რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არის ცინიზმით გაჟღენთილი და შეიცავს პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ყოველთვის იყენებენ

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არის ცინიზმით გაჟღენთილი და შეიცავს პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ყოველთვის იყენებენ

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არის ცინიზმით გაჟღენთილი და შეიცავს პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელსაც, როგორც აგრესორი ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ ყოველთვის იყენებს, - ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას. მისი თქმით, რუსეთი ამბობს, რომ კონფლიქტი არის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური და თვითონ არაფერი შეხება არ აქვთ.

”რუსეთის განცხადება არის ცინიზმით გაჟღენთილი და შეიცავს პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელსაც, როგორც აგრესორი ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ ყოველთვის იყენებს. ისინი ამბობენ, თითქოს კონფლიქტი არის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური და თვითონ არაფერი შეხება არ აქვთ. ეს რა თქმა უნდა ტყუილია, რადგან კონფლიქტი არის რუსეთ-საქართველოს შორის და რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ეს იყო არასწორი განცხადება, გაუგებარი იყო რას ემსახურებოდა და შეიცავდა იმ გზავნილებს, რომელიც რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არ არსებობს უსაფრთხოების სტრატეგია”, - აცხადებს სიხარულიძე. 

მისივე თქმით, განცხადებები ჟენევის ფორმატის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომასთან დაკავშირებით სრულიად გაუგებარია. 

”ჟენევის ფორმატი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთადერთი სწორი ფორმატი. ეს ფორმატი არის რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების ფორმატი, სადაც მონაწილეობს ოთხი მედიატორი - აშშ, ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ეს ფორმატი ყველაზე სწორად ასახავს კონფლიქტის არსს, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობს. გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო განცხადების გაკეთების გარეშე, რათა ჟენევის ფორმატის დონემ აიწიოს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ ამ ფორმატის შესანარჩუნებლად. 
ამ ყველაფერს ვერ ვიტყვი აბაშიძე-კარასინის ფორმატზე. მას აქვს ორი ძირითადი ხარვეზი. პირველი ეს არის ინსტიტუციური ფორმატი. რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს, საქართველოდან კი საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოდგენილი არ არის. ეს ფორმატი აუცილებლად უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიგნით არსებული. ბუნდოვანია მოლაპარაკებების მანდატიც. მთლიანობაში, კარასინი-აბაშიძის ფორმატი უფრო მეტად პრობლემატურია, ვიდრე რაიმე სიკეთე მოიტანა ჩვენთვის”, - აღნიშნა სიხარულიძემ. 

რაც შეეხება დიალოგს, მისი თქმით, პირდაპირი დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან შეუძლებელია სწორედ იმის გამო, რომ რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას და ფაქტობრივ მმართველობას ოკუპირებული რეგიონების. 

”ძირითადი საკითხი არის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. პირდაპირი დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან შეუძლებელია სწორედ იმის გამო, რომ რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას და ფაქტობრივ მმართველობას ოკუპირებული რეგიონების. ამ ვითარებაში, ძალიან რთულია ვისაუბროთ კომპონენტზე, როგორიც არის პირდაპირი დიალოგი. სამწუხაროდ, რუსეთი ხშირ შემთხვევაში პირდაპირი დიალოგის თემას იყენებს ისე, რომ თითქოს ის არ ახორციელებს კონტროლს და არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი ამბობს, რომ აი, დიახ, თქვენი პრობლემაა, რომ არ ესაუბრებითო, თითქოს ვინმემ ოდესმე სადმე უარი თქვა ამაზე. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ფრთხილად და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ უნდა მივაყენოთ ზიანი”, - აღნიშნა სიხარულიძემ.