მუსიკა არ არის, არადა, ჩემთვის ზუსტად ის არის მუსიკა. მივხვდი, რომ ჩვენ სხვადასხვა ფასეულობა გვქონდა, განსხვავებული კრიტერიუმებით ვაფასებდით სიმღერებსა და შემსრულებლებს.
- სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდით?
- დაახლოებით ასე იყო. ჩემთვის ფასეულობაა სიახლე, ახალი ინტონაციები, ახალი მიდგომა, ექსპერიმენტი.
- ჟანრსაც ანიჭებ მნიშვნელობას?
- რატომღაც ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ როკმუსიკას ვუკრავ და ამ ჟანრში ვარ შესული ბოლომდე. არადა, კლასიკური მუსიკალური განათლება მაქვს. ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, კონსერვატორიაში და ოპერასთანაც მქონია შეხება. ასე რომ, ბრტყლად არ ვუყურებ მუსიკას. საქართველოში ანალიტიკა არ უყვართ. ტვინის დაძაბვა ეზარებათ და იარლიყების მიკერება უყვართ ადამიანებზე. ქართველები იდეაში არ უშვებენ ადამიანის განვითარებას და მის სახეცვლილებას. ამიტომაც არის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულად იცვლება. ეს სხვა თემაა, სხვა დროს ვილაპარაკოთ, ჟიურის დავუბრუნდები... იმდენს ვერ დავლევდი, ეს ყველაფერი გადამეტანა და იქ დავრჩენილიყავი (იცინის). რაღაცებს უნდა მოაწერო ხელი სულიერად, რომ გაჩუმდე. მე კიდევ არც არავისთვის მინდა შეურაცხყოფის მიყენება და გაჩერებასაც ვეღარ ვახერხებდი.
- განსაკუთრებით რამ გაგაღიზიანა?
- ფანოღური მუსიკის სიყვარულმა. ტაში კუკლა და ავოიე ტიპის მუსიკის სიყვარულმა გამაგიჟა. ქალაქურ მუსიკაში არის სასიამოვნო სიმღერები. ეს არ იყო ქალაქური, ამას მე რესტორნულ სიაფანდ მუსიკას ვეძახი. არ მინდა, გამომსვლელები დავასახელო. მივხვდი, რომ მე ამ ადამიანებს ვერ შევცვლი, ისინი მე ვერ შემცვლიან. არც კონფლიქტური სიტუაციები მიზიდავს, თეთრი ყვავივით ვიყავი და მერჩივნა, თვითონ წამოვსულიყავი იქიდან. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მართლა გამიხარდა, რომ დამპატიჟეს. ამით დავინახე ის, რომ ქვეყანაში თანამედროვე რაღაცებზე გაჩნდა მოთხოვნა, ხელშეუხებელ პოპქართულ კულტურაშიც კი, რომელმაც "სახის" გარდა სახეცვლილება აღარ განიცადა. გამიხარდა ისიც, რომ ჩემი ძმაც მონაწილეობდა ამ პროექტში. სხვათა შორის, ძალიან მაგარი სიმღერა შეასრულა და არაადეკვატურად გაიგეს. მაღალი ნიშნები კი დაუწერეს, მაგრამ...
- ალბათ გაჩნდა ეჭვი, რომ ძმის გაკრიტიკების გამო დატოვე პროექტი.
- ცდუნება, რომ რაღაცებში დაგადანაშაულონ, ყოველთვის არსებობს. მარცხნივ წახვალ - ის შეგჭამს, მარჯვნივ წახვალ - ის მოგკლავს და ა.შ. შენი სინდისის წინაშე უნდა იყო მართალი. ჩემი ძმა რასაც უკრავს, იმაზე უნდა გასწორდეს თანამედროვე ქართული პოპ-მუსიკა. აქტუალურია, ცოცხალია, ნაღდია და მელოდიურია. ერთმა ქალბატონმა თქვა, ეს გასამხნევებელი მუსიკაა და სტადიონზე უნდა უკრავდნენო. მე არ ვეთანხმები. ერთი სიტყვით, მოხდა შეჯახება ჩემს, ოდნავ ჩემს მხარეს მყოფ ხელოვანებსა და რადიკალურად განსხვავებულ მუსიკოსებს შორის. ჩემკენ არც ერთი არ არის.
