რუსეთში თურმე მაგარ მოდაში ყოფილა ე.წ. ესკორტ-მომსახურება, რომელსაც კიდევ ასე უწოდებენ - "სწრაფი მეგობრობა ვარსკვლავთან". სოლიდური ჯილდოს საფასურად, შოუბიზნესის ცნობილი ვარსკვლავი თანახმაა, კლუბში ან რომელიმე ელიტურ ღონისძიებაზე თან ეახლოს ბიზნესმენს ან უბრალოდ, ფულიან კაცს.
გარდა იმისა, რომ ნებისმიერ ბომონდურ სიტუაციაში "თავისიანად" მიიღებენ, ბონუსის სახით კლიენტი იმასაც იღებს, რომ მეორე დღეს მთელი პრესა ილაპარაკებს მისი და ვარსკვლავის შესაძლო რომანზე, რაც მის წისქვილზე აშკარად ასხამს წყალს. რა ფასებია, არ გაინტერესებთ? ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მაგალითად, ჟანა ფრისკეს ესკორტად "აყვანა" დაახლოებით 15 ათასი დოლარი ღირდა. ამ თანხას, როგორც წესი, "დამქირავებელი" ვარსკვლავის აგენტს უხდის.
ჟანას ფული ისე აღარ სჭირდება, ან სახელს უფრთხილდება და მსგავს სამსახურზე უკვე უარს ამბობს, სამაგიეროდ, ახალგაზრდებმა "შეცვალეს" - ვიქტორია დაინეკომ და ჩვენებურმა ქეთა თოფურიამ. რა გაუჭირდა ქეთას ასეთი, მით უმეტეს, რომ ანაზღაურებაც კარგი აქვს და ბიზნესმენი საქმროც ჰყავს, ვერ გავიგე. ფაქტია, რომ "ლევად" ფულის შოვნის საშუალება იოლად გამოუძებნია.
საინტერესოა, რომ ამგვარი მომსახურების გამწევ ვარსკვლავსაც აქვს თავისი მოთხოვნები - სოლიდური თანხის გადახდის გარდა, მას ლუქს-კლასის ავტომობილი უნდა ჰყავდეს და ძვირად ღირებული კოსტიუმი ეცვას - ვარსკვლავი მის გვერდით რომ არ გაბანძდეს. დაცვასაც გადაუხადოს თანხა. სამაგიეროდ, ვარსკვლავი მას შოუბიზნესის კომპანიაში "შეიყვანს" და გასართობ ინდუსტრიაში საჭირო ხალხს გააცნობს. თურმე, შთამბეჭდავი ანგარიში ბანკში და კარგი ავტომანქანა არ არის საკმარისი, რომ ბომონდში მიგიღონ. ვინც ვარსკვლავებთან არ მეგობრობს, მისთვის ელიტური დონის ყველა დაწესებულების კარი როდია ღია.
აქამდე "ესკორტ-მომსახურებას" ძირითადად სამოდელო სააგენტოები სთავაზობდნენ კლიენტებს - ლამაზ-ლამაზ მოდელებს "აქირავებდნენ", თან რომ ხლებოდნენ ბიზნესმენებს და მხარი დაემშვენებინათ. როგორც ჩანს, ახლა მხოლოდ ეს საკმარისი აღარ არის. ქეთამაც აუღო ალღო სიახლეს და გამოიყენა. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით მასზე აშკარად დიდი მოთხოვნაა და პოპულარობის ყველა დივიდენდი უნდა მიიღოს. რამდენიმე დღის წინ ქეთა ყველაზე სექსუალურ რუს ქალბატონთა სიაშიც შეიყვანა მამაკაცების ჟურნალმა FHM-მა.