საქართველოს არავინ არაფერს მისცემს თუ ეს ქვეყანამ არ მოითხოვა, საქართველოს ნატო-ში ძალით არავინ შეიყვანს

საქართველოს არავინ არაფერს მისცემს თუ ეს ქვეყანამ არ მოითხოვა, საქართველოს ნატო-ში ძალით არავინ შეიყვანს

საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ ეს არ მოითხოვეთ, ამ ქვეყანას ნატო-ში ძალით არავინ შეიყვანს, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მარკ სიმაკოვსკიმ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას მკვლევარმა აღნიშნა, პარადოქსულია ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს, უკრაინის და სხვა რამდენიმე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაიზარდა.

“ამერიკის ადმინისტრაციის რამდენიმე წამყვანმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის განცხადებები გააკეთა. პარადოქსულია ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს, უკრაინის და სხვა რამდენიმე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაიზარდა. „ჯაველინების“ მიყიდვა იმის დასტურია, რომ ვაშინგტონში რუსეთის პერიფერიებთან მდებარე ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ფიქრობენ. თბილისმა უნდა გააგრძელოს ვაშინგტონთან კომუნიკაცია და იმის უწყვეტად ჩვენება, რომ საქართველო შეერთებული შტატების ყურადღებას იმსახურებს და რომ ქვეყნის მხარდაჭერა ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის“, - განაცხადა სიმაკოვსკიმ.

რაც შეეხება საქართველოს სწრაფვას დასავლეთისკენ, მკვლევარი აცხადებს, რომ საკუთარი მომავლის და ორიენტაციის არჩევა საქართველოს მოქალაქეების სუვერენული უფლებაა. 

„ამერიკა საქართველოს გვერდით ედგა მაშინაც, როცა საქართველო არც ნატო-ში და არც ევროკავშირში გაწევრიანებით იყო დაინტერესებული და ამერიკა საქართველოსთან პარტნიორობას დღემდე ინარჩუნებს. მეორე საკითხია ის თუ რა არის დასავლეთის ალტერნატივა? რუსეთის რევანშისტული მოქმედებები და იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც რუსეთთან არიან დაახლოებული ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მოკავშირე საქართველოს. მეორე მხრივ კი, თითქმის ყველა წარმატებული ევროპული ქვეყანა ნატო-ს წევრია. დასავლეთთან ინტეგრაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ამერიკას კი პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს“, - აღნიშნა მან.

მარკ სიმაკოვსკის შეფასებით, დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმმა ტრადიციულად დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოიმატა და იგივე ხდება შეერთებულ შტატებშიც.

“საქართველოს არავინ არაფერს მისცემს თუ ეს საქართველომ არ მოითხოვა. საქართველოს ნატო-ში ძალით არავინ შეიყვანს. ყველა ქვეყანამ, რომელიც ალიანსის წევრი გახდა, წინსვლა და განვითარება აჩვენა. ცხადია, ნატო-ს გაფართოება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის ალიანსის სტრატეგიულ გათვლებზე დაყრდნობით მიიღება. საქართველოს მოთმინება სჭირდება, რადგან ეს პროცესი სწრაფად არ მთავრდება. 1991 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ნატოში 29 წევრი იქნებოდა. ნატო-ს გაფართოება ციკლურად ხდება და ვფიქრობ, თუ საქართველო რეფორმების კურსს გააგრძელებს, ნატო-ში გაწევრიანებისთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდი აუცილებლად დადგება. გარდა ამისა, რეფორმების კურსი არა მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, არამედ საქართველოს საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობისთვის უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა მკვლევარმა.