მწერალმა რევაზ მიშველაძემ დისერტაცია რომ დაიცვა, ბანკეტი გადაიხადა. ნოდარ დუმბაძე თამადობდა.
ზუგდიდელმა მეგობრებმა მწერალს შემწვარი ვაცი ჩამოუტანეს. ორიგინალურად იყო შემწვარი - ფეხებზე იდგა. სუფრაზე რომ დადგეს, შეზარხოშებული სტუმრები აღფრთოვანდნენ.
მიშველაძემაც - ჯიხვიაო, საზეიმოდ გამოაცხადა. ნოდარ დუმბაძემ მოხერხებულად ჩამოაჭრა “ჯიხვს”ხორცი და ჩამოარიგა. გაჭრა მიშველაძის ტყუილმა.
ქეიფის დასასრულს ნოდარ დუმბაძემ იხმო, მხარზე ხელი გადაადო და უჩურჩულა:
- ისე, ტყუილებს ბავშვობიდან ნუ მიეჩვევი, მიშველაძე, თვარა სადოქტორომდე მისვლა გაგიჭირდება. ჯიხვები ჩვენ ვართ, აი თხა ჯიხვად რომ მოგვასაღეო.
მაშინ “ჯიხვს” მოტყუებულს, უცოდინარს, “ღრმა პროვინციალს” ეძახდნენ.