- მაია დარსმელიძემ დაიკავა შენი ადგილი...
- მაიას უფრო ჩემიანად ვთვლი. როკს უკრავს და საინტერესო პროექტი გააკეთა ბოლოს. გამიხარდა, რომ სწორედ მაიათი შემცვალეს და ფანოღური მუსიკის ფანი არ მოიყვანეს.
- როგორ გგონია, მაია დიდხანს გაძლებს იქ?
- თუ ბევრს დალევს (იცინის).
- ამბობენ, რომ მერე შენს დაბრუნებას ცდილობდნენ პროექტში. იყო მოლაპარაკების პროცესიც...
- პროექტი სკანდალურად არ დამიტოვებია. უბრალოდ, დავრეკე და ავუხსენი, რომ მე ვერ "გავქაჩე". ისტერიჩკა არ ვარ. ჩაწერაზე არ წამოვმხტარვარ და მივდივარ-მეთქი, არ მითქვამს, თუმცა ბოლო სიმღერაზე ხელი რომ გაშალეს, ავოიეო, თქვეს, დროშები ააფრიალეს და მერე პირველი კითხვა მე დამისვეს, მივხვდი, რომ კრიტიკას ვერ ავცდებოდი და ეს გამოვხატე კიდეც. ვთქვი, რომ არ ვუსმენ რადიო "არ დაიდარდოს", ეს ძალიან ძველი დროა და სიმღერის მოსმენისას მეგონა, უკან შემსრულებლის ფონად ლენინის ფოტო ჩამოვიდოდა და კომკავშირელები შემოცვივდებოდნენ სცენაზე-მეთქი.
- ლადო, რისი ბრალია, რომ დღეს უმრავლესობა ტაშს სწორედ ფანოღურ მუსიკას უკრავს?
- პოლიტიკის ბრალია. პოლიტიკა კი სწორედ თანამედროვე ხელოვნებაში რევოლუციამ მოიყვანა 1990-იან წლებში, როცა მოთხოვნა გაჩნდა დასავლეთზე. მაგაზე ძალიან ღრმა ანალიზი ვაკეთე. სწორედ იმ ხალხმა, ვინც ეს რევოლუცია მოაწყო და საზოგადოების მენტალიტეტი ბრძოლის ხარჯზე გაზარდა, მოაწყო ვარდების რევოლუციაც. პირდაპირ ვიტყვი, ამ რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ხალხმა იცით, პირველი რა გააკეთა? სწორედ ამ სიახლეს, "ანდერგრაუნდს" უტირა დედის ტ....ი". ადამიანები მარტივ ცხოვრებას შეაჩვია. თანამედროვე დამოუკიდებელი კულტურა მოკლეს, ამის მერე გახდა ყველაფერი მართვადი, პოლიტიზებული. საზოგადოებას შესთავაზეს ის, რაც მოსწონდა მას. არანაირი ექსპერიმენტები აღარ ტარდებოდა იმისთვის, რომ საზოგადოება განვითარებულიყო. კიბეზე ჩამოსვლა უფრო ადვილია, ვიდრე ასვლა. მენტალური განვითარებაც ასევეა. ასვლა რთულია. და რომ გთავაზობენ, ჩამოდი ქვევით, რას მიბობღავ ზევით, რას წვალობო, შენც ჩამოდიხარ. ამ ჩამოსვლამ მიიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე ქართული ხელოვნება. ამიტომაა, დღეს პრობლემა პოლიტიკასაც რომ ექმნება.
- იქნებ, იმის ბრალია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები რესტორნებში უფრო ხშირად დადიან, ვიდრე კლუბებში?
- არ დავდევ მაგათ, არ ვიცი სად დადიან. ფაქტებზე მიგითითებთ. თავად მოჭრეს ხე, რომელიც ამერიკანიზაციას უწყობდა ხელს. ამბობენ, პროდასავლურს ვაწვებითო და საწინააღმდეგოს აკეთებენ ქართულ კულტურაში.
- შენ ყოფილხარ რესტორანში ერთხელ მაინც?
- ფრთიანი ანგელოზი არ ვარ. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ხინკალი არ იყო პოპულარული და პაპსა, ხაჭაპური იყო "ცვეტში", ხინკლისა და ლუდის მუღამი მქონდა. მთიული ვარ და კარგად ვიცი მისი გემოც. მაშინ არც ლუდი იყო პოპულარული.
