პრეზიდენტი, როგორც ოპოზიციონერი ლიდერი ისე ევლინება ქვეყანას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია

პრეზიდენტი, როგორც ოპოზიციონერი ლიდერი ისე ევლინება ქვეყანას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ღალატობს მის მიერ უკვე დიდი ხნის წინ არჩეულ ოპოზიციურ დღის წესრიგს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს ხელს არ აწერს.

“როდესაც პრეზიდენტი ხელს არ აწერს კანონპროექტს, შესაბამისად, კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს კანონს და ის გამოქვეყნდება მაცნეში. ამით არაფერი იცვლება. კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პრეზიდენტის სულისკვეთება, რომ ის ფაქტობრივად, როგორც ოპოზიციონერი ლიდერი ისე ევლინება ქვეყანას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამის შესაძლებლობა იყო და ფაქტია, რომ პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ გადადგა.

"ეს ხელს ვერ შეუშლის იმ ძალიან ჯანსაღ და კარგ რეგულაციებს, რომელიც ამ კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ეს იქნება ზოგადად მედიასივრცის გაჯანსაღებისკენ მიმართული ნაბიჯი. ეს არ არის მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერა, ეს არის ზოგადად მედიასივრცის მხარდაჭერა", - განაცხადა მათიკაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, მედიაორგანიზაციების პოზიცია, რომლებიც ამ კანონს ეწინააღმდეგებიან, არ ემთხვევა საერთაშორისო პრაქტიკას, საზოგადოებრივი მაუწყებლების ევროპული გაერთიანების რეკომენდაციას, სადაც ცალსახადაა მითითებული ის, რომ ამ კანონმდებლობით დაგეგმილი ცვლილებები აბსოლუტურად შესაბამისობაში და თანხვედრაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან.