2009 წელთან შედარებით იმ ქალების რაოდენობა, ვინც მიიჩნევდა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა მათი პირადი საქმეა, 50%-ით შემცირდა, - ამის შესახებ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ერიკა კვაპილოვამ, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის ძირითადი მიგნებების პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თაობაზე კვლევა 2009 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და 2017 წელს ჩატარებული კვლევა რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, 2009 წლიდან მოყოლებული ორგანიზაციას ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ მონაცემებზე ინფორმაცია პრაქტიკულად არ ჰქონდა.
"ამ კვლევაში მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორი აღქმები ჰქონდა საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად ქალების 80% თვლიდა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა მათი პირადი საქმეა. დღეს ეს მდგომარეობა შეცვლილია და ასე დღესდღეობით მხოლოდ 30% ფიქრობს. მნიშვნელოვანი ცვლილება ფიქსირდება ამ კვლევაში სამართალდამცავთა მიმართ ნდობის კუთხით. გაზრდილია ნდობა სამართალდამცველების მიმართ. ამ კვლევის მიხედვით ასევე დგინდება, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ და ამისათვის მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რადგან მათ იზრუნეს ინფორმირებულობის ამაღლებისთვის. ამ კვლევაში ასევე ვლინდება თუ რამდენად სენსიტიურად ეპყრობა ამ საკითხს ახალგაზრდა თაობა", - განაცხადა ერიკა კვაპილოვამ.