- მერე, ლუდს რომ მიირთმევდი და ხინკალს ჭამდი, რა მუსიკას უკვეთდი მუსიკოსებს?
- მაგდენი ფული სად მქონდა (იცინის), რასაც უკრავდნენ, იმას ვუსმენდი... 90-იან წლებში სახინკლეში საყურითა და შენი პლეერით ყურში რომ შეხვალ და ხინკალს შეუკვეთ, ეს იყო ჩემთვის რევოლუცია. მე ჩემი ფლეერი მქონდა და ჩემს მუსიკას ვუსმენდი.
- ე.ი. არც რესტორნულ სიმღერაზე გიცეკვია?
- (ხარხარებს) რესტორნის სიმღერებზე შალახო ხელგაშლილი? ძალიან მაგარი იქნებოდა.
- არც გიცდია?
- მეკაიფები? არავის დავცინი, ვინც ცეკვავს - გაუმარჯოს, მაგრამ მე ჯერ ისე ვერ ვთვრები, შალახო რომ ვიცეკვო. რომ ვთვრები, კიდევ უფრო "ვესტი" ვხდები. ასე რომ, ეგ არ მემუქრება.
- შოუბიზნესზე რადგან ვსაუბრობთ, ე.წ. "შავ სიებზეც" უნდა გკითხო...
- (მაწყვეტინებს) ვა, ეგეთიც არის? არ გამიგია.
- პოლიტიკური ნიშნით დაბლოკილ მომღერლებზე აქამდე არაფერი გსმენია?
- კონცერტებზე არ გამოვყავართო, რომ ამბობენ? მეც არ გამოვყავარ კონცერტზე არავის, მაგრამ "შავ სიაში" თუ ვიყავი, არ ვიცოდი. არც პოზიციონერი ვარ და არც ოპოზიციონერი. ზოგჯერ "ფეისბუქის" ჩემს კედელზე ისეთ პოსტს ვდებ, მეუბნებიან, თუ ამათიანი არ ხარ, რატომ არ გიჭერენო. არც ამათიანი ვარ და არც იმათიანი, მაგრამ არავინ მიჭერს. გამზადებულ კონცერტებზე არ ეძახიან? არც მე მეძახიან გამზადებულ კონცერტზე, მაგრამ თვითონ ვაკეთებ, კლუბებში უნდა იარონ, მენეჯერები აიყვანონ, ხალხს თავი შესთავაზონ. სხვა თემაა, როგორია კლუბური ცხოვრება საქართველოში, მაგრამ მე პირადად ასე ვცხოვრობ. დასავლეთში მენჯერები აკეთებენ კონცერტებს. ამერიკის პრეზიდენტი არავის ურეკავს, ხვალ კონცერტი გვაქვს ან კორპორატიული საღამო, მოდით და ამდენ ფულს მოგცემო.
- ჩვენთან ხომ ურეკავენ თანამდებობის პირები რიგ მომღერლებს?
- ეს მეორე სენია ამ მთავრობის, რომლითაც გარკვეულ დონეზე თანამედროვე ხელოვანები მთლიანად შეისყიდა. ამიტომაც არის, რომ დაიბლოკენ და ვეღარ მიდიან წინ. ის ფასი, რასაც მთავრობა მუსიკოსებს უხდის, კლუბებში არასდროს არ იქნება, ამიტომ ყველა მთავრობის ღონისძიებებს ელოდება. მე ასე არასდროს არ მიცხოვრია. სულ ვჩალიჩობ, კლუბებში დავდივარ, ხან საერთოდ უფასოდ ვუკრავ. იმ დასავლეთშიც, სადაც კონცერტებს ვმართავ, როგორ გგონიათ, გიჟდებიან, ლადო ბურდული ჩამოდისო?! თვითონ ვარ აქტიური და თვითონ ვთავაზობ თავს მათ.
- ბოლოს საქართველოში რომელ კონცერტზე იმღერე?
