კურტ ვონეგუტის ნაწარმოებები ამერიკაში დღესაც პოპულარულია

კურტ ვონეგუტის ნაწარმოებები ამერიკაში დღესაც პოპულარულია

სულ მალე, ამერიკულ ქალაქ ინდიანაპოლისში, (შტატი ინდიანა) გაიხსნება კურტ ვონეგუტის მემორიალური ბიბლიოთეკა, სადაც ცნობილი ამერიკელი მწერლის ნაწარმოებები, მის ცხოვრებასთან და შემოქმედებასთან დაკავშირებული ნივთები იქნება თავმოყრილი. ბიბლიოთეკით დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა გაეცნოს, ძირითადად, ვონეგუტის პირველ გამოცემებს, ასევე, წაიკითხოს მრავალი წერილი გამომცემლებისგან, ჟურნალებისგან, რომლებიც მწერალს ნაწარმოებების გამოქვეყნებაზე უარს დიდხანს ეუბნებოდნენ.

ექსპოზიცია მოიცავს ნივთებს, რომლებიც ბიბლიოთეკას ვონეგუტის შვილებმა და ახლო მეგობრებმა გადასცეს. კურტ ვონეგუტი ინდიანოპოლისში დაიბადა და საკუთარ ნაწარმოებებში ხშირად მიმართავდა მშობლიურ ქალაქს და ინდიანას შტატს. მან სამწერლო კარიერა დაიწყო რომანების სერიით, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მიაკუთვნებენ. თუმცა, სახელი მწერალმა გაითქვა წიგნით, რომელიც მეორე მსოფლიო ომს და დრეზდენის დაბომბვას ეხება.

ეს ყველაფერი მან საკუთარ თავზე გამოსცადა, რადგანაც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და დაბომბვისას დრეზდენში იმყოფებოდა. ომის აბსურდულობა მწერლის შემოქმედების მთავარი თემა იყო. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ნოემბერში კურტ ვონეგუტის 14 უცნობი მოთხრობის კრებული გამოვიდა.

ცნობილია, რომ ამერიკელი მწერლის ცხოვრებაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების გამოცემა 2008 წელს დაიწყო კრებულით – Armagedon in Retrospect. ის იწყება პროზაიკოსის შვილის, ექიმისა და მწერლის - მარკ ვონეგუტის წინასიტყვაობით. წიგნში შესულია ესსე ომისა და მშვიდობის თემაზე. კურტ ვონეგუტი 2007 წლის 11 აპრილს, ნიუ იორკში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს წელი ინდიანაპოლისში ვონეგუტის წლად გამოცხადდა. მწერლის სიცოცხლეში მისი 14 რომანი, რომელთაგან ბევრი ბესტსელერი გახდა და მოთხრობების რამდენიმე კრებული გამოიცა.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა