კურსი დასავლეთით, ირანის გავლით

კურსი დასავლეთით, ირანის გავლით

ამერიკასა და რუსეთს შორის მოთამაშე საქართველოს მთავრობამ არეალი გააფართოვა და ახლა უკვე მესამე მიმართულებით ისროლა ანკესი. ამერიკის მჭიდრო მოკავშირე ხელისუფლება ამერიკელების მოძულე ირანელებთან ზედმეტად მჭიდრო ურთიერთობას იწყებს. ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებიდან დაწყებული ურთიერთობა ეკონომიკურ და საგანმანათლებლო კავშირებით მტკიცდება.

 

10 ათასს ინგლისურენოვან “პედაგოგს”, მალე გვერდს სპარსული ენის სპეციალისტები დაუმშვენებენ. ეს იმიტომ, რომ ევროპისა და აზიის გასაყარზე მყოფი თითოეული ქართველი დასავლურ და აღმოსავლურ ენებს თანაბრად ფლობდეს. ამიტომაც საქართველოში სპარსული ენის სპეციალისტებიც ჩამოვლენ, ქართველ სტუდენტებს კი სპარსულის შესასწავლად ირანში წაიყვანენ. შესაბამისი შეთანხმება ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეჰრ მოთაქს შორის შედგა.

 

“საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობასთან ერთად, სპარსული ენის სწავლების აუცილებლობასაც გაესვა ხაზი. ჩემს კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს დავპირდი, რომ ქართველ სტუდენტებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავიყვანთ და სპარსულ ენას შევასწავლით, საქართველოში კი სპარსული ენის სპეციალისტები ჩამოვლენ, რომლებიც სტუდენტებს ენას ქართულ უნივერსიტეტებში შეასწავლიან”, - განაცხადა მოთაქმა.

 

მან საქართველო-ირანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გარღმავების აუცილებლობაზეც ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მომავალ წელს ქვეყნებს შორის ტურისტების ნაკადი 100 000-მდე გაიზრდება.

 

ირანელმა დიპლომატმა ამერიკის მოკავშირე საქართველოს მთავრობის გულის მოსაგებად დაპირებები არ დაიშურა. პირველივე შეხვედრაზე გიარკვა, რომ საქართველოში ირანული ინვესტიციით მცირე და დიდი ჰიდროელექტროსდგურები აშენდება. ირანის ბიზნეს წრეებისა და აჭარელი მინისტრების შეხვედრა აჭარის უმაღლეს საბჭოში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელიც დაეწრო  და ეს გადაწყვეტილებაც იქ მიიღეს.

 

სულ მალე კი ირანელი მხარის ინიციატივით თეირანში საქართველოს ტურიზმის კვირეული გიმართება. საქართველო კი თავის მხრივ ირანის ტურიზმის კვირეულს უმასპინძლებს. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის გაზრდაზეც იყო საუბარი.

 

ბოლო აკორდი ირანული კომპანიების მეირ ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონითა და ქუთაისისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით დაინტერესება იყო. მართალია ამ მხრივ რაიმე კონკრეტული არაფერი თქმულა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, როგორც ჩვევია, ირანელებიც პოტენციური ინვესტორების რიგში ჩაწერა და ახლა სულმოუთქმელად ელის სპარსულ კაპიტალს.

 

ირანული დელეგაცია, რომელიც 2 დღეა საქართველოს სტუმრობს, 20 წევრისაგან შედგება. დელეგაციაში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან. კერძო სექტორი ძირითადად წარმოდგენილია ელექტროსადგურების, წყალსაცავების, გზების, ავტობანების მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ავტომობილების წარმოების, ტურიზმის, სადაზღვევო კომპანიებისა და საბანკო სექტორის მიერ.

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოთაქის განცხადებით, ირანსა და საქართველოს წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, სავიზო რეჟიმის გაუქმება კი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.