ქალბატონი მედეა ჩახავა ამ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებდა:
„მიხეილ თუმანიშვილი დგამდა სპექტაკლს “როცა ასეთი სიყვარულია”. მე ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ქალის როლს ვთამაშობ. ეპიზოდს ვერ მოვერგე, რაღაც არ გამომდიოდა.
”მედეა, - მირჩია ბატონმა მიშამ, - წადი ახლა, სადაც გინდა, ტლაპო მოძებნე, გადაგორდი ტანსაცმლიანად იმ ტლაპოში, ამოიგანგლე კარგად და როცა ამოხვალ იქიდან, აი ის განწყობილება დაიმახსოვრე, გაითავისე და გამოიტანე სცენაზე”.
მაშინ ბარნოვზე ვცხოვრობდი. სახლის ეზოში ისეთი ტალახი იყო, ტრაქტორს უჭირდა გავლა. გავათბე წყალი, მოვამზადე აბაზანა, გამოვედი ეზოში, გავშალე ხელები და გავითხლაშე ტლაპოში ტანსაცმლიანად. კორპუსის წინ მაღაზია იყო, სადაც მტვირთავად ქურთი აზიზა მუშაობდა. დამინახა აზიზამ და მორთო ყვირილი:
”ვაიმეეე, ცოცხალი, ტანსაცმლიანი ქალი ტალახში იხრჩობა!!!” - თან თავის ტანსაცმელს იხდის, რათა საშველად გადმოხტეს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს. ”ვააიი! - მოუმატა ყვირილს, - ცოცხალი ქალი ტლაპოში ჩაწვა და ისე იხრჩობააა!”
მოგროვდა ხალხი, თვალებს არ უჯერებენ, ამასობაში ერთმა სარეცხის თოკიც მოარბენინა. კარგად რომ ამოვიგანგლე და ვიჯერე გული, ნელ-ნელა ავდექი და წავლასლასდი ჩემი ბინისკენ. თან უშველებელი ოთხკუთხა ჩემოდანი მიჭირავს ( ასე იყო ნაბრძანები ), ის ქურთი ყარაული კი ხალხს არწმუნებდა, მე გადავარჩინეო”.