თამარ ივერი მოჭიდავე რაულ ცხადაძეს მიჰყვება ცოლად

თამარ ივერი მოჭიდავე რაულ ცხადაძეს მიჰყვება ცოლად

ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი (ჯავახიშვილი) თხოვდება. მისი მომავალი მეუღლე მოჭიდავე რაულ ცხადაძეა. იგი რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს და წარმატებული სპორტული კარიერის გარდა, წარმატებული ბიზნესიც აქვს, - ამის შესახებ გაზეთი "პრაიმ-ტაიმი" წერს.

გაზეთის ინფორმაციით, ჯვრისწერა ივლისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, თუმცა ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. წყვილი ამჟამად ვენაში ცხოვრობს, რამდენიმე დღეში ისინი საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ. თამარი უკვე იცნობს რაულის მშობლებს. რაულის დედა, ნანა გლურჯიძე იტალიაში ქველმოქმედებას ეწევა და იქაურ ქართველებსაც აქტიურად ეხმარება. ქორწილში თამარის მეგობრებისა და კოლეგების გარდა, მისი მამის, ცნობილი ბარიტონის, ავთანდილ ჯავახიშვილის მეგობრებიც იქნებიან.

თამარმა და რაულმა ერთმანეთი ორი წლის წინ საერთო მეგობრის წყალობით ვერონაში გაიცნეს და რომეო და ჯულიეტას ქალაქში მათი სიყვარულის ამბავიც დაიწყო. რაული თამარის სპექტაკლზე დასასწრებად ჩავიდა.

"რაული ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია. ძალიან მზრუნველია, არ ავიწყდება, რომ გკითხოს, რა გჭირდება, ან რა გინდა. თვალებით გრძნობს, თუ რამე გაწუხებს. მისთვის არ არის პრობლემა, რომ მეუღლეს საჭმელი გაუკეთოს, ან თუნდაც რაიმეს საყიდლად წავიდეს და ამოუტანოს. ქართველ კაცებს ხომ ის მომენტი აქვთ, რომ აქეთ უნდა ემსახურო, საჭმელი დაახვედრო და ა.შ. ამდენი ხანი ამის გამო არ გავთხოვდი და ქართველ კაცებს ვერიდებოდი. ამ ადამიანში დავინახე თვისება, რომ შეუძლია ქალს ელემენტარულად აგრძნობინოს, რომ ის ქალია", - ამბობს მომღერალი "პრაიმ-ტაიმთან" ინტერვიუში.

რაულ ცხადაძე 2004 წლის მსოფლიო ჩემპიონია ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში. საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ შეძლო. ცოტა ხნის წინ მან მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და იძულებულია, სპორტს დროებით ჩამოშორდეს.

თამარი და რაული თაფლობის თვის გატარებას ამერიკაში აპირებენ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ბათუმში ან ევროპის რომელიმე კურორტზეც დაისვენონ.