ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე სამშობლოსთან 6-თვიანი განშორების შემდეგ კვლავ შინ დაბრუნდა - ისევე როგორც ბევრი ქართველი მომღერალი, ისიც იძულებული შეიქნა, ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ გადახვეწილიყო, რადგან არც სამთავრობო კონცერტებზე იწვევენ და არც ხელისუფლების ე.წ. კარის მომღერალთა რიგებში ირიცხება. არც არის გასაკვირი, ის ხომ ოპოზიციის საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა...
- 6 თვის განმავლობაში ჯერ ჰოლანდიაში ვიმყოფებოდი, შემდეგ საბერძნეთში. სალონიკში ქართველი ემიგრანტებისთვის სოლო კონცერტი გავმართე, გარდა ამისა, რაღაც საქმე წამოვიწყე და ცოტა ხნით იქ მომიწევს ყოფნა.
- ჰოლანდიაში რას საქმიანობთ?
- იქ ჩემი მეუღლის ძმას, მერაბ ჟორდანიას (ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" პრეზიდენტი - ნ.მ.) ვეხმარები.
- ცოლ-შვილი, ხათუნა და ანასტასიაც გახლდა?
- ანასტასია თბილისში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში დადის. ხათუნა კი ხან საბერძნეთშია, ხან - საქართველოში და ხანაც - ჰოლანდიაში... მალე ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი წევრი გურამიკო ლომიძე ამერიკიდან ჩამოვა და, ვიდრე თბილისში ვართ, ერთ კლუბურ კონცერტსაც გავმართავთ. "ქუჩის ბიჭებმა" ორ ახალ სიმღერაზე კლიპებიც გადავიღეთ, მაგრამ ეს ამბავი არავინ იცის, რადგან საქართველოში მუსიკალური ტელევიზია არ არსებობს. არის "მიუზიკ ბოქსი", რომლის ეთერშიც მხოლოდ უცხოური კლიპები ტრიალებს, ტელეკომპანია "პირველ სტერეოს" კი რაც დამართეს, ყველამ იცის.
- საქართველოში მომღერლებს კლიპის გადაღების ან სიმღერის ჩაწერის ხალისი აღარ აქვთ, ფულის უაზრო ფლანგვად მიაჩნიათ.
- ეს სიმართლეა, მაგრამ ისე მიყვარს ეს საქმე, წელიწადში ორჯერ კონცერტი რომ არ გავმართო, ალბათ, მოვკვდები. სცენა სიცოცხლის სტიმულს მაძლევს. 15 წელია სცენაზე ვდგავარ და მიჭირს მის გარეშე ცხოვრება. მენატრება ძველი დრო, მენატრება კონცერტები და მომავლის იმედი მაქვს. პოპ-კულტურას სჭირდება ტელევიზია, რომელიც არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული. სად უნდა დაატრიალო კლიპი? დღეს სიმღერის პრემიერისთვის ერთადერთი გადაცემა არის მხოლოდ "პროფილი". შესაძლოა, ეს ყველაფერი ხელოვნურად არის შემნილი. თუმცა ამის მარცვალი დიდი ხნის წინ ჩაიდო, როდესაც შოუბიზნესის სფეროში თავი წამოყვეს ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც სურდათ, მათზე პოპულარული არავინ ყოფილიყო. დაიწყეს ერთმანეთის ჩაძირვა და ასეთმა ქიშპობამ დაანგრია შოუბიზნესი...
- კონცერტზე ბოლოს როდის მიგიწვიეს?
- არც მახსოვს. მიზეზი კი ყველამ კარგად იცის. სხვათა შორის, ჩვენი ჯგუფის წევრებს არასდროს გვიმღერია ვინმეს საამებლად. დიახ, ამას თამამად ვამბობ, "ქუჩის ბიჭები" დამოუკიდებელი ჯგუფია და იქნება კიდეც. მართალია, 8-წლიანი ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ჩვენი დროც დადგება. მწამს, მოვა დრო, როდესაც ქართველი ხალხი მუსიკისთვისაც მოიცლის და ჩვენც, თავისუფალი მომღერლები, სათქმელს ვიტყით.
- ხომ არ აპირებთ პოლიტიკურ პროცესებში კვლავ ჩართვას?
- ყოველთვის მაქვს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია და ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, ქართველ ხალხს ვუღალატო. საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვის არასდროს შემეშინდება. ამიტომაც ვგრძნობ საზოგადოების დიდ სიყვარულს, რასაც არანაირ თანამდებობაზე არ გავცვლი. თუმცა ჯერჯერობით პოლიტიკაში ზედმეტად ჩართვასაც არ ვაპირებ, რადგან მქონდა იმედგაცრუება. ყველა წავიდ-წამოვიდა და მე საკუთარ ზურგზე ვიწვნიე დარტყმა... მინდა, საქართველო ღირსეული ქვეყანა იყოს და არა ისეთი, როგორიც დღეს არის - როცა ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას შეიტყობენ, რომ ქართველი ხარ, გვერდით გაგიყვანენ და პასპორტს გიმოწმებენ, ყალბია თუ არა, ლეგალურად გადიხარ ქვეყნიდან თუ დარღვევები გაქვს.
- თუ ყოფილხართ ასეთ მდგომარეობაში?
- საბედნიეროდ, არა. ვინაიდან დიდი ბებია ბერძენი მყავდა, ბერძნებმა უამრავი პრივილეგია მომანიჭეს, ევროპაში თავისუფლად რომ ვიმოძრაო. სხვათა შორის, საბერძნეთთან შედარებით ბევრ საკითხში წინ ვართ, მაგრამ იქ სიტყვის თავისუფლება უზენაესია. ნებისმიერ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო სამსახურშია თუ კერძო სტრუქტურაში, თუ არ მოსწონს ხელისუფლება, ხმამაღლა ამბობს და ამის გამო სამსახურიდან არ ათავისუფლებენ. არჩევნების გაყალბებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! სწორედ ამას უნდა მივაღწიოთ და მერე ნამდვილად გვეშველება.