არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან უნდა მივიღოთ მაგალითი, რომ რუსეთთან ე.წ. ურთიერთობის დათბობა, ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა და მათთვის დითირამბების მიძღვნა არის არაგონივრული ნაბიჯი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
კახიძის თქმით, საქართველო ამის შემდეგ უნდა იყოს იმაზე ხმამაღალი, მკვეთრი, პრინციპული და მომთხოვნი, ვიდრე აქამდე იყო.
"ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს. ხელისუფლებამ უნდა გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რათა მაქსიმალური მობილიზება მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების, რომ დროულად იქნას უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქის ცხედრის გადმოცემა. ოჯახს დროულად უნდა მიეცეს საშუალება, რომ ჩატარდეს შესაბამისი სამხედრო წესით ჩვენი ჯარისკაცის დაკრძალვა. აქედან უნდა გამოვიტანოთ მაგალითი, რომ რუსეთთან ე.წ.ურთიერთობის დათბობა, ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა და მათთვის დითირამბების მიძღვნა არის არაგონივრული ნაბიჯი. რუსეთთან საჭიროა პრინციპული პოზიციის დაჭერა, აუცილებელია, რომ საქართველოს საკითხი იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების საგანი, ჩვენ იმაზე მეტად ხმამაღალი, მკვეთრი და მომთხოვნი უნდა ვიყოთ, ვიდრე აქამდე“, - განაცხადა ოთო კახიძემ.
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.