- ორჯერ იყო ჩემს კონცერტზე ანშლაგი. ერთხელ, კვარტეტთან ერთად დავუკარი 2009 წელს და მერე - ერთი კვირის წინ ერთ-ერთ კლუბში. ჩემთვის სტატისტიკა რელიგიაა, მას ვენდობი მხოლოდ, სხვა არაფერს. მივხვდი, რომ ამ ორ კონცერტზე იმიტომ იყო ანშლაგი, რომ უფასო იყო, ანუ ხალხს ფული რეალურად არ აქვს. მე ვინც მისმენს, ძირითადად ახალგაზრდები არიან. მე ასაკი მემატება და ჩემი მსმენელის ასაკობრივი ზღვარი სულ უფრო და უფრო დაბლა იწევს. ბოლო კონცერტზე პირველკურსელები გამეჩითნენ. მალე ალბათ სკოლის მოსწავლეებით გავავსებ კლუბს (იცინის).
- ლადო, ისევ იმპერატორი გქვია თუ უკვე სხვა სახელი შეურჩიე საკუთარ თავს?
- მაგ რანგს აღარ ვცდები, სხვა იერარქიაში აღარ გადავდივარ, სხვებისგან განსხვავებით.
- რა სიახლეები გაქვს შემოქმედებითი კუთხით?
- სამ ალბომზე ვმუშაობ ერთდროულად. პირველი, "იდუმალი სამეფო", 20-25 წლის წინანდელი მუსიკაა, რომელსაც ვერ ვწერდი. ოღონდ არ მკითხოთ რატომ. იცით, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ძალიან რთულია ახლა ამ ყველაფრის გაცოცხლება, მაგრამ მოვახერხე. ჩავწერე კომპოზიციები სიმებიან კვარტეტთან ერთად, რომლის გადაკეთებასაც ვაპირებ, რადგან არ მომწონს ბოლომდე. ახლახან დავამთავრე მუშაობა კიდევ ერთ ალბომზე "აენთე, ჩემო ნათელო ვარსკვლავო", სადაც იქნება "ჩემი მშვენიერი ლედი" და მსგავსი სიმღერები. მესამეს ერქმევა "მე მჯერა". ფეისბუქზე ჩემს ფანგვერდზე თუ შეხვალთ, იქ არის ეს სიმღერები და შეგიძლიათ მოისმინოთ.
- ფანგვერდზე, რომელიც ქართველ მომხმარებელს დაუბლოკე.
- აღარ მაქვს დაბლოკილი, გავხსენი. უბრალოდ, იდიოტობებს რომ გწერენ, ნერვები აღარ გყოფნის. ერთმა მითხრა, იცი, პოლიტიკურ ტიპებს რამდენი აგინებს, მარა ატარებსო. მე ხომ პოლიტიკოსი არ ვარ, მე საზოგადოებისგან ფულს არ ვიღებ, არც სახელმწიფო მიხდის ფულს ჩემი თანამდებობის გამო. მე დამოუკიდებელი მხატვარი ვარ და არ მომწონს, ჩემს კომპეტენციაში რომ ერევიან. სულ ჩხუბი მაქვს. ძალიან რომ რთულდება სიტუაცია, ხმალს ვიღებ და ნინძა ვხდები. ადრე "სვეცკაობა" მეგონა, ხმას რომ არ ამოიღებდი ასეთ რამეზე, გაატარებდი. ეს გოიმობა ყოფილა, არ უნდა გაატარო. ის შავი ლაქა, შენ რომ თვალს არიდებ, უფრო გადიდებული წინ დაგხვდება.
- დღეს რას აპროტესტებ?
- 50 წლის კაცი კიდევ თუ აპროტესტებ, უკვე გიჟი ხარ. 48 წლის გავხდები 26 ივლისს. როცა პროტესტის ასაკი მქონდა, ჩართეთ "რეცეპტი" და მოუსმინეთ, რა ხმით ვღრიალებ. პროტესტის დრო არაა, ახლა 3 ალბომი მაქვს გამოსაშვები. წინ დიდი სამუშაო მელის. 26 ივლისს, ჩემს დაბადების დღეს, ლამაზ ღამეს ვაჩუქებ ჩემს მსმენელს.
- ერთი სიტყვით, ამ ზაფხულს დასვენებას ვერ ახერხებ.
- ვერა. სხვანაირად არ გამოდის. რაღაცას უნდა შეეგუო, მოერგო. ასე მინდათი და ასე უნდა იყოს, არ გამოდის ეს ცხოვრება.