რინგოს 72 წელი შეუსრულდა

რინგოს 72 წელი შეუსრულდა

ორი დღის წინ, ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფი „The Beatles”-ის წევრი რინგო სტარი 72 წლის გახდა.

7 ივლისს, რინგო და მისი ჯგუფი „All-Starr Band” საგასტროლო ტურნეში, აშშ-ში იმყოფებოდა. მუსიკოსმა დაბადების დღე ქალაქ ნეშვილის „Ryman Auditorium”-ის საკონცერტო დარბაზში აღნიშნა.

საზეიმო კონცერტში ცნობილი მედოლის არაერთმა მეგობარმა მიიღო მონაწილეობა. სცენაზე ვინს გილი, გერი ბერი, ჯო უოლში, ბრედ პეისლი, კიკს ბრუქსი, ბრენდან ბენსონი, ფელიქს კავალიერი და რიჩარდ მარქსი ვიხილეთ.

შვიდი ივლისის დილით, რინგო სტარმა თავის თაყვანისმცემლებს სპეციალური გზავნილით მიმართა.

„დილა მშვიდობისა. რინგო კიდევ უფრო დაგიბერდათ და 72 წლის გახდა. ამჟამად ქალაქ ნეშვილში ვიმყოფები და საღამოს კონცერტისთვის ვემზადები. მას ჩემი მეგობრებიც დაესწრებიან და ადგილობრივ მელომანებს განსაკუთრებულ დღესასწაულს მოვუწყობთ.

ბოლო დღეების განმავლობაში მრავალი მილოცვა მივიღე. დავრწმუნდი რომ ხალხს უწინდებურად ვუყვარვარ. ბარათების დიდი ნაწილი ახალგაზრდებს ეკუთვნით. სასიამოვნოა, რომ „The Beatles”-ის კომპოზიციებს დღესაც აქტიურად უსმენენ. ამერიკიდან დიდ მოკითხვას გითვლით და დაბადების დღის მილოცვისთვის ყველა თქვენთაგანს განსაკუთრებულ მადლობას გადმოგცემთ.“